არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონს" შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "სიონსა" და ვარლამ კილასონიას შორის კონტრაქტი გაწყდა, ბოლნისური კლუბი აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა არმაზ ჯელაძემ ჩაიბარა.

რა თქმა უნდა, სეზონის დასკვნით ნაწილში მწვრთნელის შეცვლა იოლი არ არის, მაგრამ 42 წლის ჯელაძე შინაური კაცია "სიონში". აქვს მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც. ვარლამ კილასონიას გარდა, სხვადასხვა დროს ოთარ კორღალიძესთან, თორნიკე მაისურაძესა და თემურ მახარაძესთან უმუშავია. იყო "სიონის" მთავარი მწვრთნელიც...

ახლა "სიონი" საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. ამას გარდა, ბოლნისელები ითამაშებენ თასის ნახევარფინალში, სადაც მათი მეტოქე პირველლიგელი "ვიტ ჯორჯია" იქნება...

- რა იქნება "სიონის" მიზანი სეზონის დარჩენილ ნაწილში?

- ცოტა შორიდან დავიწყებ. ჯერ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ვარლამ კილასონიას. მე მისი ასისტენტი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რამდენი გააკეთა "სიონისთვის". საერთოდ, მწვრთნელად ჩემ ჩამოყალიბებაში კილასონიას უდიდესი წვლილი მიუძღვის...

ვფიქრობ, არ გამიჭირდება ადაპტაცია, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რა და როგორ არის "სიონში". ვიცი, რით ცხოვრობს და სუნთქავს თითოეული ფეხბურთელი. ვეცდები, ჩემი მუშაობა იყოს წარმატებული.

- გუნდი ახლოსაა ევროსაგზურის მოპოვებასთან...
- ნებისმიერ მწვრთნელსა და ნებისმიერ გუნდს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ამბიცია, ოღონდ ეს ამბიცია უნდა იყოს რეალურ შესაძლებლობებზე დამყარებული. მიმაჩნია, რომ ჩვენს გუნდს შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება.

- სეზონი ფინიშის სწორს უახლოვდება და, ალბათ, "სიონში" არ იქნება დიდი ცვლილებები...
- არა, ნამდვილად არ იქნება განსაკუთრებული ცვლილებები. ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო მატჩები გველის როგორც თასზე, ისე ჩემპიონატში. გრაფიკი ძალიან მჭიდროა და მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა შევხვდეთ თითოეულ თამაშს. ახლა მთავარია ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის მობილიზება. უნდა შევძლოთ და ღირსეულად გავიაროთ ის დისტანცია, რომელიც სეზონის ბოლომდეა დარჩენილი.

- როგორ ფიქრობთ, რა კომპონენტში უნდა მოუმატოს აუცილებლად "სიონმა"?
- თუ ავიღებთ დაცვის ხაზის თამაშს, თუნდაც სტატისტიკურად, ვნახავთ, რომ აქ არ არის საგანგაშო ვითარება. ბოლო 9 თამაშში ჩვენ 6 გოლი გავუშვით და, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. აი, რაც შეეხება საგოლე მომენტების გამოყენებას, ამაზე კი მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ძალიან ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ ხშირად ვერ ვიყენებთ. ვეცდებით, ამ კომპონენტში აუცილებლად გამოვსწორდეთ.

- ფაქტია, ძალიან რთულ დროს მიხვედით "სიონში"...
- მართალი ხართ... გადატვირთულია კალენდარი, ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში, აქეთ სათასო ბატალიებია... ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მწვრთნელი გამოწვევას არ უნდა შეუშინდეს.

- კონტრაქტი წლის ბოლომდე მოქმედებს?
- კი, წლის ბოლომდეა. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, მთავარია, კონკრეტული ამოცანები გადაიჭრას. მორჩება სეზონი, დავსხდებით და ყველაფერს ერთად გადავწყვეტთ. ყოველთვის ასეა - მწვრთნელის ბედი მისი გუნდის შედეგებზეა დამოკიდებული.

- საინტერესოა, რომელმა მწვრთნელმა დაამჩნია ყველაზე დიდი კვალი თქვენს კარიერას?
- თავის დროზე, ყველასთვის უცნობი ბიჭი რევაზ ძოძუაშვილმა აღმომაჩინა. მისი ხელშეწყობით ვითამაშე ის ფეხბურთი, რაც ვითამაშე. წავედი საქართველოდან, ვითამაშე ლატვიის ჩემპიონატში... მაშინ ლატვიის ჩემპიონატი შეიძლება არ ითვლებოდა მაღალი დონის პირველობად, მაგრამ წინსვლა და პროგრესი შესაძლებელი იყო. აღარაფერს ვამბობ საქართველოს მაშინდელ ჩემპიონატზე, სადაც მართლაც რომ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები თამაშობდნენ...

არ შეიძლება, არ ვახსენო წარსულში ცნობილი ბელორუსი ფეხბურთელი, საბჭოთა ნაკრების წევრი, მერე კი ასევე შესანიშნავი მწვრთნელი - სერგეი ბოროვსკი. მასთან დღემდე ვინარჩუნებ მჭიდრო კონტაქტს. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან...

და საერთოდ, ყველა სპეციალისტისგან, ვისთანაც ვიმუშავე, ვცდილობდი, რაღაც მესწავლა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე.

- დაბოლოს, რას ეტყოდით "სიონის" ერთგულ გულშემატკივარს?
- ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ მხარდაჭერასა და სიყვარულს, გასვლით მატჩებშიც კი. მე მათ კარგად ვიცნობ. ძალიან მომთხოვნი და ობიექტურია ჩვენი გულშემატკივარი. შესანიშნავად ერკვევა საფეხბურთო ნიუანსებში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავახაროთ.

მინდა, მივმართო მათ - ძველებურად გააგრძელონ გუნდის მხარდაჭერა. ახლა "სიონს" ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი უდგას. ჩვენ მათთან ერთად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვებები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოპოვება კიარა ჯგუფურზე გადით ჯგუფურზე ერთხელ მაინც გამახარრეთ))))
_svani_
18:46 14-04-2016
0
ბოღმა მახხჩობს და დღემდე ვერ მომინელებია როგორ ხახვივით შერჩა "დინამოს' და ვადაჭკორიას " ტორპედოს" კარში დანიშნული პენალტი ქუთაისლებს ამ ფაქტისთვის 2 დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი საკმაოდ სოლიდური ჯარიმებით "დინამოს" საჩუქრად 3 ქულა ფეხბურტელებს თითეულს 1500 ლარიანი პრემიები ამ "უშეღავათო" მატჩის მოგებისთვის, ხოლო ვადაჭკორას ვითომ დისკვალიფიცირებულს სულ რაღაც სამ დღეში "საჩუქრად" პირველი ლიგის მატჩის "ლიახვი" - ",მაჭახელას " მსაჯობა ეს არის ფედერაცია ესაა გამოსწორდა ყველაფერიო თუ ვადაჭკორია დამნაშავე იყო შეცდა , როგორც ბატონმა ლევან მიქელაძემ ბრაძანა და დაისაჯა(რაც ვგონებ სასაცილოა!!!) მაშინ "ტორპედოს" ფეხბურთელები , რომლებიც ამ ფაქტისთვის დაისაჯნენ და 100 პროცენტით დარწმუნებულნი იყვნენ რომ მათ კარში მოგონილი პენალი დაინიაშნა რატომ არ იქნენ შეწყალებულნი საინტერესოა და რატომ დარჩათ იგივე სასჯელები ესე იგი რა გამოდის ყველაფერ ამას მსაჯები შეგნებულად სჩადიან მაინც იციან მათ არავინ დასჯით პირიქიტ ასაჩუქრებენ კიდევაც( ზურგს უკან კიდევ ვინ იცის როგორ?) 3 დღეში მატჩის მსაჯობას საშუალებას აძლევენ და გუნდებიდან კი ფული შედით ჯარიმებიდან აი მალადეც კობიაშვილო მშვენიერი ტაქტიკა აგირჩევით თვალი გაახილეთ და მსაჯთა კორპუსს მიხედეთ როგროც უნდათ ისე რომ უბერავენ და აღმასკომი ხომ საერთოდ სასცილო გადაწყვეტილებებს იღებს სანამ იქ იაშვილი იქნება 'დინამოს" სააწინააღდეგო გადაწყვეტილება არასდროს იქნება გამოტანილი ერთი ყვითელი ბარათისთვის მთელი ტაიმი სდია ვადაჭკორიას ეს რა გამიბედეო და ფედრაციაში რაებს ჩაატარებს ხომ წარმოსადგენია
kukuta
09:41 15-04-2016
0

სიახლეები პოპულარული