უმაღლესი ლიგა. XXV ტურის წინ: ჩემპიონის და სამართლიანი თამაშის მოლოდინი

AutoSharing Option
ამ ტურში რამდენიმე ისეთი მატჩია, სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა რომ უნდა ჰქონდეს; თუმცა, მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, საჩემპიონო მოლოდინია: მოვლენათა შესაძლო განვითარების შემთხვევაში, სწორედ ამ უქმეებზე (უფრო ზუსტად, კვირას) გაირკვევა ახლი ჩემპიონის ვინაობა!

ისე, თბილისის "დინამოს" მოსალოდნელი ტრიუმფი, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ერთადერთი "ინტრიგა" მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორიღა უნდა იყოს; ამ ტურში გახდება "დინამო" საქართველოს ჩემპიონი თუ მომდევნოში, აი, ესღაა საკითხავი...

და რა მოვლენათა შესაძლო განვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი "დინამოს" მორიგ საჩემპიონო ზეიმს?

ამისათვის აუცილებელია, რომ "დინამომ"
3 ქულა მოიპოვოს, ხოლო უახლოესმა მდევრებმა ("სამტრედიამ" და "დილამ") კი თავიანთი მატჩები ვერ მოიგონ. ისე, ჩვენი აზრით, ნაკლებად სავარაუდოდ გვეჩვენება, ყველაფერი სწორედ ასე რომ მოხდეს: "სამტრედიასაც" და "დილასაც" უმოტივაციო მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება, მაშინ, როცა "დინამოს" ბევრად უფრო სერიოზული მოწინააღმდეგე ელოდება...

...ამ ტურშიც და, საერთოდაც, ჩემპიონატის ფინიშისაკენ მეტად აქტუალური იქნება მოტივაციის თემა; უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, "სამართლიანი თამაშის " პრინციპების დაცვა უნდა იყოს აქტუალური და იმედი დავიტოვოთ, რომ ამა თუ იმ მატჩზე მისული გულშემატკივარიც მოედანზე ფეხბურთს იხილავს და არა - უნიჭოდ დადგმულ "საფეხბურთო მასხარაობას".

ისე, სხვანაირად რომ ვთქვათ, ვერც იმ უმოტივაციო გუნდებს გაემტყუნებათ, სატურნირო თვალსაზრისით რომ აღარაფერი აინტერესებთ, რაღა უნდა "შეაკლას" თავი ყველანაირად მოტივირებულ მეტოქეს?! მაგრამ არა უშავს, როგორმე უნდა ყველამ მოვითმინოთ და 16-გუნდიანი ჩემპიონატის დასრულებას დაველოდოთ...

და, რაღა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდა ძალიან დიდი შეცდომა იყო და ამის დასტურად, ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, "დასაშვებზე" ბევრად მეტი უმოტივაციო მატჩებიც გამოდგება, რომლებიც წინა სეზონშიც ბლომად იყო, მიმდინარე სეზონში კი ჯერ ყველაფერი წინ გველოდება...

15.04. თბილისი. "მიხეილ მესხი". 19:00
ლოკომოტივი-მერანი
ურთიერთშეხვედრები
1: +0=0 -1, 0-3
პირველი წრე 3:0

სამდღიანი ტური ამ მატჩით გაიხსნება და საინტერესოა, შეძლებს თუ არა "ლოკომოტივი" ზედიზედ მეორე მატჩის მოგებას, რაც, ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია უნდა აღმოჩნდეს.

აი, "მერანს" კი ამ შეხვედრაში წაგება სატურნირო მდგომარეობას სერიოზულად გაურთულებს.

16.04. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 16:00
სიონი-დინამო (ბთ)
ურთიერთშეხვედრები
39: +13 =10 -16, 37-47
დისკვალიფიკაცია: ალექსანდრე გოგობერიშვილი, ლაშა გვალია (ორივე სიონი) - ნიკოლა კომაზეცი (დინამო)
პირველი წრე 5:3

ამ ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი იმითაც არის საინტერესო, რომ ორივე გუნდს ახალი მწვრთნელები გაიყვანენ მოედანზე - არმაზ ჯელაძე ("სიონი") და ლევან ხომერიკი ("დინამო").

ამას გარდა, აუცილებლად გასათვალისწინებელია სატურნირო მოტივაციაც: მასპინძლებს ხომ ჩემპიონატიდანაც შეუძლიათ ევროტურნირების საგზურის მოპოვება და თასიდანაც, თანაც, პირველი ნახევარფინალური მატჩი ბოლნისელებს ოთხ დღეში ელოდებათ.

აი, ტრავმებმოძალებული ბათუმის "დინამო" კი უსიამოვნო სერიის (ზედიზედ ოთხი წაგება) შეწყვეტასაც შეეცდება და პირველ წრეში "სიონთან" საშინაო მატჩში განცდილი მარცხისათვის რევანშსაც.

16.04. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00
ჩიხურა-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
13: +1=3 -9, 9-37
პირველი წრე 0:2

წინა სეზონი იყო, "ჩიხურამ" პირველად რომ შეძლო ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის დამარცხება (ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებს ვგულისხმობთ - გ.ტ.) და ეს მხოლოდ მე-11 ცდაზე მოახერხა, როცა თორნიკე მუმლაძის ერთადერთი გოლით მოიგო. მანამდე და მას მერე კი "დინამოს" პრობლემა არასდროს ჰქონია და გამონაკლისი არც პირველი წრე იყო, როცა ოთარ კიტეიშვილის დუბლით მოიგო.

"დინამოსთვის" ამ მატჩს თუ რა მნიშვნელობა აქვს, ამაზე უკვე ზემოთ ვისაუბრეთ.

თუმცა, "ჩიხურასაც" არანაკლები მოტივაცია ექნება: სოსო ფრუიძის გუნდი ხომ ევროტურნირების საგზურისათვის იბრძვის.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ამ წყვილთან დაკავშირებით: ეს ორი გუნდი 20 აპრილს კიდევ დაუპირისპირდება ერთმანეთს, ოღონდ ამჯერად საქართველოს თასის ნახევარფინალში!

ჰოდა, ერთსა და იმავე გუნდთან ოთხი დღის ინტერვალში ორი მატჩის ჩატარება როგორი საქმეა?!.

17.04. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
შუქურა-დილა
ურთიერთშეხვედრები
3: +2 =0 -1, 8-6
დისკვალიფიკაცია: აზამატ ჯიოევი (შუქურა) - თეიმურაზ ღონღაძე (დილა)
პირველი წრე 3:1

"შუქურას" უმაღლეს ლიგაში დარჩენა, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს, "დილას" კი ზედა სამეულში ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროება და უჩა სოსიაშვილის გუნდს ამ გამარჯვების მოპოვება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.

17.04. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 16:00
საპოვნელა-ზუგდიდი
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 1-2
პირველი წრე 1:2

სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ეს მატჩი ძალიან ბევრს უნდა წყვეტდეს: აუტსაიდერთა დაპირისპირებაში დამარცხებულ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩება...

17.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 16:00
სამტრედია-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
11: +4 =3 -4, 12-12
დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (ცხინვალი)
პირველი წრე 0:1

წინა ტურში "სამტრედიის" მართლაც შთამბეჭდავი სერია შეწყდა და გია ცეცაძის გუნდიც ამ საშინაო მატჩში შეეცდება ახალი სერიის დაწყებას.

თუმცა, პრობლემებმოძალებული "ცხინვალისგან" განსხვავებით, მომდევნო ტურებში "სამტრედიას" ერთიმეორეზე რთული მეტოქეები ჰყავს...

17.04. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 16:00
გურია-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
28: +8 =3 -17, 35-61
დისკვალიფიკაცია: გია ჩადუნელი (გურია) - ბაქარ მირცხულავა, ვანო წილოსანი (ორივე - ტორპედო)
პირველი წრე 1:2

ძველი მეტოქეების დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს და გამონაკლისი არც პირველი წრის მატჩი იყო, როცა "ტორპედომ" მეორე ტაიმში "შემოატრიალა" თამაში.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ამ შეხვედრაში, სადაც, მეტოქისგან განსხვავებით, მასპინძლები ნამდვილად არ უნდა უჩიოდნენ მოტივაციის ნაკლებობას.

17.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 16:00
საბურთალო-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
1: +0=0 -1, 0-1
დისკვალიფიკაცია: გიორგი კოხრეიძე (საბურთალო)
პირველი წრე 0:1

ამ ტურის, ალბათ, ყველაზე "მშვიდობიანი" მატჩი, სადაც ის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, უმაღლეს ლიგაში დარჩენა რომ, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვთ. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებული გუნდები აქცენტს სანახაობაზე გააკეთებენ და გულშემატკივრებსაც ასიამოვნებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლის ავტორი რევიშვილის კარში გიორგი ჯიქია,21წლის ამკარის მარცხენა ფლანგელი.არ იმსახურებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა,ფედერაციისგან ყურადღებას?..იქნებ მაისის ამხანაგურებზე გამოიძახოთ?რას ველოდებით?ბევრი გვყავს 21წლის ბიჭები ამ დონეზე მოთამაშე?
ზაზა
15 აპრილი 2016 23:27
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული