მოგვეცით დრო! ვისთვისაა სფფ-ის ლიცენზირების მკაცრი მარყუჟი?

AutoSharing Option
მომავალი საფეხბურთო სეზონიდან ფეხბურთის ფედერაცია ლიცენზირების გამკაცრებას რომ აპირებდა, ეს მისმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმაც დააანონსა და ეს სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის დროსაც ითქვა.

ახლახან კი სფფ-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეს ამბავი ოფიციალურად დადასტურდა - მომდევნო სეზონიდან, არალიცენზირებული კლუბები უმაღლეს ლიგაში აღარ დაიშვებიან...


გურულებს არ ეშინიათ
ცხადია, დავინტერესდით ლიცენზიის არმქონე კლუბების ამბით. უმაღლეს ლიგაში სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და სასწაული თუ არ მოხდა, 14 ქულით ბოლო ადგილზე მყოფ თერჯოლის "საპოვნელას" ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდება.

შედარებით
უკეთეს მდგომარეობაშია ლანჩხუთის "გურია", რომელსაც 20 ქულა აქვს. ლანჩხუთის გამგებელი და კლუბის პრეზიდენტი ზაზა ურუშაძე ლიცენზიის მიღებას იმედოვნებს:

"გასულ სეზონში ლიცენზია არ გვქონია, მაგრამ ახლა აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა დოკუმენტი წარვადგინეთ და პრობლემა არ გვექმნება. დაახლოებით 100 ათას ლარამდე დავალიანება გვქონდა და ამასაც მალე გავისტუმრებთ.

საერთოდ, რაც ვიცი, ლიცენზირების პროცესი მცირე პრობლემებს მუნიციპალურ კლუბებს უქმნის, რადგან რამდენიმეს დავალიანება აქვს.

ამ საკითხში მეტისმეტი სიმკაცრეც არ ივარგებს. მაგრამ მეეჭვება, რომელიმე ულიცენზიოდ დარჩეს. საერთოდ კი, ლიცენზირების გამკაცრება მისაღებია, რადგან მოთხოვნებში შეუსრულებელ პუნქტებს ვერც ვხედავ", - ამბობს ურუშაძე.

ლანჩხუთელთა პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს მოედნებზე:

"მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად მოთხოვნა მინდვრების ხარისხზე უნდა გამკაცრდეს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია.

ჩვენთან ბერძნული საფარი დააგეს, მაგრამ, რამდენიც არ ვცადეთ, მაინც ვერ ივარგა, რადგან გურიის კლიმატს ვერ შეეგუა. ამიტომ, ამ ბიზნესით დაკავებულ ადგილობრივ კომპანიებს დაველაპარაკებით, რომ ქართული ბალახი დავაგოთ.

ჩვენთან დრენაჟი არის და მხოლოდ საფარის შეცვლა დაგვჭირდება. მაგრამ ადრე თუ ეს ყველაფერი 800 ათასი ლარი დაჯდა, ჩვენ მაქსიმუმ 120 ათასში მოვახერხებთ.

გარდა ამისა, განათების სისტემის დამონტაჟებაც გვსურს - მაისსა და ზაფხულში 5 ან 6 საათზე თამაში ფეხბურთელებისთვისაც საშინელებაა და სიცხის გამო, სტადიონზე მოსვლას ხალხიც ერიდება. განათებაზე, მატჩის საღამოს საათებში დანიშვნა კი ყველაფერს შეცვლის, მოთამაშეც მეტი ხალისით ითამაშებს, უკეთესი სანახაობაც იქნება და მაყურებელიც მოვა".

რა ხდება პირველ ლიგაში?
პირველიდან უმაღლეს ლიგაში პირდაპირ ორი გუნდი გადადის, ხოლო მე-3 ადგილი გადასასვლელ პლეი ოფში მონაწილეობის უფლებას იძლევა.

პირველ ლიგაში ლიცენზირება მხოლოდ ოთხ კლუბს აქვს გავლილი - ცხინვალის "ლიახვს", "ვიტ ჯორჯიას", "გაგრასა" და ზუგდიდის "ოდიში 1919-ს". ეს კი, სფფ-ის განცხადების ფონზე, იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მხოლოდ ამ ოთხეულის გუნდები მიიღებენ. ანუ, შედეგის მიუხედავად, ხობის "კოლხეთი" (II ადგილი), "ბორჯომი" (IV ადგილი) და წყალტუბოს "სამგურალი" (V ადგილი) უმაღლესში ვერ გადავლენ და, ცხადია, არც პლეი ოფში თამაშის უფლება ექნებათ.

"ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე სფფ-ის გადაწყვეტილებას ლოგიკურად მიიჩნევს:

"შარშან, ორ ულიცენზიო კლუბს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება 50 ათასი ლარის გადახდის შემდეგ დართეს. მაშინ აღმასკომის წევრი ვიყავი და ასეთი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე გახლდით.

მიმაჩნია, რომ კლუბი ლიგაში არანაირი ჯარიმის საფასურად არ უნდა დაუშვან - წინაპირობა მხოლოდ ლიცენზიის პირობების შესრულება უნდა იყოს".

რას შეცვლის ლიცენზირების გამკაცრება? რუხაძე ამბობს:

"შეცვლის იმას, რომ დაიხვეწება კლუბების ბუღალტერია და მენეჯმენტი. ლიცენზირებაში კიდევ სხვა საკითხებიცაა - საკადრო, ადმინისტრაციული, ინფრასტრქტურული და ასე შემდეგ. ვითარება ამ კუთხითაც გამოსწორდება.

ჩვენ უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს სპორტული კუთხითაც ვაკმაყოფილებთ - გუნდი ქულებით მეორე ადგილზეა და ლიცენზირების პროცესშიც ჩართულები ვართ. უბრალოდ, ლიცენზირების გამკაცრება ჩვენი ჩემპიონატის დონის გასაზრდელად სწორი გზაა".

მოგვეცით დრო!
მეორე წელია, რაც "ბორჯომი" უმაღლეს ლიგაში აღზევებას ლამობს. შარშან, გუნდმა გადასასვლელი მატჩი დათმო, მაგრამ წლეულს, ლიცენზიის არქონის გამო, ალბათ, შანსი არ მიეცემა.

გუნდის უფროსი ვახტანგ მაისურაძე ლიცენზირების პროცესში ჩაურთველობის მიზეზს განმარტავს და ითხოვს, რომ კლუბი ხელახლა შეამოწმონ:

- პირველ ლიგაში საშინელი მდგომარეობაა. ახლახან, ერთ-ერთ კონკურენტს ვესტუმრეთ და ისეთი მოედანი იყო, ფეხბურთელს ფეხი გადაუტრიალდა და თბილისში საოპერაციოდ წამოვიყვანეთ, მსაჯი კი ორჯერ წაიქცა.

მესმის, ბევრი კლუბი მოთხოვნებს მართლაც ვერ პასუხობს. მაგრამ ჩვენ რატომ არ უნდა მოგვცენ უმაღლესში თამაშის უფლება, თუ ამას სპორტული მიღწევით დავიმსახურებთ?

- მიზეზი სფფ-ის განცხადებაშია მითითებული, რომ ლიცენზიის არმქონეებს ლიგაში არ დაუშვებენ. "ბორჯომს" კი ლიცენზია არ გააჩნია...
- დებულებაში წერია, რომ უმაღლეს ლიგაში პირდაპირი წესით ორი გუნდი გადავა, ხოლო მესამეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს, ლიცენზირებაზე იქ არაფერი წერია.

- ფაქტია, რომ სფფ ამას ითხოვს. ლიცენზირება რატომ არ გაიარეთ?
- თქვენ გგონიათ, ამ პროცესის მნიშვნელობას უარვყოფთ? ჩვენ სახელმწიფო აიპ-ი ვართ, ბიუჯეტიდან გვაფინანსებენ და ფინანსური კუთხით ყველაფერი წესრიგში გვაქვს. მაგრამ იყო მიზეზი, რის გამოც პროცესში ვერ ჩავერთვეთ.

ლიცენზირებაში მონაწილეობისთვის 10 ათასი ლარის გადახდა იყო საჭირო, უფულოდ ეს არ კეთდება. როცა ეს ამბავი დაიწყო, კლუბი ახალი წლის ბიუჯეტს ელოდა და ფიზიკურად, ფული არ გვქონდა. ამიტომ, მსურს, ფეხბურთის ფედერაციას მივმართო: სეზონი მაისში მთავრდება, ახალი სეზონი კი აგვისტოში ან ივლისის ბოლოს იწყება. ანუ ორთვიანი შუალედია, დრო საკმარისია და მოგვცენ საშუალება, ლიცენზირების პროცესი თავიდან გავიაროთ.

დარწმუნებული ვარ, ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძლიერი გუნდი არ უნდა იჩაგრებოდეს მართლა გუნდს რომელსაც პერსპეკტივა გააჩნია, მიეცით მართლა დრო და იქნებ ყველაფერი გააკეთონ ის სტადიონი იქნება თუ ის ლიცენზირება დროს არ ვიძახი 2 3 წელს!
gggiio
03:17 18-04-2016
0
ეგრე ,,დროის მიცემით,, და ლოიალობით შემოგველია 3 ათეული წელი.... მირჩევნია 5 გუნდი იყოს უმაღლეს ლიგაში,გამართული ფინანსურად და თავიდანბოლომდე წელში გასწორებული,ვიდრე 20 გუნდი და მესამე ტურიდან ,,საწვავის მძებნელი,,..... მე თუ მკითხავთ პირველ ლიგაშიც უფრო უნდა გამკაცრდეს ლიცენზირება!
tornike gugeshashvili
21:01 17-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული