სფფ-ში აცხადებენ, რომ ძველი პრაქტიკა, რომლითაც ლიცენზირების გარეშე, ფულადი ანაზღაურების ხარჯზე კლუბები თამაშობდნენ უმაღლეს ლიგაში, აღარ იქნება.
ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ბაქარ ჟორდანიას თქმით, ფეხბურთის ფედერაცია ატარებს ტრენინგებს, სემინარებს, დაიქირავა ტოპ-აუდიტორული კომპანია, რომელიც კლუბებს სფფ-ის ხარჯებით მოემსახურება.
ლიცენზირების პროცესი უკვე დაწყებულია და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
გთავაზობთ ინტერვიუს ბაქარ ჟორდანიასთან...
-
- უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, რომ ლიცენზირების პროცესი სამართლიანი იქნება. სამართლიანობა გამოიხატება იმაში, რომ უფრო სწორი მიდგომა იქნება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ლიცენზირების პროცესთან მიმართებაში. უფრო სწორად აღვიქვამთ ამ პროცესს და სალიცენზიო გადაწყვეტილებებიც უფრო ადეკვატურად იქნება მიღებული.
ადრე თუ იყო რაღაც დამახინჯებული ფორმები და გამონაკლისის სახით აძლევდნენ ულიცენზიო კლუბებს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას, ასეთი მიდგომა შეიცვლება და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ლიცენზირებული კლუბები ითამაშებენ.
რაც შეეხება პროცესს, ის ყოველწლიურად მიმდინარეობს და კლუბებისთვის ახალი არაფერია. მხოლოდ პატარ-პატარა ცვლილებებია დეტალებში, რაც საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა.
- დამახინჯებული ფორმები აღნიშნეთ. რა იგულისხმეთ?
- აღმასკომი უშვებდა გამონაკლისს. თუ გუნდი ჯარიმას გადაიხდიდა, ლიცენზიის გავლა აღარ იყო საჭირო და უმაღლეს ლიგაში ლიცენზიის გარეშე თამაშობდა. წინა სეზონში ჯარიმის ოდენობა იყო 50 000 ლარი. ორმა კლუბმა - "გურიამ" და "საპოვნელამ" - 50 000 ლარი გადაიხადა და უმაღლეს ლიგაში დაუშვეს ლიცენზიის გარეშე.
ასეთ მიდგომას ჩვენ ვეწინააღმდეგებით. ჯარიმა და სანქცირება ყველა დებულების თანმდევი პროცესია, მაგრამ აქ კლუბების მიდგომა იყო არასწორი. "გურიის" ხელმძღვანელობა პირდაპირ აფიქსირებდა, რომ მას არ სჭირდება ლიცენზირება, პირდაპირ გადაიხდიდა ფულს და ითამაშებდა უმაღლეს ლიგაში.
შეგნებასთან გვაქვს პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ლიცენზირება ჩემთვის და თქვენთვის კი არ კეთდება, არამედ იმისთვის, რომ თავად კლუბი განვითარდეს. კლუბის დირექტორს და ხელმძღვანელობას არ ესმოდა, რა იყო ლიცენზირების არსი.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ მენეჯმენტის პრობლემებთან გვაქვს საქმე. ლიცენზირება რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს. რამდენად შეუწყობს ხელს ლიცენზირების საფუძვლიანი გავლა მენეჯმენტის განვითარებას?
- ლიცენზირების ძირითადი მიზანიც ის არის, რომ ფეხბურთის კომპლექსურ განვითარებას შეუწყოს ხელი. ლიცენზირება, პირველ რიგში, განვითარებას გულისხმობს. ეს არის ძირითადი მიზანი, რომ მენეჯმენტი განვითარდეს, სტაბილური ფინანსური გარემო იყოს, ყურადღება ექცეოდეს ბავშვთა და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას გუნდში. ლიცენზირება კლუბის შიდა განვითარებაზეა ორიენტირებული.
- კლუბები რამდენად არიან ინფორმირებულები ლიცენზირებასთან დაკავშირებით თქვენი მიდგომების შესახებ? მით უმეტეს, მაშინ, როცა საუბარია გამკაცრებაზე...
- ჩვენი მთავარი ამოცანაა, ლიცენზია გავცეთ სწორად და სამართლიანად და ვინც აკმაყოფილებს ამ დებულების მინიმალურ მოთხოვნებს, მათზე გაიცეს ლიცენზია.
ლიცენზირების პროცესი დაიწყო გასული წლის ოქტომბერში. პირველ რიგში, ვიჩქარეთ პირველი ლიგის კლუბებთან შეხვედრა, რადგან ბევრი იყო ისეთი, ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა, რა იყო ლიცენზირება. შეხვედრას ესწრებოდა სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. შეხვედრისას დავაფიქსირეთ ამ პროცესის მნიშვნელობა, როგორც განვითარების კუთხით, ასევე იმ მხრივ, რომ ლიცენზირების გარეშე უმაღლეს ლიგაში კლუბები არ დაიშვებოდნენ. ეს პოლიტიკა გაჟღერდა საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად.
შემდგომ პირველი ლიგის კლუბებს მიეცათ ვადა 10 ნოემბრამდე, რომ წერილობით დაედასტურებინათ ლიცენზირების პროცესში მონაწილეობის სურვილი. თავის დროზე, 8 კლუბმა წარმოადგინა წერილობითი დადასტურება, თუმცა ოთხმა კლუბმა შემდეგ უარი თქვა. შემდგომ გვქონდა შეხვედრა კლუბების მიერ დაქირავებულ აუდიტორულ კომპანიებთან. მათი მონაწილეობა ამ პროცესში საკმაოდ მოცულობითია. შევხვდით უმაღლესი ლიგის კლუბებს და ასევე, ამ საკითხებზე ვისაუბრეთ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე. დეკემბერსა და იანვარში გავმართეთ სალიცენზიო სემინარი კლუბებისთვის.
ამას გარდა, ყოველდღიურად მიმდინარეობს წერილობითი და ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია. დღე არ არსებობს, რომ ვინმე არ დაგვიკავშირდეს. სფფ-ში არიან ექსპერტები სხვადასხვა მიმართულებით და კლუბები მათთან ინდივიდუალურად გადიან კონსულტაციებს.
არის ბევრი დადებითი ძვრა სალიცენზიო პროცესში. ხარისხის ამაღლების მიზნით, ჩვენ თავად დავიქირავეთ აუდიტორული კომპანია "დიდი ოთხეულიდან" - Pricewater-houseCoopers - და ხარჯებსაც ჩვენ ვიღებთ. ამ კომპანიასთან უეფაც თანამშრომლობს. მისი საშუალებით ხდება სფფ-ის და კლუბების შემოწმება, თუ რამდენად სწორად მუშაობენ ისინი.
კლუბებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ აუდიტორული კომპანიები, თუმცა 5 ძირითადი ფინანსური კრიტერიუმიდან ჩვენ მიერ დაქირავებული კომპანია ოთხს ამოწმებს, ერთს კი - კლუბის მიერ შერჩეული. ეს ძვირი მომსახურებაა და ამით კლუბებს ძალზე დიდი შეღავათი გავუკეთეთ...
ამას გარდა, ფეხბურთის ფედერაციამ დანერგა ექსტრანეტის სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბებისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან კლუბებს აღარ უწევთ დოკუმენტაციის ფიზიკურად მოტანა სფფ-ში, რაც უზოგავს მათ დროსა და ფინანსურ ხარჯებს. ამიერიდან, სალიცენზიო დოკუმენტაცია შესაძლებელია პირდაპირ აიტვირთოს ინტერნეტში, სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც მყისიერად ხდება ხელმისაწვდომი პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის - ექსპერტებისთვის, ლიცენზირების კომიტეტისთვის და ასე შემდეგ.
- თქვენ ახსენეთ, რომ პირველი ლიგის ოთხმა გუნდმა უარი თქვა ლიცენზირებაზე. ეს მოხდა ჩემპიონატის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, კლუბებმა, სპორტული შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც კი, უმაღლეს ლიგაში თამაშზე, ფაქტობრივად, უარი თქვეს?
- ეს უცნაური ფაქტია, თუმცა ასე მოხდა. ჩვენ წარსულშიც გვქონდა მსგავსი და უფრო მძიმე ფაქტებიც. იყო ერთი შემთხვევა, როცა უეფა-ს ლიცენზიაზე მხოლოდ 4 კლუბი აცხადებდა პრეტენზიას. ამ ოთხიდან რომელიმეს რომ ვერ აეღო საპრიზო ადგილი, ერთ ადგილს ვკარგავდით უეფას ევროტურნირებში. დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა.
ზემოაღნიშნულ პირველი ლიგის 4 გუნდს შორის იყვნენ ის გუნდები, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ წამყვან პოზიციებზე. აქ იკვეთება პირველ რიგში მენეჯმენტის პრობლემა - ვერ აცნობიერებენ ლიცენზირების მნიშვნელობას. არაერთი წერილი გაიგზავნა, თუმცა ზოგიერთ მათგანზე პასუხი საერთოდ არ მოვიდა. ზოგი აცნობიერებს და არ შეუძლია ლიცენზირების გავლა, ზოგს კი არ მიაჩნია ლიცენზირება მნიშვნელოვან საქმედ.
ევროპაშიც ბევრი ცნობილი კლუბი დამდგარა ამ პრობლემების წინაშე, თუმცა მათზე არანაირი შეღავათი არ დაწესებულა. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ "რეინჯერსთან", "გალათასარაისთან", "ფენერბაჰჩესთან", სოფიის ცსკა-სთან დაკავშირებული მაგალითები, რომელთაც, მიუხედავად სახელისა და ავტორიტეტისა, არავითარი შეღავათი არ შეეხოთ და ლიცენზირების ვერგავლის გამო დაისაჯნენ.
- რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინოს კლუბმა ლიცენზირებისთვის?
- პირველ რიგში, ყველა კლუბი არის ერთნაირ პირობებში, სასტარტო მდგომარეობა არის თანაბარი. არის ზოგადი კრიტერიუმები და 5 - ძირითადი: სპორტული, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ფინანსური.
საზოგადოებაში ლიცენზირება, ძირითადად, აღიქმება უფრო ინფრასტრუქტურულ ან ფინანსურ საკითხთან, თუმცა ყველა კრიტერიუმი მნიშვნელოვანია. ოქტომბერში დავიწყეთ პროცესი, მივაწოდეთ კლუბებს ფორმები, ნიმუშები, დებულებები, გავაცანით ჩვენი მოთხოვნები. სემინარებზე გავაცანით თითოეული მუხლი. კლუბებისგან ძირითადი დოკუმენტაცია მოვიდა თებერვალ-მარტში. ეს დაურიგდათ სფფ-ის ექსპერტებს, რომლებიც ამუშავებენ. ხარვეზებზე უკავშირდებიან კლუბებს და გამოსწორების ვადებს აძლევენ.
ექსპერტები აპრილში დაამთავრებენ სამუშაოებს და შემდეგ გადავალთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ექსპერტები თავიანთ დასკვნებს დადებენ, ლიცენზირების კომიტეტი იმსჯელებს, მოუსმენს კლუბებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით.
- თუ შეგვიძლია წინასწარ საუბარი იმაზე, რამდენი კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირებას?
- ახლა კლუბებს ექსპერტები აფასებენ და წინასწარ საუბარი ძნელია. თუმცა, ზოგადად, არსებული კომუნიკაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროცესი იოლად და მარტივად არ მიმდინარეობს. საკითხის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, კონკრეტულად რომელ კლუბს რა პრობლემა აქვს. აპრილის ბოლოს იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
თუ კლუბი უკმაყოფილო იქნება ამ გადაწყვეტილებით და ჩათვლის, რომ დაირღვა მისი უფლებები, შეეძლება საკუთარი ინტერესები დაიცვას ზემდგომ ინსტანციებში. საბოლოოდ, ლიცენზირების პროცესი მაისში დასრულდება.
- კლუბების ლიცენზირებაზე იქონიებს თუ არა გავლენას ფეხბურთის განვითარების პროგრამა?
- თანხების მიზნობრივი ხარჯვა ზუსტად ნიშნავს ლიცენზირების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეს თანხები უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ არ ჰქონდეთ დავალიანება და სხვა საკითხების მოგვარებაზე, რომელიც კონტროლდება ლიცენზირების დებულებებით.
ამას გარდა, პროგრამით გათვალისწინებულია მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიც. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ კლუბებმა იოლად გადალახონ ლიცენზირების პროცესი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ლექსო ნაბახტეველი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"