სიონი-დინამო (ბთ) 1:0 - ორი დებიუტი ჯელაძის სასარგებლოდ

AutoSharing Option
ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩს ბოლნისურ "თამაზ სტეფანიაზე" მაყურებელი საკმაოდ დაესწრო. თამაშს, რომელიც ძლიერი ქარის თანხლებით ჩატარდა, ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. წაფორხილების შემთხვევაში, ბათუმის "დინამო" ევროასპარეზზე გასვლის ყოველგვარ შანსს კარგავდა. ამავე მიზნისთვის მებრძოლ "სიონსაც" მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს...

ორივე გუნდის სათავეში ახალი მწვრთნელები ვიხილეთ - ზღვისპირულ გუნდში შოთა ჭეიშვილი ლევან ხომერიკმა შეცვალა, "სიონში" კი ვარლამ კილასონიას ადგილი მისმა ყოფილმა ასისტენტმა არმაზ ჯელაძემ დაიკავა.

ორივე მხარეს მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო. "სიონმა" ვერ დაიხმარა ნახევარმცველები - ალეკო გოგობერიშვილი და ლაშა გვალია, ხოლო ბათუმელთა
მთავარი მინუსი სერბი ფორვარდის, ნიკოლა კომაზეცის არყოფნა იყო.

აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრას თვალი ადევნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ. ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან ორივე გუნდის შემადგენლობაში არიან 21-წლამდელთა გუნდის წევრობის კანდიდატები...

თავიდან ბოლომდე უპირატესობას "სიონი" ფლობდა. თუ პირველ ტაიმში ბოლნისელებმა ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის კართან ბევრი საგოლე მომენტის შექმნა, მეორე ნახევარში მათ იერიშებს სიმწვავე შეემატა.

საფეხბურთო ფორტუნამ მართებულად განსაჯა. ერთადერთი გოლი გაიტანა და მატჩის გმირის მანტია მოისხა "სიონის" ფლანგელმა შემტევმა ოთარ კობახიძემ, ვინც ორივე გუნდის შემადგენლობაში აშკარად გამორჩეული გახლდათ...

აშკარა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, პირველ ტაიმში "სიონს" მხოლოდ ორი საგოლე მომენტი ჰქონდა. თავის გამოჩენა იმავე კობახიძესა და ირაკლი გოგინაშვილს შეეძლოთ. სტუმრებს კი მირზა მერლანის კარისკენ ხეირიანად არც კი გაუხედავთ.

მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. "სიონმა" მოწინააღმდეგის კარზე დაწოლა კიდევ უფრო გააძლიერა. ბოლნისელები ძალზე მობილურად, თავგანწირვით თამაშობდნენ, რამაც შედეგი გამოიღო კიდეც.

მეორე ტაიმი გოგინაშვილის სახიფათო დარტყმით დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ექსბათუმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა კარგად დააგდო ბურთი და სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ.

მერე ტატანაშვილი აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში. მისი თავური ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა. 61-ე წუთზე არმაზ ჯელაძემ საყრდენი გიორგი ვასაძე თამაშიდან მოხსნა და მეტოქის კარზე ლუის ალბერტო ვიეირა მედინა მიუშვა. ამ სვლამ აშკარად გაამართლა - პორტუგალიელმა ფორვარდმა მასპინძელთა შეტევებს ძალა შემატა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლნისელები 11-მეტრიანს ითხოვდნენ. მათი აზრით, გოგინაშვილის ფლანგური რეიდის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ბათუმელ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა ლაშა სილაგავამ თამაშის გაგრძელება ბრძანა...

მერე მოვლენათა ეპიცენტრში ისევ კობახიძე მოექცა. ის კარგად გამოეხმაურა პარტნიორის ფლანგურ გადაცემას, თუმცა საბოლოო დარტყმას ოდნავ სიზუსტე დააკლო. და მაინც, "სიონმა" ნანატრი გოლი შეაგდო.

70-ე წუთზე კობახიძემ შესანიშნავი ფლანგური რეიდი განახორციელა და ყველა რომ გადაცემას ელოდა, ძალიან მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა. ლამაზი გოლი გამოვიდა, თანაც - ძალიან მნიშვნელოვანი.

ამის შემდეგ თამაში გაიხსნა. "სიონის" რიგებში თავის გამოჩენა კობა შალამბერიძესა და ვიეირა მედინას შეეძლოთ. ბათუმელთა შორის კი ორი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ თამაზ მაქაცარიას.

განსაკუთრებით მწვავე იყო მეორე ეპიზოდი - ახალგაზრდა ფორვარდი სისწრაფეში გასცდა მეურვეს და ძლიერადაც დაარტყა კუთხეში. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... გამოცდილმა მირზა მერლანმა "მკვდარი" ბურთი მოიგერია. არადა, "სიონის" გამოცდილი მეკარე მთელი შეხვედრის განმავლობაში, პრაქტიკულად, უსაქმოდ იყო...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
16.04. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 კობახიძე (70)
სიონი: მერლანი, ფოფხაძე, კილასონია, გურეშიძე, რაზმაძე, ვასაძე (61. ვიეირა მედინა), გაფრინდაშვილი, გოგინაშვილი (72. შალამბერიძე), მანჯგალაძე, ტატანაშვილი (84. სვანიძე), კობახიძე.
სათადარიგოები: ნანიევი, ოთარიშვილი, მანაგაძე, გიორბელიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
დინამო (ბთ): მამინაშვილი, სუხიაშვილი, მიხაილოვიჩი, ტვილდიანი, შონია, გოგიტიძე, თევდორაძე, ფონიავა (74. კაშია), ვარშანიძე, ბერიაშვილი (73. მაქაცარია), ჭკუასელი (86. სირაბიძე).
სათადარიგოები: ალავიძე, მგელაძე, ქორიძე, ფოთელიძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილება: ტატანაშვილი (50), ვარშანიძე (72), მიხაილოვიჩი (83)
არბიტრი: ლ. სილაგავა

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული