მეთორმეტე მოთამაშის ფაქტორი - მიხეილ სარდალიშვილი ქომაგების მადლიერია

AutoSharing Option
ივანწმინდაში გამართული ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" ლიდერ თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

- ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0 - დაუვიწყარი 16 აპრილი [VIDEO]

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საჩხერელთა შემტევმა ნახევარმცველმა მიხეილ სარდალიშვილმა. მან მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა - აქტიური და აგრესიული შემტევი მეტოქის მცველებს გასაქანს არ აძლევდა და რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყა, ხოლო 89-ე წუთზე არბიტრმა პენალტი სწორედ საჯარიმოში მისი შეჭრისა (ეფექტური ფინტით) და წაქცევის გამო დანიშნა.

"დინამოს" მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ სარდალიშვილის 11-მეტრიანი კი მოიგერია,
მაგრამ დამატებაზე თავად დამრტყმელმა ივარგა და თავისიანებს უზომო სიხარული აჩუქა. ამ გამარჯვების შემდეგ "ჩიხურას" სამეულში მოხვედრის რეალური შანსი გაუჩნდა.

"პირველ წრეში დამაჯერებლად ვერ გამოვიყურებოდით, მაგრამ ზამთრის შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით და სამეულში მოხვედრისა და ევროპის ლიგაზე გასვლის იმედი გაგვიჩნდა. ამ კუთხით, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ჩემპიონატის ლიდერის დამარცხება და გადამწყვეტი გოლის გატანა ამიტომაც მიხარია. ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა მაყურებელმა, რომელიც ივანწმინდაში, რეალურად, ჩვენი გუნდის მეთორმეტე ფეხბურთელია", - ამბობს მატჩის გმირი.

გახარებული იყო "ჩიხურას" მწვრთნელი სოსო ფრუიძეც:

"არ არის დასამალი, რომ "დინამოს" ჩემპიონობა, ფაქტობრივად, განაღდებული აქვს და ტიტული ახლავე შეიძლება მივულოცოთ. ამან ჩვენი მოწინააღმდეგის თამაშზე გავლენა მოახდინა. თუმცა, მთავარი, რა თქმა უნდა, ჩვენი ბიჭებისა და გულშემატკივრების შემართება იყო. ფეხბურთელებმა დავალება უნაკლოდ შეასრულეს, ხოლო გულშემატკივრების მხარდაჭერით ამ ურთულესი თამაშის მოგება შევძელით".

სულ რაღაც ორი თვეა, რაც საჩხერელებს ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი შეუერთდა. ბალკანელმა კლასი არაერთხელ გამოავლინა. ის ფეხითაც კარგად თამაშობს, დამაჯერებელია გამოსვლებზეც და კარის ხაზზეც მშვენიერი რეაქცია გამოარჩევს.

საჩხერელთა "სპაიდერმენმა" თბილისის "დინამოსთან" მატჩიც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მაყურებელთა აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისით თბილისის "დინამოა" დაინტერესებული, თუმცა ბოსნიელ მეკარეს ამაზე ლაპარაკი არ სურს:

"პირადად არავინ დამლაპარაკებია და საერთოდაც, სეზონის მსვლელობისას ტრანსფერებზე ფიქრი უაზრობაა. მირჩევნია, თამაშებზე ვიყო კონცენტრირებული და არა - გარიგებაზე. ახლა ამის დრო არ არის, რადგან ჩემპიონატი მთავრდება და თამაშებიც სულ უფრო დაძაბულია. თბილისის "დინამოსთან" მატჩი მაინც გამორჩეული იყო. ლიდერთან მოგება ყოველთვის საამაყოა. მაგრამ პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ 20 აპრილის სათასო შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთ და ფინალში გავიდეთ. საერთოდ, ყველა ჩემპიონატი სპეციფიკურია. მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართულ ფეხბურთს შევეგუო და გუნდისთვის სასარგებლო ვიყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული