"ზოგიერთ ჟურნალისტს, გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით, წითელი ხაზგამყოფი სატურნირო ცხრილის ქვედა საფეხურზე მყოფი გუნდებიდან რატომღაც სამეგრელოს რეგიონის გუნდებზე - "ზუგდიდსა" და "მერანზე" აქვს გავლებული და ორივე გუნდი პირდაპირაა დადანაშაულებული.
ჩვენი კლუბი ორიენტირებულია მომავალ საშინაო თამაშებზე, რომლებშიც უმაღლეს ლიგაში ჩვენი დარჩენა-არდარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს. აღარ მინდა ვინმეს პოლემიკაში შევყვე, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით ჩვენი კლუბის მისამართით რა ვარაუდები, ეჭვები და ბრალდებებიც გაჟღერდა, სრული აბსურდი და ცინიზმია.
ზოგიერთ ჟურნალისტს ავიწყდება თავისი მოვალეობები,
ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, მიზანმიმართულ ქმედებებთან ხომ არა გვაქვს საქმე. ამიტომ მივმართავ სპორტულ მედიას, ზედა ეწერის სტადიონზე დარჩენილ საშინაო ტურებში მოავლინეთ თქვენი წარმომადგენლები, რათა ანალიზი და დასკვნები ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაკეთდეს. გარიგებული თამაშების შედეგი, ჩვენი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ გვეტყობა", - ამბობს ინალიშვილი.
ზუგდიდელთა დირექტორი თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორ მირიან გეწაძის კომენტარებში გაჟღერებულ ეჭვებსაც შეეხო:
"მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე ღიად და საჯაროდ გავცე პასუხი, ხოლო "საპოვნელა"-"ზუგდიდის" მატჩზე მსაჯების მიერ პენალტის დანიშვნა-არდანიშვნის მართლზომიერების შესაფასებლად, სათანადო განყოფილებები არსებობს. თუ ბატონ მირიანს ამასთან დაკავშირებითაც ეჭვები და კითხვები აქვს, პასუხის გასაცემად მზად ვარ. ერთ დეტალზე კი მას პირდაპირ ვპასუხობ - ნამდვილად არცერთ ზუგდიდელს არ აძლევს ხელს საკუთარი გუნდის უმაღლესი ლიგიდან გავარდნა, ხოლო ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა ისეთი ტემპით მიმდინარეობს, დავრჩებით თუ არა უმაღლეს ლიგაში, მის მშენებლობის პროცესს ეს ხელს არანაირად არ შეუშლის, ვინაიდან პროექტის მიხედვით, ზუგდიდის ახალი სტადიონი 2017 წლის სექტემბერში უნდა გაიხსნას".
"ლელოში" თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორ მირიან გეწაძის მიერ გაკეთებულ კომენტარსა და ერთ-ერთი სპორტული გამოცემის მიერ მარტვილის "მერანის" მიმართ წაყენებულ ბრალდებებს "მერანის" დირექტორი ელდარ ბაკურიაც გამოეხმაურა.
"მარტვილის "მერანი" ეროვნულ ჩემპიონატში პატიოსნად, ღირსეულად თამაშობს. ჩვენი ფეხბურთელები თითოეული ქულისთვის მაქსიმუმს აკეთებენ და ფაქტების გარეშე, უსაფუძვლო ბრალდებები და ცილისწამება არა მარტო "მერანს", ზოგადად, ქართულ ფეხბურთს ვნებს.
მირიან გეწაძემ და ინტერნეტგამოცემამ უნდა დაამტკიცონ, რა ეჭვებსაც გამოთქვამენ. ამ განცხადებით ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და თუ ვინმეს რამე ეჭვები აქვს, ფაქტებით უნდა ილაპარაკოს! ის, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა, ეს ფეხბურთელების თავდაუზოგავი შრომის, სამწვრთნელო შტაბის ნაყოფიერი მუშაობისა და ზოგადად, კლუბის მიერ არჩეული სწორი კურსის შედეგია და არა იმის, რაც ამ უსაფუძვლო ეჭვებში გაჟღერდა.
აქედან გამომდინარე, როცა ფაქტები არა აქვთ, ყველას მოვუწოდებ მსგავსი განცხადებისგან თავი შეიკავოს", - ამბობს ბაკურია.
P.S. სფფ-მ "ზუგდიდს" ზედა ეწერის სტადიონზე საშინაო მატჩების გამართვის ნება დართო. 23 აპრილს იური ბაკალოვის შეგირდები "ლოკომოტივს" უმასპინძლებენ. საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და აქედან 4 მატჩს "ზუგდიდი" საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"