უმაღლესი ლიგა. XXVI ტურის წინ: შეთქმულების თეორიები

AutoSharing Option
გრძელდება "აპრილის მარათონი" და ასევე გრძელდება სეზონის ფინიშისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვაც. თუმცა, "ვნებათაღელვა" აშკარად რბილად ნათქვამია და, ალბათ, "სატურნირო ინტრიგაც" ვერ იქნება შესაფერისი ტერმინი: ფაქტია, რომ დაძაბულობამ პიკს მიაღწია და სადაც კი გაიხედავთ, ყველგან ურთიერთბრალდებები ისმის!

ჰო, ამას ხომ დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ საკუთარი წარუმატებლობა მხოლოდ და მხოლოდ "გარე ფაქტორებს" უნდა დაბრალდეს - ანუ, თუ გუნდმა ესა თუ ის გადამწყვეტი მატჩი ვერ მოიგო, ეს არბიტრების, უხარისხო მოედნის, მეტოქის ფეხბურთელთა "მოულოდნელი" მოტივაციას, კონკურენტი გუნდ(ებ)ისგან "ფეხის დადების" და კიდევ სხვა, ყურით მოთრეული მიზეზების
ბრალია.

აბა, იმას ხომ არ იტყვიან ჩვენი კლუბების ხელმძღვანელები თუ მწვრთნელები, რომ წარუმატებლობა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთო?! - აი, ამგვარი "შეთქმულების თეორიებით" საზრდოობს უმაღლესი ლიგის ძალიან ბევრი კლუბი და აქეთ-იქით "ხელის გაშვერის" ნაცვლად, ალბათ, სასურველიც იქნებოდა, რომ ყველა გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი "სამართლიანი თამაშის" პრინციპი ყოფილიყო.

კარგად გვესმის, რომ სეზონის ფინიშია და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ემოციებიც დუღს, მაგრამ მაინც ვისურვებდით, სეზონის დარჩენილმა ნაწილმა ჭეშმარიტად "სამართლიანი თამაშის" პრინციპის დაცვით ჩაიაროს.

რაც შეეხება კონკრეტულად მოახლოებულ ტურს, ამ შაბათ-კვირასვე ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს...

23.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =1 -2, 8:10
დისკვალიფიკაცია: დავით ბოლქვაძე, თენგიზ ჩიკვილაძე (ორივე - საპოვნელა)
პირველი წრე 5:1

წინა ტურში განცდილმა მარცხმა ჯერ კიდევ ჩემპიონის სტატუსის მქონე "დილას" ცოტა გაურთულა სატურნირო მდგომარეობა: გორელთა გუნდი ამჟამად კი ინარჩუნებს "საევროპედ გარანტირებულ" მესამე ადგილს, მაგრამ ერთდროულად ორი მდევარიც ჰყავს და ამ ორივეს ("სიონი", "ჩიხურა") ასევე აქვს ამბიცია, რომ ამ ზაფხულს ევროტურნირებზე იასპარეზოს.

იმასაც დავამატებთ, "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი სეზონის ბოლომდეა დისკვალიფიცირებული, ხოლო "საპოვნელას" ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება დარჩენილ მატჩებში უმაღლეს ლიგაში დასარჩენად "საჭირო" რაოდენობის ქულები რომ დააგროვოს.

23.04. ზემო ეწერი. 16:00
ზუგდიდი-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
9: +4=4 -1, 7:5
დისკვალიფიკაცია: ზვიად სიხარულია, ნიკა ლაშხია (ყველა - ზუგდიდი)
პირველი წრე 0:3

ამ ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს აუტსაიდერები ხვდებიან. ერთი შეხედვით, "ლოკომოტივის" სატურნირო მდგომარეობას "კრიტიკული" არ უნდა ეთქმოდეს, მაგრამ ვერც "დამამშვიდებელს" დავარქმევთ.

აი, "ზუგდიდს" კი აშკარად გაუმართლა კალენდარმა: უკრაინელი სპეციალისტის, იური ბაკალოვის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ზედიზედ... 4 (ოთხი!) საშინაო მატჩი უნდა ჩაატაროს და მათ შორის, უშუალო კონკურენტებთანაც. ერთი სიტყვით, "ზუგდიდის" მდგომარეობას "უიმედო" ნამდვილად არ ეთქმის...

23.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
5: +3 =1 -1, 8:3
დისკვალიფიკაცია: ბექა ვარშანიძე (დინამო)
პირველი წრე 1:0

"აჭარულ დერბის" განსხვავებულ ხასიათზე ხვდებიან მეტოქეები: ბათუმის "დინამომ" ვერაფრით დააღწია თავი კრიზისს (ზედიზედ ხუთი წაგება ასეთი ამბიციური და ფინანსურად უპრობლემო გუნდისათვის მართლაც მეტისმეტია), "შუქურა" კი დამშვიდებული ჩაამთავრებს სეზონს.

სხვათა შორის, ქობულეთელებმა წინა ტურში ბევრისთვის მისაბაძი საქმე გააკეთეს, როცა თავიანთთვის ყოვლად უმოტივაციო მატჩში 1:0 მოუგეს ზემოტივირებულ "დილას". ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ თურმე ჩვენს ჩემპიონატშიც შეიძლება, რომ სეზონის ფინიშზე უმოტივაციო გუნდმა "სამართლიანი თამაშის" პრინციპები დაიცვას...

23.04. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 16:00
მერანი-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:4
პირველი წრე 2:4

სამი მოგება და სამი ფრე - აი, ასეთი ჩინებული სერია "გამოაცხო" უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდულმა გუნდმა "საბურთალომ" მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი დაინიშნა.

"ხეტაფეს" ყოფილი თავკაცის ხელმძღვანელობით "საბურთალო" თვალსასეირო და შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, თუმცა, ძალიან ძნელი სათქმელია, თუ სადამდე გაგრძელდება ამ ახალგაზრდული გუნდის წაუგებელია სერია.

საქმე ისაა, რომ "საბურთალოს" ზედიზედ უწევს ერთი-მეორეზე ურთულესი საგარეო მატჩების ჩატარება: ჯერ - "მერანთან", მერე - "ზუგდიდთან"...

23.04. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
ცხინვალი-გურია
ურთიერთშეხვედრები
5: +3 =1 -1, 7:3
დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი (ცხინვალი)
პირველი წრე 2:1

რომ არა ზედიზედ ორი მოგება (თანაც, არცთუ სუსტ მეტოქეებთან), "გურიას" სატურნირო მდგომარეობას "დასამშვიდებელს" ვერ დავარქმევდით; თუმცა, ლეგიონერებით გადაძეძგილ ლანჩხუთელთა გუნდს ჯერ კიდევ ბევრი სირთულე ელოდება და ამ შემთხვევაში, კონკურენტებისაგან განსხვავებით, მეტად არასასურველ კალენდარს ვგულისხმობთ.

თუმცა, "გურიას" ხომ სულ ახლახან გამოცდილი სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში. თემურ მახარაძეს ტიტულებიც არ აკლია და არაერთი ქართული გუნდიც გადაურჩენია.

აი, "ცხინვალზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ, გარდა გულისტკივილისა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქრონიკული უფინანსობის გამო, კახა კაჭარავას გუნდი მეორე წრეში კვლავაც ერთადერთია, თამაში რომ არ მოუგია.

თუმცა, ხმამაღლა შეგვიძლია იმის თქმაც, რომ ამდენი პრობლემის მიუხედავად, სატურნირო თვალსაზრისით ყოვლად უმოტივაციო "ცხინვალი" ბოლომდე იცავს "სამართლიანი თამაშის" პრინციპს.

24.04. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 19:00
ტორპედო-სიონი
ურთიერთშეხვედრები
41: +26 =6 -9, 83:42
დისკვალიფიკაცია: ვანო წილოსანი, ბაქარ მირცხულავა (ორივე - ტორპედო)
პირველი წრე 2:6

"ტორპედოსთვის" მიმდინარე სეზონი, ფაქტობრივად, დასრულებულია: ქუთათურთა გუნდს ხომ ჩემპიონატში აღარანაირი მოტივაცია აღარ დარჩა.

აი, "სიონი" კი პირიქით, ზემოტივირებულია და არმაზ ჯელაძის გუნდისთვის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილი ყველა მატჩი გადამწყვეტი უნდა იყოს და არა მხოლოდ ჩემპიონატში - "სიონი" თასიდანაც ეცდება ევროტურნირის საგზურის მოპოვებას და ისიც სათქმელია, თუ რამდენად მოახერხებენ ბოლნისელები დროის მოკლე პერიოდში ძალების აღდგენას: გუნდმა ოთხშაბათს ხომ მძიმე სათასო ნახევარფინალური მატჩი გამართა "ვიტ ჯორჯიასთან"...

24.04. ივანწმინდა. 16:00
ჩიხურა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
3: +2=0 -1, 4:4
დისკვალიფიკაცია: ნიკა სანდოხაძე (სამტრედია)
პირველი წრე 0:1

ამ ტურის უდავოდ ყველაზე საინტერესო და საინტრიგო მატჩი, რომლის შედეგმაც ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ უნდა გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ "ჩიხურაც" და "სამტრედიაც" წარმატებით ასპარეზობენ მეორე წრეში და სავსებით სამართლიანად მიიჩნევიან კიდევაც ევროტურნირების საგზურის მოპოვების კანდიდატებად.

არც ის არის უმნიშვნელო ფაქტორი, რომ ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და იმედია, გამონაკლისი არც კვირის მატჩი იქნება. ცალკე ინტერესს იწვევს მიმდინარე სეზონის ორი გამორჩეული მწვრთნელის, გამოცდილი სოსო ფრუიძისა და მისი ახალგაზრდა კოლეგის გია ცეცაძის ტაქტიკური დუელიც...

24.04. ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
54: +5=11 -38, 35:124
დისკვალიფიკაცია: გურამ გურეშიძე, მერაბ გიგაური (ორივე - კოლხეთი)
პირველი წრე 2:5

იმის მიუხედავად, რომ "კოლხეთი" 8 ქულით უსწრებს მე-15 ადგილზე მყოფ "მერანს", ფოთელთა გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენა ჯერ არ გაუნაღდებია. თანაც, დარჩენილი მატჩების კალენდარზეც ვერ ვიტყვით, რომ "კოლხეთისთვის" იდეალურია. ანუ, კვირას ფოთში საინტერესო მატჩი უნდა გაჩაღდეს, სადაც, ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, წყვილის ფავორიტად მაინც "დინამო" უნდა მივიჩნიოთ.

თანაც, "დინამომ", შეიძლება, სწორედ ფოთში გაიფორმოს ჩემპიონობა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თბილისელები გაიმარჯვებენ, უახლოესი მდევარი "სამტრედია" კი "ჩიხურას" ვერ მოუგებს.

თუმცა, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ისღა დავძინოთ, თუ როგორ არათანაბარ პირობებში ხვდებიან ამ მატჩს მეტოქეები: "კოლხეთის" ახალგაზრდა თავკაც გელა სანაიას ხომ ისედაც მოკრძალებული რესურსი აქვს და, ასეთ ძლიერ მეტოქესთან ორ საკვანძო ნახევარმცველს (გურამ გურეშიძე და მერაბ გიგაური) მოისაკლისებს, მაშინ, როცა მისი სლოვაკი კოლეგა იურაი იარაბეკი თითქმის მთელი მეორე წრის განმავლობაში მიმართავს ძირითადი შემადგენლობის როტაციას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კარგია რო ჩაცყობილი ტამაშები არ არის ........................
shako
14:50 23-04-2016
0
ჩიხურა - სამტრედიის ურთიერთ შეხვედრები არასწორად არის მითითებული.
0

სიახლეები პოპულარული