ტორპედო-სიონი 1:0 - ქუთაისმა ბოლნისს საქმე გაურთულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრავმებით გატანჯული ბოლნისური გუნდი მოწინავე ოთხეულში დამკვიდრებასა და ევროთასების საგზურის მოპოვებას ცდილობს. თუ ბოლნისელები ჩემპიონატში მეოთხე ადგილს დაიკავებენ, მაშინ თასის ფინალში გასვლა მათთვის ევროსაგზურის მომტანი იქნება, მაგრამ ქუთაისში მარცხის შემდეგ მათ ოთხეულში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი დარჩათ.

რაც შეეხებათ ქუთათურებს, მათ პირველ წრეში 2:6 წაგებისთვის მოკრძალებული რევანში აიღეს და სატურნირო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესეს. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდნენ...

შეხვედრის საწყის წუთებში გუნდები საკმაოდ ფრთხილობდნენ. პირველად მასპინძლებმა გაამწვავეს თამაში, როცა ოთარ კვერნაძე
მარჯვენა ფლანგზე მცველებს გაექცა და მახვილი კუთხიდან მირზა მერლანის კარს დაემუქრა, მაგრამ ბურთი კუთხურზე გავიდა.

მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ბოლნისელებმა მცირეოდენი უპირატესობა მოიპოვეს და ქუთაისელთა კართან რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. აქტიური იყო გიული მანჯგალაძე, რომელიც ზედიზედ სამჯერ დაემუქრა როინ კვასხვაძის კარს. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო მისი შორეული, ძლიერი დარტყმა, რომელიც ქუთაისელთა კიპერმა მუშტებით მოიგერია.

უქმად არც ტორპედოელები ყოფილან. ირაკლი კლიმიაშვილის აქტიურობას კვერნაძის სახიფათო დარტყმა მოჰყვა, თუმცა ბურთმა ბოლნისელთა კარის მარჯვენა ძელს ჩაუქროლა.

გუნდებმა თანდათან ტემპს მოუმატეს და თამაშიც უფრო სახალისო გახდა. ამასობაში, მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ. მარჯვენა ფლანგზე კვლავ კვერნაძემ იაქტიურა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც თორნიკე კაპანაძე ვარდნაში ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ბურთი მარცხნივ ბრეგვაძეს მიუვიდა, რომლის სახიფათო დარტყმა გამოცდილმა მერლანმა მოიგერია...

მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი ისე მიილია, მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. მწვრთნელებმა გუნდების გასააქტიურებლად შეცვლებს მიმართეს. ალექსანდრ შტელინმა თამაშში ლაშა შინდაგორიძე ჩართო, არმაზ ჯელაძემ კი ლაშა გვალიას უხმო.

თამაში შედარებით გამოცოცხლდა. ბოლნისელებმა შესანიშნავი სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს - ლუკა რაზმაძისა და გვალიას გადაცემების შემდეგ კარში დიმიტრი ტატანაშვილი ურტყამდა, მაგრამ კვასხვაძემ შეძლო ბურთის მოგერიება.

ქუთაისელთაგან შინდაგორიძე ცდილობდა მდგომარეობის გამწვავებას. თავიდან, მას მცველები გასაქანს არ აძლევდნენ, მაგრამ მოგვიანებით სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა ქუთაისელთა გამარჯვების გოლი - შინდაგორიძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მცველებმა ბურთი უხეიროდ, პირდაპირ კუხიანიძის მისამართით მოიგერიეს, რომელმაც ზუსტი დარტყმით მერლანს შანსი არ დაუტოვა და თანაბარ თამაშში "ტორპედოს" გამარჯვება მოაპოვებინა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
23.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სიონი 1:0
გოლი: 1:0 კუხიანიძე (84)
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე, ჭიჭინაძე, ქიმაძე, კლიმიაშვილი, ბრეგვაძე (63. შინდაგორიძე), ბაბუნაშვილი, კუხიანიძე, კვერნაძე (78. კვარაცხელია), კაპანაძე (86. მამასახლისი).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, ფანცხავა, ტუღუში
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
სიონი: მერლანი, გაფრინდაშვილი, სვანიძე, კილასონია, გიორბელიძე, მანჯგალაძე, რაზმაძე, გოგობერიშვილი (77. შალამბერიძე), ვიეირა მედინა (65. გვალია), კობახიძე (88. საჯაია), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, ფოფხაძე, მანაგაძე, ვასაძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გაფრთხილება: ნერგაძე (57), მანჯგალაძე (59), გიორბელიძე (62), რაზმაძე (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული