ცხინვალი-გურია 0:0 - კარში თუ არ დაარტყი...

AutoSharing Option
"ცხინვალის" მოუგებელი სერია გრძელდება. მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, კახა კაჭარავას გაწვრთნილებს არ მოუგიათ.

თქმა არ უნდა, ამის მიზეზი გუნდში არსებული ფინანსური კრიზისია. ამბობენ, სულ მალე "ცხინვალში" მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ხელმძღვანელ რგოლში ახალი ხალხი გამოჩნდესო. მოკლედ, ვნახოთ, რა როგორ იქნება...

"გურიამ" კი უმნიშვნელოვანესი საგარეო ქულა აიღო. ფაქტია, კლუბში ჯერაც ბევრი რამაა დასალაგებელი. ოფიციალურ ოქმში გუნდის მთავარი მწვრთნელიც კი არ წერია. შაბათის მატჩისას "გურიის" ფაქტობრივი დამრიგებელი თემურ მახარაძე ტრიბუნაზე იჯდა...

გურულები ამ შეხვედრას დიდი დანაკლისით შეხვდნენ. გრიგოლეთის
ბაზიდან ოთხი ლეგიონერი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ამათგან, ლანჩხუთურ კლუბს ყველაზე მეტად პანამის ნაკრების ფორვარდი კარლოს სმოლი დააკლდა.

თავის მხრივ, დანაკლისი "ცხინვალსაც" საკმაოდ ჰქონდა. მასპინძლებს ვერ დაეხმარნენ მახარობლიძე, ცერცვაძე, მაისაშვილი და ჭაფოძე. როგორც მოსალოდნელი იყო, მინდორზე თავიდანვე დიდი ბრძოლა გაჩაღდა, თუმცა კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობა მინიმალური იყო.

ბოლომდე ვეთანხმებით ერთ-ერთ ლანჩხუთელ გულშემატკივარს, ერთ ეპიზოდში ემოციურად რომ წამოიძახა - კარში თუ არ დაარტყი, გოლი როგორ გავაო! მართლაც, ფეხბურთელები შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში რისკს ერიდებოდნენ, კიდევ უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ეძებდნენ, ამ დროს კი თამაშში მცველები ერთვებოდნენ...

პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას "გურია" ფლობდა, სახიფათო მომენტების ანგარიში კი "ცხინვალმა" გახსნა. ირაკლი ლეკვთაძის მიერ დარტყმულ ბურთს გურულთა სერბი კიპერი ალექსანდრ იოვანოვიჩი ადგილზე დახვდა.

24-ე წუთზე კი "გურიას" ნაღდი საგოლე მომენტი ჰქონდა - ჟუნიორი პირისპირ შეეყარა გიორგი ნადირაძეს, თუმცა ცხინვალელთა კარის დარაჯმა კარგად ითამაშა და სიტუაცია განიმუხტა.

საპასუხო შეტევაში შანსი უკვე მასპინძელს ჰქონდა. ლაშა ჯაფარიძემ ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, თუმცა აქ უკვე იოვანოვიჩმა ივარგა და თავისიანებს გვარიანი საფრთხე აარიდა. წამიც და, ჯაფარიძე გაიტანდა...

31-ე წუთზე "ცხინვალმა" სწრაფი და თვალსასეირო კომბინაცია გაათამაშა. გიორგი ივანიშვილმა კარგად გახსნილი ვილი ისიანი მონახა, თუმცა "სიონის" ექსშემტევის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი კარს ასცდა.

ტაიმის ბოლო წუთზე "გურიას" შესანიშნავი საგოლე შანსი ჰქონდა. პარტნიორის კარგ გადაცემას კარის შორეულ კუთხესთან ჩასაფრებული ევგენი მოროზენკო გამოეხმაურა, თუმცა მის დარტყმულსაც სიზუსტე დააკლდა. არადა, პარტნიორს ირაკლი კვეკვესკირი კარგი საგოლე გადაცემით აჯილდოებდა...

მეორე ტაიმში "ცხინვალმა" თამაში გამოასწორა. ტერიტორიას მეტწილად მასპინძლები დაეპატრონნენ. პირველი სახიფათო მომენტი კი გურულებისა იყო. სტუმართა შემადგენლობაში დმიტრო ზოზულიასთან ერთად საუკეთესო კვეკვესკირმა კარგ რეიდს შორეული და ოდნავ არაზუსტი დარტყმა მოაყოლა.

69-ე წუთზე იოვანოვიჩი შეცდა. გურულთა მეკარემ ცუდად ამოიტანა ბურთი, რომელიც ივანიშვილს მიუვიდა, ეს უკანასკნელი კი ასეთ მოულოდნელ საჩუქარს არ ელოდა, ბურთი ვერ დაამუშავა და სერბ კიპერის ჩაუგდო ხელში.

75-ე წუთზე კარში დამიზნებული და გააზრებული დარტყმა ვიხილეთ. გურულთა დამწუხრება კვლავ ივანიშვილმა სცადა, თუმცა ამ შემთხვევაში იოვანოვიჩმა დროული რეაქცია გამოავლინა და თავისიანები გადაარჩინა.

თამაშში აქტიურად ჩაერთო ვასილი შტანდერი. გურულთა უკრაინელ ლეგიონერს კლასი აშკარად ეტყობა. სწორედ მისი ძალისხმევით შექმნეს სტუმრებმა ორი კარგი მომენტი. ჯერ შტანდერი-მოროზენკო-ალავერდაშვილის კომბინაცია დასრულდა ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით, მერე კი თავად შტანდერმა შესანიშნავი პასით კარგ სიტუაციაში დატოვა ჟუნიორი, თუმცა ტანმაღალმა ფორვარდმა გატანა ვერ შეძლო.

ამ ქულით უფრო გურულებმა გაიხარეს, თანაც, იქვე შეიტყვეს, რომ მათმა უშუალო კონკურენტებმა - "ზუგდიდმა", "ლოკომოტივმა" და "მერანმა" თავიანთი შეხვედრები ვერ მოიგეს. ეს კი იქნებ გადამწყვეტი ნაბიჯიც იყოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების რთულ გზაზე.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
23.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-გურია 0:0
ცხინვალი: ნადირაძე, ბეჭვაია, ქარდავა, კაკუბავა, გორგიაშვილი, ჯაფარიძე, ბაჩიაშვილი, ლეკვთაძე, ქოჩლაძე (74. ლობჯანიძე), ივანიშვილი, ისიანი (54. გაბრიჩიძე).
სათადარიგოები: კერესელიძე, ბუთუევი, ნ. ნოზაძე, ჯიშკარიანი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გურია: იოვანოვიჩი, ლ. ნოზაძე (78. გელაშვილი), ჩადუნელი, ზოზულია (82. შტანდერი), პატერსონი, კვეკვესკირი, კილაძე, გამყრელიძე, ჟუნიორი, ალავერდაშვილი, მოროზენკო.
სათადარიგოები: იმერლიშვილი, ლაბაძე, მასხულია, გუჯაბიძე
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
გაფრთხილება: ლ. ნოზაძე (35), ბაჩიაშვილი (45), გამყრელიძე (56)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVII ტური
30 აპრილი, შაბათი
ზუგდიდი-საბურთალო
ლოკომოტივი-დილა
მერანი-კოლხეთი
სამტრედია-დინამო (თბ)
გურია-ჩიხურა
საპოვნელა-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
სიონი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კულუარებსჰი საუბრობენ ილია კოკაიაზე და ნეტავ მართალია?! მარა მერე ზესტაფონში რა იქნება?!
misha
15:41 25-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული