ახლა აპრილის ნომინანტების ჯერია და ვიდრე გასული თვის გამორჩეულთა მონაგარს შემოგთავაზებდეთ, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ აპრილში უმაღლეს ლიგაში... 6 ტური ჩატარდა, მაშინ, როცა აგვისტოდან (ანუ სეზონის დასაწყისიდან) მოყოლებული, ყოველი თვის განმავლობაში
ასე რომ, ამ მართლაც მარათონულ აპრილში ქართული გუნდებისთვის დასამახსოვრებელი თუ გამოსარჩევიც ბევრი იყო.
საუკეთესო მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
ნომინანტები
1. პაბლო ფრანკო მარტინი (საბურთალო)
2. გია ცეცაძე (სამტრედია)
3. სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
ნომინანტები
1. პაბლო ფრანკო მარტინი (საბურთალო)
2. გია ცეცაძე (სამტრედია)
3. სოსო ფრუიძე (ჩიხურა)
აპრილში თბილისის "დინამომ" ჩემპიონის ტიტული კი მოიპოვა, თუმცა ამ თვეში სხვა გუნდების წარმატებული თამაში იყო თვალშისაცემი და სწორედ ამ გუნდების მწვრთნელები დავასახელეთ ნომინანტებად.
აი, თუნდაც "ჩიხურას" გამოცდილი თავკაცი სოსო ფრუიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც საჩხერელთა გუნდმა არა მხოლოდ აპრილში, არამედ, საერთოდ, მეორე წრეში საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა და ერთწლიანი პაუზის ევროტურნირებზე დაბრუნების მშვენიერი შანსიც გაუჩნდა.
სხვათა შორის, სოსო ფრუიძე მარტშიც იყო ნომინანტთა შორის და მხოლოდ თავის ახალგაზრდა კოლეგას, "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს ჩამორჩა. შეგახსენებთ, რომ მარტში სწორედ გია ცეცაძეს ვარგუნეთ "თვის მწვრთნელობა": წინა თვეში ხომ მხოლოდ "სამტრედია" იყო, ქულათა მაქსიმუმი რომ მოაგროვა!
"სამტრედიას" თავი არც აპრილში შეურცხვენია და ერთიმეორეზე რთულ მეტოქეებთან ჩატარებულ ექვს მატჩში 13 ქულა მოაგროვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში, ფაქტობრივად, ერთადერთი მხოლოდ "სამტრედია" იყო, "საჩემპიონო რბოლაში" თბილისის "დინამოს" მეტ-ნაკლებად კონკურენციას რომ უწევდა.
თუმცა, გასული თვე წაუგებლად ვერც "ჩიხურამ" ჩაატარა და ვერც - "სამტრედიამ". სამაგიეროდ, სხვა გუნდი იყო დაუმარცხებელი და ეს ფაქტი მართლაც სასიამოვნო სიურპრიზად უნდა შეფასდეს!
ჰო, მოვლენების ასეთ განვითარებას, ალბათ, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა: უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა "საბურთალომ" აპრილში 6 მატჩი ჩაატარა და არც ერთი არ წაუგია. თანაც, საქმე მხოლოდ არწაგებაში არ არის: უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი მოედანზე ისე გადის, თითქოს იმ კონკრეტულ შეხვედრას უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდეს!
არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ერთი-ორი ფეხბურთელის გარდა, ძირითადად, 18-19 წლის ბიჭებით დაკოპლექტებულ გუნდს უკვე აპრილის დასაწყისშივე აღარანაირი სატურნირო მოტივაცია აღარ უნდა ჰქონოდა: ანუ ევროტურნირების საგზურისათვისაც ვერ იბრძოლებდა და არც გავარდნის კანდიდატად მიიჩნეოდა. ამის მიუხედავად, "საბურთალო" ტურიდან ტურამდე ერთიმეორეზე სასიამოვნო სიურპრიზს გვთავაზობდა და, შინ თუ გარეთ, ყველა მატჩის მოსაგებად გადიოდა მოედანზე!
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი შედეგით დაასრულა აპრილი ამ ახალგაზრდულმა გუნდმა: ერთადერთმა წაუგებელმა, ყველაზე მეტი გოლის გამტანმა და ყველაზე ნაკლების გამშვებმა ("ლოკომოტივის" მსგავსად)! თანაც, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორი ანგარიშით და როგორი მოტივაციის მეტოქეებთან გაიმარჯვებ: აპრილში ჩატარებულ ექვს ტურში არც ერთ გუნდს არ გაუტანია ერთ კონკრეტულ შეხვედრაში მეტოქის კარში 5 გოლი, "საბურთალომ" კი ეს ორჯერ მოახერხა.
ცალკე თემაა თვის ბოლოს გამართული ორი საგარეო მატჩი, როცა "საბურთალომ" ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ისეთი გუნდები, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად გააფთრებით რომ იბრძვიან ("მერანი", "ზუგდიდი"). და ვინ არის "საბურთალოს" ამ წარმატებული თამაშის მთავარი შემოქმედი? გუნდის თითოეულ ფეხბურთელთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი, რომელიც "საბურთალოს" თავკაცად XX ტურის წინ დაინიშნა და მას მერე გუნდს რვათამაშიანი წაუგებელი სერია აქვს!..
...სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატში არაერთ უცხოელ მწვრთნელს უმუშავია, თუმცა, მხოლოდ ერთეულებზე თუ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მათი კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევდა. სწორედ ასეთთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ 42 წლის პაბლო ფრანკო მარტინი, საქართველოს ჩემპიონატში რომლის ჩამოყვანისთვისაც "საბურთალოს" ხელმძღვანელობას, მხოლოდ და მხოლოდ, ქების სიტყვები ეკუთვნის...
...შარშან, ამ დროს, პაბლო ფრანკო მარტინი... პრიმერა დივიზიონში მოღვაწეობდა და "ხეტაფეს" მთავარი მწვრთნელის რანგში "ბარსელონას", "რეალს", "ატლეტიკოს", "სევილიას", "ბილბაოსა" თუ "ვალენსიას" ეპაექრებოდა. პედრო ლეონი, ვისენტე გუაიტა, სერხიო ესკუდერო, ალექსისი, ალვარო ვასკესი, პაბლო სარაბია, ანხელ ლაფიტა, მეხდი ლასენი, სამირი - პრიმერა დივიზიონის მასშტაბით აი, ასეთ გამორჩეულ ფეხბურთელებთან უწევდა შარშან მუშაობა მარტინს, ახლა კი "საბურთალოს" ერთიმეორეზე პერსპექტიულ ბიჭებს ეხმარება თავიანთი ნიჭის რეალიზებაში...
საუკეთესო ფეხბურთელი: გურამ გოშთელიანი
ნომინანტები:
1. გურამ გოშთელიანი (საბურთალო)
2. დავით ჯიქია (სამტრედია)
3. გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)
ნომინანტები:
1. გურამ გოშთელიანი (საბურთალო)
2. დავით ჯიქია (სამტრედია)
3. გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)
"თვის მწვრთნელის" ნომინაციისაგან განსხვავებით, ძალიან გაგვიჭირდა აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა, რამეთუ ამ წოდებაზე ბევრი აცხადებდა პრეტენზიას. ეგ კი არა, კონკურენცია იმდენად დიდი იყო, რომ ერთდროულად რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა აპრილის თვის სიმბოლურ ნაკრებში, რომლებისთვისაც გასული თვე გამორჩეული იყო: ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე - "დინამო", თბ), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია"), ოთარ მარცვალაძე ("დილა"), ვაჟა ტაბატაძე ("ტორპედო"), ნიკა საბანაძე ("მერანი"), ლევან წურწუმია ("ზუგდიდი"), გიორგი ფანცულაია, რატი ცაცკრიალაშვილი (ორივე - "საბურთალო"), დავით ვოლკოვი ("ჩიხურა") და სხვები.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, გიორგი ქვილითაიას გასულ თვეში ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 4 გოლი (სამი - პენალტით) "არ ეყო", რომ "თვის სიმბოლურ ნაკრებში" მოხვედრილიყო...
...მოკლედ, ისე, როგორც წინა თვეში, ამ ნომინაციაში ამჯერადაც სერიოზული კონკურენცია იყო: "სამტრედიის" 21 წლის თავდამსხმელ დავით ჯიქიას თავისი გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი გოლები გაჰქონდა.
კვლავაც ასაკთან "შეუფერებელი" სტაბილურობით ასპარეზობდა "საბურთალოს" 19 წლის კაპიტანი გიორგი ხარაიშვილი (საქართველოს ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი). ბოლო დროს "მოფერიანებული" "ტორპედოს" კაპიტანი და ლიდერი, გიორგი კუხიანიძეც უნდა ვახსენოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილისის "დინამოს" უბერებელ კაპიტანზე - 38 წლის ალექსანდრე იაშვილმა გასულ თვეში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ თანაგუნდელების ლამის ყველა საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.
ცალკე გვინდა აღვნიშნოთ კიდევ ორი ფეხბურთელის გარჯა და ორივეს დიდი შანსი აქვს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ნომინანტს შორის დასახელდეს: "სიონის" 20 წლის გარემარბმა ოთარ კობახიძემ გასულ თვეში 4 გოლი გაიტანა, ისე, როგორც "საპოვნელას" ცენტრფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ.
საერთოდაც, "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს კვლავაც რომ ინარჩუნებს, ეს გიორგი ბუხაიძის დიდი დამსახურებაცაა: თერჯოლელთა გუნდის 24 წლის ცენტრფორვარდს თავისი გუნდის გოლების ნახევარზე მეტი აქვს გატანილი.
...ვფიქრობთ, არავის უნდა გაუკვირდეს, ჩვენი რჩეული ფეხბურთელი გასული თვის საუკეთესო გუნდში რომ "მოვიძიეთ". გუნდში, სადაც ერთიმეორეზე ნიჭიერი ახალგაზრდები თამაშობენ და მათ შორის არის გურამ გოშთელიანიც: აპრილის თვეში, რამდენიმე ფეხბურთელის მსგავსად, ასევე 4 გოლი რომ გაიტანა; თუმცა, "საბურთალოს" 19 წლის ცენტრფორვარდი ერთადერთი იყო გასულ თვეში, ორჯერ რომ შეძლო დუბლის შესრულება: გურამ გოშთელიანმა ჯერ საშინაო მატჩში გაუტანა წყვილი გოლი "კოლხეთს", მერე კი სტუმრად "მერანის" კარში შეაგდო 2 ბურთი.
სხვათა შორის, ოთხივე გოლი ტყუპისცალივით ერთმანეთს ჰგავდა: ახალგაზრდა ცენტრფორვარდი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას (მეტოქის კარის სიახლოვეს) "ხვდებოდა" ბურთს და მერე უკვე საგოლე ალღოს წყალობით დუბლ(ებ)საც ასრულებდა.
უმრავლეს თანაგუნდელთა მსგავსად, გურამ გოშთელიანი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და უკვე 9 გოლიც გაიტანა. აი, წინა სეზონში კი, როცა "საბურთალოსთან" ერთად პირველ ლიგაში გამოდიოდა, 26 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მამია გავაშელიშვილს ("ლოკომოტივი") ჩამორჩა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპრილში გოშთელიანმა საკმაოდ ხანგრძლივი უგოლო სერიაც დაარღვია: ვიდრე "კოლხეთთან" "დუბლს" შეასრულებდა, შარშანდელი 17 ნოემბრის მერე არ ჰქონდა გოლი გატანილი.
გოშთელიანს საქართველოს 17და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია. შარშან შემოდგომაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მაისურაც მოირგო ორ შეხვედრაში.
უმაღლესი ლიგა. აპრილის ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საბურთალო 6 4 2 0 14-4 14
2. სამტრედია 6 4 1 1 10-6 13
3. ჩიხურა 6 4 1 1 9-5 13
4. დინამო (თბ) 6 4 0 2 12-8 12
5. დილა 6 4 0 2 9-5 12
6. ტორპედო 6 3 0 3 9-10 9
7. ზუგდიდი 6 2 2 2 10-8 8
8. სიონი 6 2 1 3 7-8 7
9. გურია 6 2 1 3 8-10 7
10. მერანი 6 1 4 1 7-8 7
11. ლოკომოტივი 6 1 4 1 3-4 7
12. საპოვნელა 6 1 3 2 5-8 6
13. ცხინვალი 6 1 2 3 7-9 5
14. შუქურა 6 1 2 3 7-11 5
5. კოლხეთი 6 1 2 3 4-10 5
16. დინამო (ბთ) 6 0 1 5 5-11 1
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"