გვინდა, გვჯეროდეს, რომ ევროთასებზე დაბრუნება სამტრედიელთათვის გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე დებიუტი. ამის თქმის საფუძველს ცეცაძის გუნდის თამაშის ხარისხი გვაძლევს.
ფოთში თამაში კი იოლი არასოდეს და არავისთვის არის, თუმცა "სამტრედიამ" სავსებით დამსახურებულად მოიგო. ეს განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარზე ითქმის, თორემ პირველი ტაიმი ისე მიილია, გუნდებს აშკარა საგოლე მომენტი საერთოდ არ შეუქმნიათ.
აი, მეორე ნახევარში კი "სამტრედიამ" უკვე თავისი თამაში მოახვია თავს
ანგარიში 50-ე წუთზე გახსნა იმერთა გამოცდილმა საყრდენმა გიორგი დათუნაიშვილმა - საჯარიმოს მისადგომებიდან აუღებელი დაარტყა.
მეორე გოლი, რომელმაც ფაქტობრივად, გადაწყვიტა თამაშის ბედი, ისევ დათუნაიშვილმა გაიტანა. მან კვლავ ძლიერი დარტყმით აიღო ძაგანიას კარი.
მესამე გოლი კი ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზე ჩაიწერა - მან მასპინძელთა კარის დარაჯი მოატყუა და აუღელვებლად შეაგდო.
გოლების გარდა, მომენტები კიდევ იყო. მაგალითად, სამტრედიელი შერგელაშვილის ძლიერი დარტყმის შემდეგ ძაგანიამ იმარჯვა, ხოლო ფოთელებმა, კორობკამ და გოგონაიამ, თავურები კარის ჩარჩოში ვერ მოარტყეს, თორემ ანგარიშის კორექტირებაც შეიძლებოდა.
კოლხთა რიგებში გატანას ნიქაბაძეც ცდილობდა, თუმცა ვარდნაში შესრულებულ დარტყმას შედეგი არ მოჰყოლია.
P.S. მატჩის შემდეგ ფოთის "კოლხეთის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ფოტოები, რომლებსაც ასეთი კომენტარი ერთვის: "სამტრედიელებმა თამაშის შემდეგ გასახდელში მაგიდა დაამტვრიეს და ნაგვის ყუთები დააზიანეს". აქვე ერთ-ერთი ფოტოც:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
08.05. ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1 დათუნაიშვილი (50), 0:2 დათუნაიშვილი (78), 0:3 ზივზივაძე (82)
კოლხეთი: ძაგანია, გ. კვარაცხელია (57. თ. კაკულია), სიჭინავა, ნიქაბაძე, გიგაური (70. პოლულიახი), ჟიშკარიანი (77. თუხარელი), კორობკა, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია, გურეშიძე.
სათადარიგოები: ხვიჩია, თევზაძე, ტუღუში
მწვრთნელი: გელა სანაია
სამტრედია: მეშველიანი, მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ენდელაძე, მარკოზაშვილი (80. სიხარულიძე), იოსელიანი (57. რაჟამაშვილი), ზივზივაძე, ჯიქია.
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, ჭეიშვილი, კერძევაძე, ცინცაძე, მთივლიშვილი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: გოგონაია (33)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"