ტორპედო-საპოვნელა 4:1 - "ფეარ პლეიმაც" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მატჩამდე "ბოროტი ხმები" დაირხა - "ტორპედო" მეზობელ "საპოვნელას" სამ ქულას დაუთმობს და გასავარდნად არ გასწირავსო, თუმცა, ორივე გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "ფეარ პლეის" წესებს ბოლომდე უერთგულეს...

ორივე გუნდი მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა. პირველ ნახევარში საკმაოდ დუნე და მოსაწყენი თამაში იყო, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, 40 წუთის განმავლობაში გუნდებს კარშიც არ დაურტყამთ.

თამაში შეცვლაზე შესულმა ლაშა შინდაგორიძემ გამოაცოცხლა. სწორედ მან შექმნა პირველი ტაიმის ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი - შინდაგორიძის ფლანგური გარღვევის შემდეგ კარში გიორგი კუხიანიძე ურტყამდა, მაგრამ გამოცდილმა გიორგი სომხიშვილმა
დამაჯერებლად ითამაშა.

ტაიმის მიწურულს სიტუაცია მცირედით დაიძაბა, ტყეშელაშვილის დარტყმის შემდეგ ბურთი საჯარიმოში მყოფ გია ნერგაძეს მოხვდა ხელზე და სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა ტემპს მოუმატეს და ეს ანგარიშსაც დაეტყო. მასპინძლები სახიფათოდ ასრულებდნენ "სტანდარტულებს" და პირველი ორი გოლიც ამ სიტუაციიდან გაიტანეს. ირაკლი კლიმიაშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ბაქარ მირცხულავამ მოხდენილი თავური მიაყოლა და სომხიშვილს შანსი არ დაუტოვა.

ოთხიოდე წუთში ისევ კლიმიაშვილმა შეასრულა "სტანდარტული", რომელიც ამჯერად მეორე ცენტრალური მცველის, ნერგაძის თავურით დაგვირგვინდა. მეორე გოლის შემდეგ თერჯოლელებმა კიდევ გაიბრძოლეს. შარიქაძეს შეეძლო ანგარიშის შემცირება, მაგრამ მისი დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს.

სამაგიეროდ, მასპინძლებმა არ გაუშვეს ხელიდან მორიგი შანსი - ვეტერანმა შოთა ბაბუნაშვილმა დიდებული გადაცემით სტუმართა მთელი დაცვა სტატისტის როლში დატოვა და შეცვლაზე შესული ვახტანგ კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა - 3:0.

ამის შემდეგ "ტორპედო" ცოტათი დაწყნარდა და თერჯოლელებმა ქუთაისელთა კარისკენ ისევ გაიხედეს. ძალზე სახიფათოდ ურტყამდა ირაკლი ქათამაძე, თუმცა ბურთი მცირედით ასცდა კარს.

ამასობაში, კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასაყვანი გახდა. ქუთაისელებს ყველა შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ და იძულებულნი გახდნენ, თამაში 10 კაცით გაეგრძელებინათ.

სტუმართაგან გოლის გატანა მართებდა გიორგი ბუხაიძეს, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულს გამოცდილმა როინ კვასხვაძემ აჯობა. თერჯოლელთა ახალგაზრდა ფორვარდმა თავისი გოლი მოგვიანებით მაინც გაიტანა - ნარიმანიძის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მან თავურით შეამცირა ანგარიშში სხვაობა.

თუმცა ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა სტუმრებს ეს გოლიც არ შეარგეს - კომპენსირებულ დროში მეკარესთან პირისპირ გასულმა შინდაგორიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "საპოვნელა" ამ წაგების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თერჯოლელებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის მცირე შანსიღა დარჩათ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
08.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საპოვნელა 4:1
გოლები: 1:0 მირცხულავა (54. კლიმიაშვილის პასით), 2:0 ნერგაძე (58. კლიმიაშვილის პასით), 3:0 კვარაცხელია (67. ბაბუნაშვილის პასით), 3:1 ბუხაიძე (90. ნარიმანიძის პასით), 4:1 შინდაგორიძე (90)
ტორპედო: კვასხვაძე, ადამაძე (21. ფანცხავა), მირცხულავა, ნერგაძე, ტუღუში, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, კლიმიაშვილი, საღლიშვილი (35. შინდაგორიძე), კუხიანიძე, კაპანაძე (62. კვარაცხელია).
სათადარიგოები: ქვილითაია, ბურჯანაძე, ჭიჭინაძე, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, გულუა (20. ბანძელაძე), ნარიმანიძე, ზ. ენდელაძე, ბერუაშვილი, ქათამაძე, შარიქაძე, ტყეშელაშვილი, მაკარიძე (59. ბიბილეიშვილი), ბუხაიძე.
სათადარიგოები: გიორგაძე, მაჭავარიანი, კოკაია, გაგოშიძე, ვაჭარაძე
მწვრთნელი: მამუკა ხუნდაძე
გაფრთხილება: მაკარიძე (26), მირცხულავა (50), ბანძელაძე (71), ბერუაშვილი (86)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ არ ვიცი ვინ ვის დაუზვანოკა, მარა მაგ დროს ყველა თამაში დამთავრებული იყო და ჩვენთან მეორე ტაიმი იყო სათამაშო, მერანს წაგებული ჰქონდა და ,,საპოვნელა" მოგების შემთხვევაში ორივეს უსწრებდა (ზუგდიდსაც და მერანსაც), მარა მეორე ტაიმში რადიკალურად შეიცვალ სიტუაციაც და ანგარიშიც...
Irakli apkhaidze
14:26 10-05-2016
0
რაო დაუზვანოკეს შესვენებაზე ბიჭებს და კაი გრევს შეპირდნენ სამეგრელოდან, ოღონდ მოიგეთო? :))))
zestafoni
14:09 10-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული