გურამ გოშთელიანი: უფრო ფსიქოლოგიური პრობლემა მქონდა...

AutoSharing Option
აპრილი გურამ გოშთელიანისთვის წარმატებული გამოდგა. "საბურთალოს" შემტევმა ჯერ ფოთის "კოლხეთთან" საშინაო შეხვედრაში შეასრულა დუბლი, შემდეგ გასვლაზე, მარტვილში, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "მერანის" დამარცხებაში (5:2) ითამაშა დიდი როლი.

საერთოდაც, 19 წლის ახალგაზრდისთვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონში გატანილი 9 გოლი სერიოზული შედეგია. ამიტომ, გასაკვირი არ იყო, "ლელომ" ის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელა, ხოლო "ბიბლუს გალერიში", ჩვენი გაზეთისა და კომპანია "ლიდერბეთის" მიერ ორგანიზებული ერთობლივი ღონისძიებისას, როგორც თვის გამორჩეულ მოთამაშეს, სპეციალური პრიზიც გადაეცა. გოშთელიანმა ჯილდო თბილისის "დინამოს" ლეგენდარული გარემარბისგან,  ვლადიმერ გუცაევისგან ჩაიბარა.

"ლელომ"
აპრილის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დააჯილდოვა [PHOTO]


ასევე ლეგენდარული დავით ყიფიანი ამბობდა - ფეხბურთისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მაგრამ ყველაზე დიდი სიამოვნება გულშემატკივრის ტაში იყოო. დიახ, სწორედ გულშემატკივრის ტაში და აღიარებაა ფეხბურთელის შეფასების მთავარი კრიტერიუმი და გასაკვირი არ არის, "საბურთალოს" თავდამსხმელი ამ აღიარებამ უზომოდ რომ გაახარა. 

ახლა კი მცირე ინტერვიუ, რომელიც გოშთელიანს პრიზის გადაცემის შემდეგ ჩამოვართვით:

- აღიარება ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნოა, მით უფრო - 19 წლის ასაკში. სკოლა შარშან დავამთავრე, უმაღლეს ლიგაში დებიუტი კი ამ სეზონში მქონდა და თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარება როგორ არ გამახარებს?! მადლობა დაჯილდოების ორგანიზატორებს, "ლელოსა" და "ლიდერბეთს", ასეთ კარგ წამოწყებას რომ ჩაუყარეს საფუძველი.

- უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებთ. 19 წლის ახალგაზრდისთვის ეს რთული პერიოდია...
- პირველი ლიგის შემდეგ უმაღლესი ლიგის მოთხოვნებთან შეგუება და სტაბილურად თამაში გაგვიჭირდა, რაც ზოგადად, ახალგაზრდებს ახასიათებთ და მათ შორის - მეც.

- ისიც პრობლემაა, რომ ასაკში განსხვავების გამო უფროსების წინააღმდეგ ხისტ თამაშს ერიდებით...
- ასეთი ფსიქოლოგიური მომენტებიც იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩემპიონატი სრულდება, უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს შევეგუეთ და გამოცდილი ფეხბურთელებივით, სტაბილურობა უკვე ჩვენც მოგვეთხოვება.

- პირველი წრე კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ სერიოზული ჩავარდნა გქონდათ. ეს რამ გამოიწვია?
- შესაძლოა, პრობლემა ის იყო, რომ 2015 წელს ერთდროულად სამ ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე - ორი ფორმაციის 19-წლამდელებსა და ახალგაზრდულში. პლუს ამას, კლუბში ეროვნულ ჩემპიონატსა და იუნიორების ჩემპიონთა ლიგაზე გამოვდიოდი და ძალიან დიდი დატვირთვა მქონდა.

მაგრამ მაინც მგონია, რომ მიზეზი უფრო ფსიქოლოგიაში იყო, ვიდრე გადაღლაში. სადაც მითამაშია, ყველგან გამქონდა. უცებ კი ისეთი უიღბლობა დამეწყო, რომ ძალიან მაგარ მომენტებს ვერ ვიყენებდი. მართალია, 19-წლამდელების შესარჩევ ჯგუფსა და ელიტრაუნდში გავიტანე, მაგრამ ჩემპიონატში ძალიან დიდი პაუზა გამომივიდა და ვნერვიულობდი.

16 ოქტომბრის შემდეგ ზუსტად 5 თვე გავიდა და ამის შემდეგ თავი პირველად 17 აპრილს, ფოთის "კოლხეთთან" მატჩში გამოვიჩინე. ამხელა პაუზის შემდეგ გატანილი გოლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე ვთქვათ, "გახსნას" ველოდებოდი და მერე "მერანთან" კიდევ ერთი დუბლი შევასრულე. ეს ბიჭების, მწვრთნელისა და, ზოგადად, "საბურთალოს" დამსახურებაა, სადაც მენდობიან და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

- ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "საბურთალოს" 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა. პაბლო ფრანკო მარტინმა ასეთი რა შეცვალა გუნდში, რომელიც მეორე წრის დასაწყისში ძალიან არეული იყო?
- ის ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და უპირველესად, ბიჭების ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოყვანა შეძლო. ჩვენი შესაძლებლობების ვირწმუნეთ და ავთამაშდით. ეს სათქმელად ადვილია, მაგრამ ძალიან რთულად გადასალახავი ბარიერი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული