უჩა სოსიაშვილი: დღეს ეს რთულად წარმომიდგენია...

AutoSharing Option
გორის "დილამ" მეორე წრე ცუდად დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ამის მიუხედავად, უჩა სოსიაშვილის გუნდმა ჩემპიონატის ფინიშზე მდგომარეობა მაინც გამოასწორა, ახლა მე-3 ადგილზეა და ევროპალიგის საგზურიც დაბევებული აქვს.

დარჩენილ ორ ტურში გორელებს უშუალო კონკურენტი საჩხერის "ჩიხურა" ვეღარ დაეწევა.

მართალია, ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილას" ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები ადრინდელივით ვერ გაახარებს, მაგრამ შემადგენლობის რადიკალური ცვლილების, არასტაბილური, ნერვული და ფინანსურად მძიმე სეზონის ფონზე, ესეც მშვენიერი შედეგია.

"ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელს დაელაპარაკა. ცხადია, პირველ რიგში დავინტერესდით, რა ცვლილებებია მოსალოდნელი გუნდში საევროპოდ.

"სეზონის ბოლოს
კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და სამომავლო გეგმებზე დავილაპარაკებთ. ქართულმა გუნდებმა ევროპაში თავი ღირსეულად რომ წარმოაჩინონ და ევროპის ლიგაზე კი არა, პლეი ოფში მაინც მოხვდნენ, ამას დრო და სტაბილური გარემო სჭირდება.

დღევანდელი ქართული ფეხბურთის ფონზე კი ეს რთულად წარმომიდგენია, რადგან ჩვენი გუნდების შემადგენლობები ლამის ყოველ ექვს თვეში რადიკალურად იცვლება. ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და შეთამაშებული გუნდის ჩამოყალიბებას 2-3 წელი მაინც სჭირდება", - ამბობს სოსიაშვილი.

ის იმედით უყურებს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას:

"პროგრამა ხუთწლიანია და სტაბილურობის განცდას მაინც გააჩენს. კლუბებმა ვიცით, რომ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთს სახელმწიფო დააფინანსებს, მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო გვექნება და ასე თუ ისე შესაძლებელი გახდება, რომ ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროთასებზე გამოსვლის გეგმები გავწეროთ.

არ აქვს მნიშვნელობა, კლუბის ბიუჯეტი ბევრი იქნება თუ ცოტა - ასეთ გარემოში მუშაობა ბევრად სასიამოვნო და დამაიმედებელია. შემოსავლიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელმა უნდა დაგეგმონ, როგორ ჩამოაყალიბონ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც შედეგსა და შემოსავლებზე, ანუ ტრანსფერებზე იქნება ორიენტირებული.

თუ ყველა კლუბმა მოახერხა და ამ პროგრამით იმუშავა, ქართული ფეხბურთისთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნება".

სოსიაშვილი ფიქრობს, რომ "დილას" განკერძოება შესაძლებელია:

"საერთოდ, კარგი იქნება, კლუბებს კერძო ინვესტორი რომ ჰყავდეთ და მხოლოდ სახელმწიფოზე არ იყვნენ დამოკიდებული. ამის პოტენციალი "დილასაც" აქვს და ყველა იმ კლუბსაც, რომელიც მენეჯმენტს სწორად წარმართავს.

დასამალი არ არის, რომ ჩვენი კლუბის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ ჯგუფებთან. რა და როგორ მოხდება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და ამაზე განცხადებას კლუბი გააკეთებს".

აპირებს თუ არა 26 წლის სპეციალისტი გორულ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას? სოსიაშვილს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"დილასთან" კონტრაქტი 2017 წლის მაისში მიმთავრდება. ასე რომ, კლუბში კიდევ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავებ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ კონტრაქტის გაწყვეტა ორმხრივი სურვილი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რატო არ შეიძლება რომ კერძო პირს ან ფირმას გადაეცეს არა მთლიანად კლუბი, არამედ მისი ნაწილი. დავუშვათ გორი აიღებს თავის თავზე სტადიონის მოვლას, ხოლო ხელფასებს სახელმწიფო პროგრამა და კერძო სექტორი დააფინანსებს. მოკლედ მაგალითისთვის ვთქვი.
თორე მთლიანად რომ აძლევთ სტადიონიან ბაზიანად, ჯერ ერთი კერძოს უძვირდება, ხოლო თუ უნამუსო აღმოჩნდა, შეუძლია ტერიტორიები მიითვისოს ხოლო გუნდს თავი დაანებოს ან დაასუსტოს. მოკლედ ყველა ვარიანტი უნდა გავითვალისწინოთ.
kvaxa
13:04 14-05-2016
0
უჩა სოსიაშვილი კარგი სპეციალისტია და დილაც კარგი გუნდია,სულ ჩემპიონობის პრეტენდენტია.ამათ ეხლა დახმარება და კაი სპონსორი სჭირდებათ...
status quo
14:56 14-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული