ლოკომოტივი-ტორპედო 1:2 - "ცხინვალთან" გადამწყვეტია... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მაისს ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული მატჩების სერია გააგრძელა, ხოლო თბილისის "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე უმძიმესი მარცხი (ცხადია, ამ შემთხვევაში მისი მნიშვნელობა იგულისხმება) განიცადა.

ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდი მეორე წრეში მეტისმეტად წარუმატებლად თამაშობს. 13 შეხვედრაში "ლოკომოტივმა" სულ 10 ქულა დააგროვა, 5 მატჩი წააგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ, 6 აპრილს, თბილისში ფოთის "კოლხეთთან" მოიგო.

თბილისელთათვის სამწუხაროდ, მათ მე-14 შეხვედრაც წააგეს. მართალია, მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მაგრამ კარგი ფეხბურთი ვერც ამჯერად აჩვენეს. მეტიც, ქუთაისელებმა თამაში სწრაფად დაალაგეს და რამდენიმე რეალური
საგოლე მომენტიც შექმნეს.

ყველაზე რეალური შანსი ლაშა შინდაგორიძეს ჰქონდა, რომელიც მცველების შეცდომის შედეგად მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა კარის ნაცვლად ბურთი ტრიბუნაზე აღმოჩნდა.

მაგრამ ქუთაისელებმა ტაიმის მიწურულს "ლოკომოტივს" "გასახდელში" გოლი მაინც გააყოლეს: კუთხურის შემდეგ თბილისელთა მცველის მიერ მოგერიებულ ბურთს საჯარიმოსთან ბექა ტუღუში დაეუფლა და ფეხი ისე ძლიერად დაჰკრა, მეკარე ლაზარე კუპატაძემ მხოლოდ ბადიდან გამოვარდნილი დაინახა - 0:1.

მასპინძლებს სხვა გზა არც დარჩენოდათ და აქტიურად შეუტიეს. წონასწორობის აღდგენას რატი არდაზიშვილი ცდილობდა - საჯარიმოს ხაზიდან მის მიერ ძლიერი დარტყმული ბურთი ქუთაისელთა მეკარე როინ კვასხვაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმი პირველზე ბევრად საინტერესო გამოდგა. ისევ არდაზიშვილმა იაქტიურა, რომელსაც ამჯერად გაცილებით რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან მეკარეს მოარტყა.

ქუთაისელებს სხვაობის გაზრდის შანსიც მიეცათ - ირაკლი კლიმიაშვილმა საჯარიმოში თორნიკე კაპანაძეს ბურთი იდეალურად ჩააწოდა, მაგრამ მის თავურს სიზუსტე დააკლდა.

56-ე წუთზე კლიმიაშვილი მცველთან ორთაბრძოლისას საჯარიმოში წაიქცა. არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ პენალტი დანიშნა, რამაც თბილისელთა აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მსაჯს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, 11-მეტრიანი კი უნაკლოდ და ეფექტურად გიორგი კუხიანიძემ დაარტყა - 0:2.

მალე "ლოკომოტივს" კარის აღების რეალური შანსი მიეცა, მაგრამ კუპატაძემ ჩინებული რეაქცია გამოავლინა და ტუღუშს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. თბილისელები მერეც ბევრს უტევდნენ და სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ. სტუმართა კარს რამდენჯერმე დაემუქრა დავით ჩაგელიშვილი, მაგრამ ხან სიზუსტე ღალატობდა, ხან კიდევ ბურთებს კვასხვაძე იგერიებდა.

"ლოკომოტივის" თამაში შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა გაამწვავა. მან მეკარესთან პირისპირ დატოვა ჩაგელიშვილი, რომელიც "ტორპედოს" მცველმა ხელებით მოქაჩა. კვარაცხელიამ მეორედ დანიშნა პენალტი, რომელიც გიორგი ფოფხაძემ კარგად შეასრულა და სხვაობა შეამცირა - 1:2.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ეს იყო მატჩის საბოლოო ანგარიში. ამგვარად, ალექსანდრ შტელინის გაწვრთნილებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს.

მე-12-ადგილოსანმა "ლოკომოტივმა" კი 24 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონის სამეულს სახიფათო მანძილზე მიახლოების საშუალება მისცა. ამდენად, ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებისთვის "ცხინვალთან" ბოლო ტურის შეხვედრა უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

საერთოდაც, ბოლო ტურის ინტრიგა სწორედ ესაა - გავიგებთ, ვინ გავარდება უმაღლესი ლიგიდან და ვინ დარჩება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
13.05. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ტუღუში (45), 0:2 კუხიანიძე (56-პენ), 1:2 ფოფხაძე (81-პენ)
ლოკომოტივი: კუპატაძე - ჩიტეიშვილი, ფოფხაძე, გაბაძე, გეთიაშვილი - სამურკასოვი (61. დარციმელია), ქიქავა - არდაზიშვილი, მზევაშვილი (65. გავაშელიშვილი), კიკაბიძე (56. დიასამიძე) - ჩაგელიშვილი.
სათადარიგონი: მიქავა, სულთანიშვილი, პატარკაციშვილი, ქანთარია
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
ტორპედო: კვასხვაძე - ტაბატაძე, ნერგაძე, ჭიჭინაძე - ბაბუნაშვილი (72. ფურცხვანიძე) მამასახლისი, ტუღუში (75. წილოსანი) - კლიმიაშვილი, კუხიანიძე, შინდაგოროძე (30. ქიმაძე) - კაპანაძე.
სათადარიგონი: ქვილითაია, ფანცხავა, ბრეგვაძე, ბურჯანაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილებები: სამურკასოვი (60), ჭიჭინაძე (80)
არბიტრი: ლევან კვარაცხელია.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13.

ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი -გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა უბედურებაა მუდამ ეს ერთი და იგივე სიმღერით ტორპედოს მატჩების მიმოხილვის გადმოწერა?
თვითონ ვერ აკეთებთ მიმოხილვებს და კადრების დაწყობას რომ დაინტერესებული მხარის ინფო არ დადოთ და თან მუსიკა-სიმღერით?
რაღაც კულტურა და ეთიკა ხომ უნდა გქონდეთ ჟურნალისტებს , მხოლოდ მზა პროდუქციას რომ იყენებთ?
იქნებ არ მოსწონს ამ სიმღერის მოსმენა სსვებს?თუ ხმა უნდა გამოვროთ და მუნჯად ვუყუროთ კადრებს?
QWERTY
13:40 16-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული