კოლხეთი-გურია 0:1 - დაეწია და გაუსწრო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საცოდაობა იქნებოდა, "გურია" რომ გავარდნილიყო" - იტყვის ნამატჩევს ლანჩხუთელთა გამოცდილი სპეციალისტი თემურ მახარაძე. მართალიცაა: მისმა მომზადებულმა გუნდმა (ოფიციალურად დანიშნული არ არის) სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ეს არ ჰგავდა იმ გუნდის თამაშს, რომელსაც ლიგის დატოვების პერსპექტივაც ჰქონდა. მართალია, სტუმრებს მეტი მოტივაცია გააჩნდათ, თუმცა დამთმობნი არც კოლხები ჩანდნენ. უბრალოდ, "გურიამ" მასპინძელი აშკარად დაჩაგრა.

მას შემდეგ, რაც გორიდან დამაიმედებელი ინფორმაცია მოვიდა, გურულებს ფსიქოლოგიური წნეხიც მოეხსნათ - უარეს შემთხვევაში გადათამაშება ელოდათ.

მატჩი სტუმრების შანსით დაიწყო და კინაღამ სტარტზევე გაიხსნა ანგარიში. ამას "კოლხეთმა" ამირან გუგუშვილის
"გასროლით" უპასუხა - ტრიბუნაზე ყველას რომ გოლი ეგონა, ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.

ეს იყო და ეს - უკეთესი მასპინძელმა ვეღარაფერი შექმნა. სამაგიეროდ, გაილაღა "გურიამ" - ჯერ, ვასილ შტანდერს რომ ეყოჩაღა, გოლს წინ ვერავინ გადაუდგებოდა, მატჩის უდავოდ საუკეთესო მოთამაშის, ევგენი მოროზენკოს უძლიერეს დარტყმას კი - ხარიხა "გადაეღობა".

მერე გიორგი კახელიშვილის გამჭოლ გადაცემას თავისიანებმა კარისკენ ფეხი ვერ ჰკრეს, ერთხელ მეკარემაც იხსნა "კოლხეთი", ტაიმის ბოლოს კი მასპინძელ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ იქვე მდგომი არსენ ნონიკაშვილის სასტვენმა გუნდები შესვენებაზე გაუშვა.

მართალია, ხიფათს "გურია" ქმნიდა, მაგრამ სიმწვავე ფოთელთა შეტევებსაც არ აკლდა. ეს მანამ, ვიდრე მერაბ გიგაური მეორე ყვითელს არ "აიკიდებდა" - მერე მასპინძლებმა სწორად გათვალეს და დაცვაში ჩაჯდნენ.

მათი მეკარეც ჩინებულად თამაშობდა და სამი გიორგის - ალავერდაშვილის, გამყრელიძისა და კახელიშვილის მცდელობები კარის ხაზზე მთავრდებოდა. ბოლო დამატებულ წუთზე ლაშა ძაგანიაც უძლური აღმოჩნდა - გამყრელიძემ სუპერგოლი გაიტანა...

ამ დროს ქობულეთური მატჩის შედეგი ცნობილი იყო და "გურიას" დარჩენა განაღდებული ჰქონდა. უბრალოდ, გუნდმა, რომელსაც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა, ამ მოგებით გადაუსწრო ერთბაშად 5 გუნდს, მათ შორის, ქულებით "კოლხეთსაც" დაეწია და ურთიერთშეხვედრებით აჯობა კიდეც...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური
22.05. ფოთი. "პარკი არენა"
კოლხეთი-გურია 0:1
გოლი: 0:1 გამყრელიძე (90+2)
კოლხეთი: ძაგანია, ჟიშკარიანი, ზ. თევზაძე, დ. სიჭინავა (60. გურეშიძე), თუხარელი (59. ნიქაბაძე/90. ბეჩეხია), გიგაური, ქებურია, კოროპკა, ჩაკვეტაძე, გოგონაია, გუგუშვილი.
სათადარიგოები: ხოფერია, ლ. კაკულია, თ. გვალია, კარანაძე
მწვრთნელი: გელა სანაია
გურია: იმერლიშვილი, გელაშვილი, ი. კვეკვესკირი, ნოზაძე, ჩადუნელი, კილაძე, გამყრელიძე, მოროზენკო, კახელიშვილი, შტანდერი, ალავერდაშვილი.
სათადარიგოები: ჯოვანოვიჩი, ჟუნიორი, ლაბაძე, მასხულია, გუჯაბიძე
მწვრთნელი: გია გოგუა
გაფრთხილება: კვეკვესკირი (8), გიგაური (44), გიგაური (69), გამყრელიძე (90+2)
გაძევება: გიგაური (59)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 24
ო. მარცვალაძე (დილა) 19
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
გ. ბუხაიძე (საპოვნელა) 15
დ. ტატანაშვილი (სიონი) 14

ევროტურნირებზე ითამაშებენ
ჩემპიონთა ლიგა (საკვალ.) დინამო, თბ
სამტრედია

ევროპალიგა (საკვალ.) დილა
ჩიხურა

უმაღლესი ლიგიდან გავარდნენ
მერანი (მარტვილი)
საპოვნელა (თერჯოლა)

პლეი ოფი
29 მაისი
ზუგდიდი-კოლხეთი (ხობი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ახლად ჩამოყალიბდა გუნდი მერე ერბაშად რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა გურიამ შეუძლებელი შეძლო ძალიან მაგარი ბიჭები ყავთ მაგრამ ერთი ანდერძისა არ იყოს: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა
ალექს
13:39 25-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული