ზუგდიდი-კოლხეთი (ხ) 2:1 - ზუგდიდი (გა)დარჩა

AutoSharing Option
ფოტოზე: გახარებული ზუგდიდელები გასახდელში ზეიმობენ
ფოთმა XXVII ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩს უმასპინძლა და ამით საფეხბურთო სეზონიც დასრულდა. უმაღლეს ლიგაში მე-14 ადგილზე გასული "ზუგდიდი" პირველ ლიგაში მე-3 საფეხურზე მყოფ ხობის "კოლხეთს" დაუპირისპირდა.

"პარკი არენა" სრულად შეივსო. ზუგდიდელთათვის მოგება უმაღლეს ლიგაში დარჩენას ნიშნავდა, ხოლო ხობელებს ეროვნულ ლიცენზიაზე უარი ეთქვათ და ელიტაში მათი დაბრუნება გამარჯვების შემთხვევაშიც გამორიცხული იყო. ამის მიუხედავად, მეგრული დერბი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ხობელებმა მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს და უმოტივაციო თამაშში "სპორტული სამართლიანობის პრინციპის" დაცვის მაგალითი აჩვენეს.

თავიდან ზუგდიდელები
აქტიურობდნენ, რასაც გია გურულის "კოლხეთი" კონტრშეტევებით პასუხობდა. ამ ტაქტიკამ გაამართლა. "ზუგდიდს" ნერვიულობა ეტყობოდა, მეკარე და მცველები არადამაჯერებლად თამაშობდნენ და ამას გოლიც მოჰყვა - ზუგდიდელთა ნიგერიელი ცენტრალური მცველის, რაფაელ ჩუკვურას ერთ-ერთი შეცდომის შემდეგ ბურთი ხობელთა ფორვარდმა გიორგი ჭედიამ აართვა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ზურაბ ჭანტურიძე მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა - 0:1.

ეს იმდენად უხეში შეცდომა იყო, ჩუკვურას თანაგუნდელი ოთარ ჯავაშვილი მიეჭრა და გამწარებულმა ხელი ჰკრა...

"ზუგდიდმა" ანგარიში ტაიმის ბოლო წუთზე გაათანაბრა - საჯარიმოს კუთხესთან დანიშნული ჯარიმა ლევან წურწუმიამ უნაკლოდ შეასრულა და ხობელთა კარის ბადე შეარხია - 1:1.

53-ე წუთზე გურამ სამუშიამ პატარა საფეხბურთო სპექტაკლი დადგა - ბურთი მოედნის ცენტრთან მიიღო, დრიბლინგით 5 მეტოქეს გასცდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა - 2:1.

ეს იყო ნამდვილი შედევრი, რომელსაც ხელს ნებისმიერი ფეხბურთელი მოაწერდა.

მალევე, პაატა ჭანტურიას გადაცემის შემდეგ, გურამ სამუშიას სხვაობის გაზრდაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. 58-ე წუთზე კი ის სხვა მხრივაც გამოირჩა - ხობელთა მცველს ეუხეშა, მეტოქეებმა ერთმანეთზე გაიწიეს და ვითარება დაიძაბა. ვნებების დასაცხრობად, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ სამუშიას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ხობელებმა უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს. 74-ე წუთზე კი ისინიც კაცნაკლულები დარჩნენ - ვადაჭკორიამ მეორე ყვითელი ბარათი გიგა წურწუმიასაც აუფრიალა.

საბოლოოდ, მატჩი ასეც დასრულდა - "ზუგდიდმა" 2:1 გაიმარჯვა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი
29.05. ფოთი. "პარკი არენა"
ზუგდიდი-კოლხეთი (ხ) 2:1
გილები: 0:1 ჭანტურიძე (29), 1:1 ლ. წურწუმია (45), 2:1 გ. სამუშია (53)
ზუგდიდი: ჯომიდავა - გ. ქანთარია, ჩუკვურა, გაგოშიძე, ჯავაშვილი - პ. ჭანტურია (87. ჩანადირი), ს. მალანია (49. თიბილაშვილი) - ლ. წურწუმია, სიხარულია, თუთბერიძე (72. ც. სამუშია) - გ. სამუშია.
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
კოლხეთი: გელაშვილი - ო. ფიფია, რ. ონიანი, ვართაგავა, მ. ლომაია (85. არქანია) - გ. წურწუმია, ლოლუა - ბაკურაძე, მეფიშვილი, გ. ჭედია (51. გ. თევზაძე) - ჭანტურიძე (81. აკა).
მწვრთნელი: გია გურული
გაფრთხილებები: თუთბერიძე (23), ო. ფიფია (30), გ. სამუშია (52), ლ. წურწუმია (58), გ. წურწუმია (58), ც. სამუშია (78), ონიანი (88)
გაძევება: გ. სამუშია (58), გ. წურწუმია (74)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი საფეხბურთო გარემო იყო ფოთში. კოხტა სტადიონი, სავსე ტრიბუნები, კარგი გულშემატკივრობა. ვისურვებდი ბევრი ასეთი თამაში ყოფილიყოს ჩემპიონატში
tengo
16:43 30-05-2016
0

სიახლეები პოპულარული