"ვიტ ჯორჯიას" ლიცენზიაზე უარი ორი მიზეზით ეთქვა: 1) "მცხეთა პარკი" უმაღლესი ლიგისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა; 2) თანამშრომლების მიმართ დავალიანებები ჰქონდა.
გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" მიმართვა გაავრცელა:
"მიგვაჩნია, რომ ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს საფეხბურთო ნორმატიული აქტების განაწესებს არ შეესაბამება.
ლიცენზირების კომიტეტის ძირითადი
მაგრამ ლიცენზირების კომიტეტს გამორჩა, რომ სფფ-ის ლიცენზირების დებულების დამატებაში ეს მუხლი ამოღებულია და ამის გამო ეროვნული ლიცენზიის გაცემაზე უარი აბსოლუტურად უკანონოა.
აღსანიშნავია, რომ 27-ე ეროვნული ჩემპიონატის დებულების დანართის პრეამბულაში, სიმკაცრის მიხედვით, უმაღლესი ლიგის კლუბების სტადიონებისადმი მოთხოვნები 3 თანრიგად იყოფა: A - სავალდებულო, B - აუცილებელი და C - გასათვალისწინებელი.
ლიცენზირების კომიტეტი ლიცენზიის გაცემაზე უარის მოტივად აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს მიუთითებდა, რაც B თანრიგის მოთხოვნებს განეკუთვნება და მათი შეუსრულებლობა ავტომატურ უარს არ იწვევს, თუმცა კლუბს ფინანსური სანქციები დაეკისრება", - ვკითხულობთ მიმართვაში.
"ვიტ ჯორჯია" აცხადებს, რომ სავალდებულო და აუცილებელი ინფრასტრუქტურული მოთხოვნები დადგენილ ვადებში ბოლომდე შეასრულა:
"სტადიონების ინსპექტირების (საშეჯიბრო და სალიცენზიო) კომისიის მივლინების თაობაზე კლუბს 8 თებერვალს ეცნობა. 18 მარტს "ვიტ ჯორჯიას" ლიცენზირების კომისიის წევრმა და ინფრასტრუქტურის კრიტერიუმების ექსპერტმა თამარ ასათიანმა მიმართა და კლუბს ხარვეზები განუსაზღვრა, რაც ლიცენზირების პერიოდში კლუბმა სრულად აღმოფხვრა.
ასათიანი 18 მარტის წერილში აღნიშნავდა, რომ სხვა ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, კლუბს დამატებით აცნობებდა. თუმცა ამის შემდეგ სტადიონები და სავარჯიშო მოედნები ადგილზე აღარ შეუმოწმებია, არანაირი შენიშვნა აღარ მიგვიღია და სხვა ხარვეზებიც არ დადგენილა.
შესაბამისად, ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომ "მცხეთა პარკი" უმაღლესი ლიგის აუცილებელ ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, სრულიად უსაფუძვლოა, ხოლო ეროვნულ ლიცეზიაზე უარი - უსამართლო".
დავალიანებებზე "ვიტ ჯორჯია" აცხადებს შემდეგს:
"სფფ-ის ლიცენზირების დებულებით, დავალიანება ვადაგადაცილებულად არ ითვლება, თუ კრედიტორთან დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდება.
25 მარტს "ვიტ ჯორჯიამ" დავალიანების ივნისამდე გადავადებაზე თანამშრომლებთან შეთანხმება გააფორმა, რასაც სრული შემადგენლობა დაეთანხმა. ეს შეთანხმება 28 მარტს "ვიტ ჯორჯიამ" სფფ-ის კონტრაქტორ აუდიტორულ კომპანია PWC-ს გადაუგზავნა, რასაც კომპანია წერილობით ადასტურებს.
აქედან გამომდინარე, ლიცენზირების კომიტეტს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, დავალიანება ვადაგადაცილებულად მიეჩნია და ეროვნულ ლიცენზიაზე უარი ეთქვა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ 28 აპრილისთვის დავალიანება სრულად დაიფარა. თუმცა ეს ფაქტობრივი გარემოებაც არ გაითვალისწინეს".
კლუბი წერს, რომ ყველა სააპელაციო ორგანოს მიმართეს:
"...თუმცა მათი ქმედებები და გადაწყვეტილებები იყო ფორმალური. ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მათ სამართლიანობის აღდგენის სურვილი ამოძრავებდათ. დოკუმენტალური მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, უკანონო გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გაუგონარ უსამართლობასთან გვაქვს და "ჩაკეტილი წრის" პრინციპი სამართლის პოვნის არანაირ საშუალებას არ გვაძლევს, ერთადერთი სამართლებრივი გზა გვრჩება: მივმართოთ სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და ვთხოვოთ, მოიწვიოს აღმასკომის სხდომა, რომელიც სფფ-ის წესდების საფუძველზე, ფეხბურთის განვითარებისა და სამართლიანობის პოლიტიკის შესაბამისად, "ვიტ ჯორჯიის" უმაღლეს ლიგაში დაშვების საკითხს განიხილავს".
ჩვენი მხრივ, ვეცდებით, სფფ-ის ლიცენზირების კომიტეტის კომენტარი ხვალინდელ ნომერში შემოგთავაზოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"