ბოლნისის "სიონი" ოთხი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა თოთაძე
როგორც ჩანს, მომავალ სეზონში ბოლნისის "სიონს" ერთობ ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლება. არმაზ ჯელაძის სამწყსო ოთხი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. ეს ის ფეხბურთელები არიან, საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე სერიოზულ ძალას რომ წარმოადგენენ.

"სიონის" ღირსებას დაიცავს 27 წლის ცენტრალური მცველი ლაშა თოთაძე. მას ბოლნისურ კლუბში ადრეც უთამაშია. თოთაძე თავის დროზე თბილისის "დინამოს" წევრიც იყო, ბოლოს კი "საბურთალოში" თამაშობდა.

მომავალ სეზონში "სიონისთვის" გაირჯება 26 წლის ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე, რომელიც "ვიტ ჯორჯიის" აღზრდილია. ბოლო წლებში ის თბილისის "დინამოში" თამაშობდა, მანამდე კი, მცირე ხნით, რუსულ
პირველ დივიზიონშიც გააგორა ბურთი.

"სიონის" მესამე ახალწვეული ფლანგის შემტევი, 23 წლის ლაშა შინდაგორიძეა. მას არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია, ბოლოს კი ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო.

"სიონის" მეოთხე ახალწვეული 25 წლის თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძეა. ისევე, როგორც თოთაძემ, შინდაგორიძემ და ჯანელიძემ, ბოლნისურ კლუბთან სიხარულიძემაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აქამდე მას თბილისის "დინამოში", "ვიტ ჯორჯიაში", "მეტალურგში", ბათუმის "დინამოში", "ზესტაფონსა" და "სამტრედიაში" უთამაშია.

ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "სიონი" დატოვეს დიმიტრი ტატანაშვილმა და გიული მანჯგალაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული