გარდამავალი ჩემპიონატი: ფორმატი, იაშვილი, ლიმიტები და ხარისხიანი ლეგიონერები...

AutoSharing Option
10 ივნისს გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაამტკიცა...

უმაღლესი ლიგა
აღმასკომმა მომავალი (გარდამავალი) ჩემპიონატის ფორმატსა და დებულებაზე იმსჯელა, რაც დიდ ინტერესს იწვევდა. დამტკიცდა - საქართველოს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი 7 აგვისტოს დაიწყება. ვფიქრობთ, ახალი ფორმატი ჩემპიონატისადმი ქომაგთა ინტერესს გაზრდის, რადგან დაძაბულობა გარანტირებული იქნება.

ჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა დღეს, 13 ივნისს, 14 საათზე, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გაიმართება.

ჩემპიონი "დინამო" და ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" სხვადასხვა ჯგუფში გადანაწილდებიან. უმაღლეს ლიგაში 14 გუნდი წილისყრის შედეგად
ორ ჯგუფში გადანაწილდება, სადაც 7-7 კლუბი ორ წრედ ითამაშებს. ორივე ჯგუფის ბოლოადგილოსანი პირდაპირ ქვედა ლიგაში დაქვეითდება, ხოლო მე-5 და მე-6-ადგილოსნები ჯვარედინად დაწყვილდებიან და 2-მატჩიან პლეი-აუტში 2017 წლის სეზონისთვის (რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ჩატარდება) უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელს გაარკვევენ.

პლეი-ოფი გაარკვევს უეფას თასის მონაწილეთა ვინაობასაც: მე-2 და მე-3-ადგილოსნები, ასევე ჯვარედინი დაწყვილებით, გამოავლენენ საუკეთესოებს, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ, ხოლო ჩემპიონის ვინაობა ჯგუფების გამარჯვებულთა 2-მატჩიან (შინ და გარეთ) დაპირისპირებაში გაირკვევა. გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს მოიპოვებს, დამარცხებულს კი ევროპალიგის შესარჩევით მოუწევს დაკმაყოფილება.

დავით მუჯირი: ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გველის

პირველი ლიგა
პირველ ლიგაში კიდევ უფრო დაძაბული და მაპროვოცირებელი ფორმატია. აქ სულ 18 გუნდი ითამაშებს. ისინი 9-9-გუნდიან ორ ჯგუფში გადანაწილდებიან. ბოლო სამ ადგილზე გასული გუნდები (ანუ სულ - 6) ავტომატურად დატოვებენ პირველ ლიგას.

ჯგუფებში 2-2 საუკეთესო რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელთაც უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებული ოთხი გუნდი დაემატება. დარჩენილი ორი გუნდის ვინაობას პირველი ლიგის ჯგუფებში III-VI ადგილებზე გასულთა პლეი-აუტი გამოარკვევს.

ერთი ჯგუფის მე-3 გუნდი მეორე ჯგუფში მე-6 ადგილზე გასულს, მე-4 კი მე-5-ს გაეჯიბრება ორმატჩიან დაპირისპირებაში. აქედან 4 გამარჯვებული იმ ნახევარფინალურ წყვილებს გამოავლენს, თუ რომელი ითამაშებს პრო 2 ლიგაში და რომელი - ეროვნულ ლიგა 1-ში.

აქაც ჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა "ბასაში" დღეს, 13 ივნისს გაიმართება, ოღონდ - 16 საათზე. ჯგუფებში მოწინავენი მეორე წინა გათამაშების გამარჯვებულები - ცხინვალის "ლიახვი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" იქნებიან.

საქართველოს თასი
ევროტურნირებზე ასევე მოხვდება თასის გამარჯვებული: დავით ყიფიანის სახელობის თასის 2016 წლის გათამაშებაში უმაღლესი და პირველი ლიგის მხოლოდ 32 გუნდი ითამაშებს. ყველა რაუნდში გამარჯვებული ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა.

პირველ ეტაპზე პირველი ლიგის 8 დაბალრეიტინგიანი გუნდი 4 გამარჯვებულს გამოავლენს, რომლებიც პირველი და უმაღლესი ლიგების 10-10 გუნდთან ერთად 12 წყვილს შექმნიან. 1/8-ფინალიდან კი მათ ევროთასების მონაწილე ოთხეული დაემატება.

შეუჩერეს და აღუდგინეს
აღმასკომმა დაამტკიცა 28 ივნისს გასამართავი XXVI ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი. ასევე, საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე, რუსთავის "მეტალურგს" შეუჩერა სფფ-ის წევრობა, საქართველოს ფუტსალის ასოციაციას პირიქით - შეჩერებული წევრობა აღუდგინა.

იაშვილი მეოთხეა...
აღმასკომზე გადაწყდა, რომ ფეხბურთის ფედერაციას მეოთხე ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება და ამ პოსტზე ალექსანდრე იაშვილი დაამტკიცა. 38 წლის იაშვილმა კარიერა ახლახან, თბილისის "დინამოში" დაასრულა. ცნობილი გახდა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი კონკრეტულად ეროვნული ნაკრების მიმართულებით იმუშავებს, მაგრამ მის ფუნქციაში ასაკობრივი ნაკრებები არ შევა.

"ეროვნული ნაკრები ქვეყნის სახეა და ამ თანამდებობაზე მუშაობა დიდი პატივია. რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის ახალ ფორმატს, ის მისაღებია. ყველა გუნდს 14 თამაშის ჩატარება უწევს. ამას გარდა, კლუბები ითამაშებენ საქართველოს თასსა და ევროტურნირებზე, ფეხბურთელთა გარკვეული ნაწილი - ეროვნულსა თუ ასაკობრივ ნაკრებებში. პირადად მე, გარდამავალ ჩემპიონატში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი", - ამბობს იაშვილი.

ლიმიტები მოხსნილია
ფეხბურთის ფედერაციისა და კლუბების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე, სადაც გარდამავალი ჩემპიონატის ახალ ფორმატზე იმსჯელეს, კლუბებმა სხვა საკითხები და მოთხოვნებიც წამოსწიეს.

"ლელომ" უკვე გაგაცნოთ ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის, მალხაზ მახარაძის მოსაზრება. ბათუმელთა ინიციატივა იყო, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტი გაზრდილიყო, რადგან აქამდე უფასოდ მხოლოდ 3 უცხოელის დარეგისტრირება იყო შესაძლებელი. მახარაძის თქმით, კლუბებმა მეორე წინადადებასაც დაუჭირეს მხარი: უმაღლესი ლიგის გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაკანონდა ორი 21-წლამდელი ფეხბურთელის შეყვანა, რაც, ბათუმელთა აზრით, მიუღებელი იყო.

სფფ-ის აღმასკომმა ეს შენიშვნები გაითვალისწინა და დებულებაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანა: ამიერიდან, ორი 21-წლამდელის ძირითად შემადგენლობაში დაყენების აუცილებლობა მოიხსნა, ხოლო ლეგიონერთა რაოდენობა გაიზარდა - კლუბებს განაცხადში სარეგისტრაციო გადასახადის გარეშე 3 ლეგიონერის ნაცვლად 5-ის შეყვანა შეეძლებათ. ოღონდ, ეგ არის, რომ ლეგიონერების მიმართ მოთხოვნები გამკაცრდა და გაურკვეველი დონის უცხოელთა ჩამოყვანის აღსაკვეთად, კლუბებს მოეთხოვათ, რომ ორ ლეგიონერს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ნათამაშები.

რამდენად შესაძლებელია ჩვენთან ასეთი ლეგიონერის ჩამოყვანა, ამის თქმა ძნელია, მაგრამ პლაჟის ფეხბურთელებში ფულის კეთების დრო რომ უნდა დასრულდეს, ამაზეც ორი აზრი არ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ამდენი ვიცე პრეზიდენტი რა უბედურება?
Beqa
12:43 13-06-2016
0
ფედერაციის "გენიოსებს" ჰგონიათ რომ გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესში დარჩენისათვის ბრძოლის სიმძაფრე გადავა ახალი სეზონიდან 10 კლუბიან ლიგაში და თითქოს ეს შემცირებული ოდენობა ხარისხს წამოწევს.
... ფედერაციიდან,ხარისხს წევს კერძო საკუთრება/გასხვისება გუნდების და არა მათი შემცირება.
თქვე გაუნათლებელო ხალხო სისტემა ვერ დადევით თუ როგორ დააინტერესოთ კერძო პირები და აქციონერები ქართული კლუბებით. ...მხოლოდ კონკრეტულ მყიდველებს ეძებთ, აი სააქციოებად კლუბების გადაკეთება კი არა გაწყობთ,ანუ ეს იგივეა რომ ფეხბურთის განვითარება არ გაწყობთ.
არ სჯობდა რომ ყველა სახელმწიფო კლუბი უმაღლესი და პირევლი ლიგისა სააქციოებად აქციოთ და გამოაცხადოთ მათი აქციების გაყიდვა ? თქვენ ისიც კი არ იცით რომ 30-ივე კლუბის აქციები გაიყიდებობდა.
ამიტომაცაა რომ ქვეყანაც ვერ აშენდა იმიტომ რომ ... არიან ყველგან მენეჯერებად.
ამ საცოდავებს უნდათ საპრიზო ფონდებით დააინტერესონ კერძო ინვესტორები.
უფალო იხსენი საქართველო გაუნათლებელი და უტვინო ხალიხსაგან.
Guadua
13:56 13-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული