II ლიგა. ცენტრალური ზონა: "მარკ სტარის" აღზევება

AutoSharing Option
ისე მოხდა, რომ საქართველოს ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონში ყველაზე გვიან მეორე ლიგის ცენტრალური ზონის გათამაშება დასრულდა. ამ ზონაში გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვა: თბილისის "მარკ სტარმა" დასძლია "რეალ ვარკეთილის" კონკურენცია და პირველი ლიგის საგზური მოიპოვა...

შეგახსენებთ, რომ მეორიდან პირველ ლიგაში მანამდე ვანის "სულორი" (დასავლეთი ზონა) და "გარდაბანი" (აღმოსავლეთი ზონა) აღზევდნენ; უფრო ზუსტად, სხვადასხვახნიანი პაუზის მერე დაბრუნდნენ პირველ ლიგაში; აი, დედაქალაქური "მარკ სტარი" კი პირველად იასპარეზებს ამ ტურნირში.

"მარკ სტარის" ისტორია მხოლოდ ოთხ წელიწადს ითვლის და მეორე ლიგაში პირველად 2013/14 წლების სეზონში
გამოჩნდა, როცა ძალიან ცოტა დააკლდა სენსაციურ შედეგამდე: მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა "ბორჯომს".

მომდევნო სეზონში "მარკ სტარი" თავის ზონაში VI ადგილზე გავიდა, 2015/16 წლების სეზონის დაწყების წინ კი ცენტრალურ ზონაში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა ("ალაზანთან", "არაგვთან" და "რეალ ვარკეთილთან" ერთად) და საბოლოოდ, ეს სტატუსი გაამართლა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, "მარკ სტარში" ლეგიონერები (ძირითადად, ნიგერიელები) ჭარბობდნენ, წინა სეზონიდან მოყოლებული კი გუნდი ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ამათგან ზოგიერთს სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი თუ პირველი ლიგის გუნდებში უთამაშია: 30 წლის ჯაბა ბერიანიძეს, 24 წლის ალექსანდრე ქორჩილავას, 25 წლის ჯინო რეჭიას, 24 წლის გიორგი ჭაავას და სხვებს.

"მარკ სტარში" ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა და ასევე ახალგაზრდა გახლავთ გუნდის მთავარი მწვრთნელი, 33 წლის თენგიზ სულაქველიძე-უმცროსი, ლეგენდარული ფეხბურთელის, თენგიზ სულაქველიძის ვაჟი.

ახლა კი რამდენიმე სიტყვა "რეალ ვარკეთილზეც" უნდა ვთქვათ, მით უფრო, რომ ეს გუნდი შარშან ზაფხულს ჩამოყალიბდა და სულ ცოტა დააკლდა, რომ სადებიუტო სეზონშივე მოეპოვებინა პირველი ლიგის საგზური.

ახალგაზრდა სპეციალისტის, 30 წლის დავით მაჩიტიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "რეალ ვარკეთილმა" ჩემპიონატი 22-მატჩიანი წაუგებელი სერიით დაამთავრა, მაგრამ პირველი ადგილის დასაკავებლად ეს სერია საკმარისი არ აღმოჩნდა, ისევე, როგორც "რეალ ვარკეთილის" მართლაც სუპერშედეგიანი თამაში - გუნდს მეტოქეთა კარში საშუალოდ ოთხ გოლზე მეტი გაჰქონდა.

აღარაფერს ვამბობთ 2015/16 წლების საქართველოს ჩემპიონატის (ყველა ლიგის გათვალისწინებით) სარეკორდო მოგებაზე: 27 ოქტომბერს "რეალ ვარკეთილმა" დიღომში, "ავაზას" სტადიონზე ნინოწმინდის "ფარავანს" უმასპინძლა და ასტრონომიული ანგარიშით დაამარცხა - 18:0!

ამ მატჩში "რეალ ვარკეთილის" ორმა ფეხბურთელმა ჩინებული ინდივიდუალური შედეგი უჩვენა: 23 წლის თავდამსხმელმა გიორგი ნარსიამ მეტოქის კარში 5 გოლი გაიტანა, 27 წლის ნახევარმცველმა თამაზ ჩარგეიშვილმა კი - 8 (აქედან 3 - პენალტით).

ჩარგეიშვილი გარკვეული პერიოდი ლიტვასა და პოლონეთში ასპარეზობდა, მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "გაგრას" ღირსებას იცავდა, ისევე, როგორც მიხეილ კობერიძე და ირაკლი შალიკაშვილი.

"რეალ ვარკეთილის" ყველაზე ცნობადი სახე კი 32 წლის ნახევარმცველი ლაშა ქებაძე გახლდათ, რომელსაც უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაუტარებია.

ცენტრალური ზონა
ბოლო ტური
ფარავანი-მარკ სტარი 0:5
აბული-იბერია 5:1
35-ე სკოლა-ჰერეთი 7:1
არაგვი-ივერია 3:1
დურუჯი-საქ.უნ. 2:4
ლიახვი (აჩ)-მეტალურგი 3:0 (ტ.შ)
ალაზანი-ლიახვი 2 (ცხ) 3:0

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. მარკ სტარი 28 24 3 1 89-13 75
2. რეალ ვარკეთ. 28 24 2 2 119-16 74
3. არაგვი 28 22 0 6 97-36 66
4. ალაზანი 28 18 3 7 91-34 57
5. ივერია 28 17 3 8 58-39 54
6. საქ. უნივერ. 28 16 5 7 92-68 53
7. ლიახვი (აჩ) 28 15 3 10 83-44 48
8. 35-ე სკოლა 28 15 1 12 80-49 46
9. დურუჯი 28 10 2 16 56-79 32
10. აბული 28 9 4 15 33-60 31
11. ლიახვი 2 (ცხ) 28 9 2 17 49-83 29
12. ჰერეთი 28 6 1 21 28-86 19
13. იბერია 28 3 3 22 39-114 12
14. ფარავანი 28 3 1 24 27-141 10
15. მეტალურგი 28 2 1 25 19-98 7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა წელში გაღუნულები დგანან, ფეხბურთელები არიან თუ ძველი ბიჭები?
levani
19:45 18-06-2016
0

სიახლეები პოპულარული