არმაზ ჯელაძე: ბოლნისის "სიონის" მიზანი ოთხეულია!

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდის მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე მომავალს იმედით უყურებს. ბოლნისელებმა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს და მომავალ სეზონში, წესით, ერთობ ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებათ.

"ლელო" არმაზ ჯელაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა:

- ვიცით, რომ მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაგეგმეთ...
- ამ ეტაპისთვის რაც გარკვეულია, იმას გეტყვით. მოსამზადებელი პერიოდი დავიწყეთ კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიაში. ამასთან ერთად, უკვე დავგეგმეთ ორი ამხანაგური შეხვედრა აზერბაიჯანის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "გაბალასთან".

- ფაქტია, "სიონმა" საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია აწარმოა...
- როგორც იცით, მომავალ სეზონში
ჩვენთან ითამაშებენ: ლაშა თოთაძე, გიორგი ჯანელიძე, ლაშა შინდაგორიძე, ირაკლი სიხარულიძე, ზვიად ლობჟანიძე და ლაშა კასრაძე. რაც შეეხება ოთარ კობახიძეს, მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. დავიბრუნეთ ჯაბა უგულავა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში "მერანში" თამაშობდა.

- ...და ამით ამოიწურა სატრანსფერო აქტიურობა თუ კიდევ აპირებთ მოთამაშეების დამატებას?
- არა, არ ამოწურულა, ახლა ველოდებით ფეხბურთელებს უცხოეთიდან. დავაკვირდებით მათ შესაძლებლობებს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას - დარჩებიან თუ არა ისინი "სიონში".

- რომელი ქვეყნიდან ელოდებით ფეხბურთელებს?
- ველოდებით სერბ, ბრაზილიელ და ბელორუს ფეხბურთელებს. ამ ეტაპზე მათი გვარებისა და სათამაშო კარიერის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ჩამოვლენ, შევხედავთ მათ სათამაშო დონეს და მერე დაწვრილებით ვისაუბროთ ამ თემაზე.

- ამ შემადგენლობით "სიონი" ბევრის შემძლე გუნდი უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონატში...
- "სიონის" დირექტორ ლადო ბურდულთან ერთად განვიხილეთ ბევრი საკითხი, ვისაუბრეთ მომავლის გეგმებზე... ჩვენი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა და მიმაჩნია, რომ რეალურად შეგვწევს ამის ძალა.

- ბოლოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წილისყრის შეფასება უნდა გთხოვოთ...
- მიმაჩნია, რომ ძალიან დაძაბული და საინტერესო ჩემპიონატი გვექნება. ორივე ჯგუფი რთულია. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოგვივა. ნებისმიერ შეხვედრაში "სიონის" მიზანი იქნება მხოლოდ გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ტრანსფერები გააკეთა სიონმა. ბარო სიონს, იმედია ლეგიონერებსაც კარგებს ჩამოიყვანთ
Sandro
19:02 16-06-2016
0

სიახლეები პოპულარული