"სამტრედიაში" ბირთვი შენარჩუნებულია და ახლა უფრო შეთამაშებულები ვიქნებით..."

AutoSharing Option
ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "სამტრედია" ევროპალიგის თამაშებისთვის ემზადება. ცნობილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში რადიკალური საკადრო ცვლილებები არ განუხორციელებიათ. "სამტრედიაში" მიიწვიეს გიული მანჯგალაძე ("სიონი"), ბაჩანა არაბული ("დინამო" თბ), თორნიკე გორგიაშვილი ("ცხინვალი") და გიორგი გამყრელიძე ("გურია"). მათ გარდა, დუბლშემადგენლობიდან გია ცეცაძემ "სამტრედიის" აღზრდილი ორი ახალგაზრდა - აკაკი ნინუა და ზაურ ხაბეიშვილი დააწინაურა.

ცეცაძემ გუნდი 31 მაისს შეკრიბა და ორი კვირა თბილისში ავარჯიშებდა, 13 ივნისს კი გორში "დილას" ესტუმრა და ბუდუ ზივზივაძისა და ბაჩანა არაბულის გოლებით 2:0 დაამარცხა. იმერლები ევროპაში 2-კვირიან შეკრებაზე წასვლას 7
ივნისიდან გეგმავდნენ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და სლოვენიაში 14 ივნისს გაემგზავრნენ.

ცეცაძემ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, კახა მეშველიანი, ოთარ სტურუა;
მცველები: გიორგი მჭედლიშვილი, დავით მთივლიშვილი, გიორგი ახალაძე, დაჩი ცნობილაძე, ნიკა სანდოხაძე, ჯემალ გოგიაშვილი, აკაკი ნინუა;
ნახევარმცველები: ლაშა შერგელაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა კერძევაძე, გიორგი დათუნაიშვილი, გიული მანჯგალაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი;
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, გიორგი გამყრელიძე, დავით რაჟამაშვილი, ბაჩანა არაბული, ზაურ ხაბეიშვილი, ბუდუ ზივზივაძე.

"სლოვენიაში გუნდი 2 საკონტროლო მატჩს გამართავს და 23 ივნისამდე დარჩება, მაგრამ ამ დღეს ევროპალიგის პირველი წრის წილისყრა გაიმართება, "სამტრედიის" მეტოქე გაირკვევა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ - თამაშები 30 ივნისსა და 7 ივლისს არის დანიშნული. თუ პირველი შეხვედრა ევროპაში გვექნება, სლოვენიაში დავრჩებით და მეტოქეს იქიდან ჩავაკითხავთ და თუ 30 ივნისის მატჩი ჩვენს მოედანზე დაინიშნება, მაშინ საქართველოში დავბრუნდებით", - ამბობს ცეცაძე.

* * *
შეკრებაზე გამგზავრებამდე "ლელო" სამტრედიელთა თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს გაესაუბრა:

"ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა გუნდსაც და პირადად მეც. შეიძლება ითქვას, ჩემი გუნდი ვიპოვე, რაშიც გია ცეცაძემ დიდი როლი ითამაშა, მენდობოდა და "გახსნაში" დამეხმარა.

მანამდე თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოში" არც ნდობა მქონდა და არც მათამაშებდნენ. ამის გამო წინა ორი სეზონი, ფაქტობრივად, ჩამივარდა. ახლა კი სეზონში 16 გოლი გავიტანე, რაც კარგი შედეგია და ამან საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა.

ხელი იმანაც შემიწყო, რომ 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ბირთვი ერთად შევიკრიბეთ, ერთმანეთს ვიცნობთ, ვმეგობრობთ და შეთამაშებულები ვართ", - ამბობს ზივზივაძე.

22 წლის ფორვარდმა საინტერესო დეტალი გაიხსენა:

"სამტრედიის" წარმატებაში უდიდესი როლი ფიზმომზადების მწვრთნელმა, თემურ ლორთქიფანიძემ ითამაშა. თუ გაიხსენებთ, რამდენ გუნდს ჰქონდა ტრავმირებულების პრობლემა? ზოგმა ოპტიმალური შემადგენლობით ერთხელაც ვერ ითამაშა.

ამ დროს კი, მთელი სეზონის განმავლობაში, "სამტრედიაში" სერიოზულად ერთი მოთამაშეც არ დაშავებულა. ეს იმიტომ, რომ ლორთქიფანიძემ კარგი მომზადება იცის. გადაღლას სეზონის ბოლოსაც არ ვგრძნობდით".

ზივზივაძე მომავალ სეზონზეც გველაპარაკა:

"სლოვენიაში კარგად უნდა მოვემზადოთ და შარშანდელზე უკეთესი სეზონი ჩავატაროთ. მალე ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და იმედია, მხოლოდ მონაწილეობას არ დავჯერდებით. ეროვნულ ჩემპიონატშიც ჯგუფები საკმაოდ თანაბრად დაკომპლექტდა და ძლიერი მეტოქეებიც შეგვხვდა.

მაგრამ მჯერა, რომ გუნდი მზადაა, პირველი ადგილისთვის იბრძოლოს და ჩემპიონობაზეც იფიქროს. ამის საფუძველს ჩვენი შემადგენლობა მაძლევს - ბირთვი შენარჩუნებულია და წლეულს უფრო შეთამაშებულები ვიქნებით, რაც მწვრთნელის დავალებების უკეთ შესრულების წინაპირობა უნდა გახდეს. თუმცა, ვნახოთ, სეზონი მალე დაიწყება და გამოჩნდება, ჩემი იმედები რამდენად რეალურია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გიგა შენ 304 წუთს თამაშს ეძახი? პრაქტიკა რო არ ქონდა იმიტომ ვერ გამოიყენა ის მომენტები
mcveli
00:03 17-06-2016
0
კაი მწვრტნელია ცეცადზე. ეგ ბიჯები დაკარგული იკვნენ ფაქტიურად, და მატგან კარგი გუნდი სჰეკრა
nika
15:38 16-06-2016
0

სიახლეები პოპულარული