მჯერა, საპრიზო ადგილით ჩავამთავრებთ ჩემპიონატს - "სიონის" დაცვას დავით ხურცილავაც გაამაგრებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა", არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით, ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო და კიდევ ერთი ტრანსფერიც "გაჩარხა".

ამიერიდან გუნდის დაცვას 28 წლის უკანახაზელი დავით ხურცილავა გაამაგრებს. ხურცილავასა და "სიონს" შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

ხურცილავა ბოლოს გორის "დილაში" თამაშობდა, მანამდე კი "ვიტ ჯორჯიასა" და თბილისის "დინამოში" ირჯებოდა.

"სიონის" პრესსამსახურმა მოგვაწოდა დავით ხურცილავასა და ბოლნისური კლუბის სხვა ახალწვეულთა კომენტარები, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ.

დავით ხურცილავა: "მოხარული ვარ, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი. "სიონი" ტრადიციული და ამბიციური გუნდია. შემართებით მოვედი "სიონში" და მჯერა, საპრიზო ადგილით ჩავამთავრებთ ჩემპიონატს".

ლაშა
შინდაგორიძე:
"მიხარია, რომ "სიონის" რიგებში ვითამაშებ. ჩვენი მიზანია, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და გუნდს წარმატება მოვუტანოთ".

ზვიად ლობჯანიძე: "დავბრუნდი ბოლნისის "სიონში" და ამით ძალიან გახარებული ვარ. ორი წელი ვითამაშე ამ გუნდში, სანამ "ცხინვალში" გადავიდოდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "სიონთან" ერთად წარმატებას მივაღწიო".

ლაშა კასრაძე: "ორი დღეა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. კარგი ფეხბურთელებით ივსება "სიონი". შევთამაშდებით და მჯერა, ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება. "სიონი" იბრძოლებს საპრიზო ადგილისთვის და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო გუნდის წარმატებაში".

გიორგი ჯანელიძე: "პირველ რიგში, დიდი მადლობა "სიონის" ხელმძღვანელობას, რომ ჩემით დაინტერესდა. ყველაფერს გავაკეთებ გუნდის წარმატებისთვის".

ლაშა თოთაძე: "ბოლნისის "სიონთან" კარგი მოგონებები მაკავშირებს. ერთად მშვენიერი სეზონი ჩავატარეთ და გავხდით პრიზიორები. პირველ რიგში, იმიტომ გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მომერგო "სიონის" მაისურა, რომ ამბიციური, პერსპექტიული გუნდია. რა თქმა უნდა, ჩემი მიზნები ემთხვევა გუნდის მიზნებს და ყველაფერს გავაკეთებ მიზნის მისაღწევად".

ირაკლი სიხარულიძე: "ჩემი მიზნები და "სიონის" ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და ამიტომაც გადავწყვიტე ამ გუნდში მოსვლა. აქ ბევრი ახალი ფეხბურთელია, თუმცა სხვადასხვა კლუბში ერთად გვითამაშია და მიმაჩნა, რომ შეთამაშება არ გაგვიჭირდება. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. ჩემპიონატში დასარჩენად კი არა, საპრიზო ადგილისთვის ვიბრძოლებთ".

მკითხველი დაგვეთანხმება - "სიონმა" ერთობ ნაყოფიერი სატრანსფერო კამპანია ჩაატარა და ამან, ალბათ, შედეგი უნდა გამოიღოს. მით უმეტეს, ბოლნისელები ჯერ კიდევ ელიან ფეხბურთელებს ბრაზილიიდან, სერბეთიდან და ბელორუსიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული