გიორგი ჯგერენაია: ზამთრამდე "გაგრაში" ვითამაშებ, მერე ვნახოთ...

AutoSharing Option
22 წლის გიორგი ჯგერენაიას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა უკრაინის პირველ ლიგაში, სადაც ის კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაში, პირველ ლიგაში კი ის სხვადასხვა დროს გამორჩეული იყო და არაერთხელ მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

ახალი სეზონის დაწყების წინ კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მეორე გუნდის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და ჯგერენაია საქართველოში აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გავუშვით...

- გიორგი, უფრო ახლოს გავაცნოთ თქვენი თავი "ლელოს" მკითხველს...
- საფეხბურთო კარიერა დავიწყე მოსკოვში,
"დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში. მაშინ 11 წლის ვიყავი. ამის შემდეგ ჩვენი ოჯახი საქართველოში წამოვიდა საცხოვრებლად და მეც აქ გავაგრძელე ფეხბურთის თამაში. ჯერ თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში ვვარჯიშობდი ზაზა წინარიძესთან, ხოლო შემდეგ ლერი გაბისკირიამ გადამიყვანა "გაგრაში" და სწორედ იქიდან მოვხვდი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში.

- ...და ამის შემდეგ თქვენს კარიერაში უკრაინული ეტაპი დადგა...
- ასე იყო. ჯერ "ილიჩევეცში", მერე "ნიკოლაევში", ბოლოს კი კიევის "დინამოს" მეორე გუნდში ვთამაშობდი.

- ბოლო სეზონში ხელი ტრავმებმა შეგიშალათ, თუმცა მაინც აღიდგინეთ ფორმა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდით...
- კონტრაქტზე ხელი მოვაწერე თუ არა, იმავე დღეს ვარჯიშზე სერიოზული ტრავმა მივიღე. 10 თვის განმავლობაში საერთოდ არ მითამაშია. მეორე წრეში შევძელი ფორმაში შესვლა. სულ 5 თამაში ვითამაშე.

- როგორი გუნდი იყო "დინამო 2"?
- პირველ ლიგაში ვთამაშობდით და ეს იყო ტრამპლინი ჩვენთვის, უკეთეს კლუბში გადასასვლელად. არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობდა ამ გუნდში. ისინი "დინამო 2"-ში გარკვეულ დონემდე მიდიოდნენ და ემზადებოდნენ იმისთვის, რომ შედარებით მაღალი დონის გუნდში დამკვიდრება არ გასჭირვებოდათ.

- რატომ მიიღო კიევის "დინამოს" ხელმძღვანელობამ ამ გუნდის დაშლის გადაწყვეტილება?
- ფინანსური მოტივი იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, კრიზისი ყველა სფეროს შეეხო და მათ შორის - ფეხბურთს. გეცოდინებათ, უმაღლეს ლიგაშიც კი 3 გუნდი დაიშალა.

- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გითამაშიათ. ამაზეც გვითხარით...
- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში მაშინ ვიყავი გამოძახებული, როცა ამ გუნდს გიორგი დევდარიანი წვრთნიდა. მაშინ ჩვენ ელიტრაუნდში ვითამაშეთ და ქულა არ გვეყო ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მერე ალექსანდრე ჩივაძემ ორჯერ გამომიძახა ახალგაზრდულ ნაკრებში...

- ახლა რას აპირებთ?
- ზამთრამდე "გაგრაში" ვითამაშებ. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია. ვეცდები, კლუბს დასახული მიზნების შესრულებაში დავეხმარო. ძალიან საინტერესო კონტინგენტი შეიკრიბა, ახალგაზრდული გუნდია, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე გიორგი, სულ წარმატებები იყოს შენი თანამდე.
gizog
16:58 23-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული