"ლელო" ცხინვალელთა თავკაცს, კახა კაჭარავას დაუკავშირდა და მისგან რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია შეიტყო...
"ახალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დავიწყეთ. გუნდში მყოფი გასასინჯი ფეხბურთელებით (მათი უმრავლესობა პირველი ლიგიდანაა) "გაგრას" ვეთამაშეთ ამხანაგური შეხვედრა და 1:3 დავმარცხდით. რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საზღვარგარეთ წავიდეთ შეკრებაზე. საქართველოში მოვემზადებით და ვეცდებით, ისეთი ამხანაგური მატჩები ჩავატაროთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ორშაბათს "ვიტ ჯორჯიასთან" გვაქვს დაგეგმილი სპარინგი", - გვითხრა
წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ცხინვალი" რამდენიმე ლიდერმა დატოვა და, ცხადია, გუნდს შემადგენლობის შევსება დასჭირდება. კაჭარავამ პოტენციური ახალწვეულები უკვე შეარჩია.
"მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია ჯაბა დვალთან, გიორგი კახელიშვილთან და გულვერდ თომაშვილთან. ამ ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ, მათთან მიმუშავია და მჯერა, გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.
კიდევ გვინდა ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ჯერ იმ სავარაუდო ტრანსფერებზე გითხარით, რომლებიც ამ ეტაპზე მეტად სავარაუდოა. როგორც კი რამე ახალი იქნება, ყველა გაიგებს", - ესეც კაჭარავას სიტყვებია.
საინტერესოა, რა მიზანი ექნება "ცხინვალს" გარდამავალ ჩემპიონატში. ამის თაობაზე კაჭარავა ამბობს:
"რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, მოვხვდეთ იმ ათ გუნდს შორის, რომლებიც 2017 წლის გაზაფხულიდან უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ. მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მჯერა, რომ მხოლოდ ამით არ დავკმაყოფილდებით".
დაბოლოს, ცხინვალელთა მწვრთნელს კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა. კაჭარავამ ამ კითხვაზე მოკლედ გვიპასუხა:
"სადღეისოდ, "ცხინვალში" სტაბილური ფინანსური გარემოა".
ჯაბა დვალის, გიორგი კახელიშვილისა და გულვერდ თომაშვილის დამატებით "ცხინვალი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება. თავის დროზე, კაჭარავას სამივე ამ ფეხბურთელთან თბილისის "დინამოში" უმუშავია.
ჯაბა დვალი 31 წლისაა. მას არაერთი ქართული გუნდის მაისურა მოურგია. იცავდა მოლდოვური "დაჩიას" ღირსებას. საუკეთესო პერიოდი დვალს "ზესტაფონში" ჰქონდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საინტერესოა, რომ დამოუკიდებელ ქართულ საკლუბო ფეხბურთში სწორედ დვალია ევროთასებზე საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი. ბოლოს ის თერჯოლის "საპოვნელაში" თამაშობდა.
27 წლის გამოცდილი მცველი გულვერდ თომაშვილი ბოლოს გორის "დილაში" გახლდათ. თავის დროზე, როცა კაჭარავა თბილისის "დინამოს" წვრთნიდა, ის "დინამოში" შეუცვლელი ფეხბურთელი იყო. ბოლო დროს თომაშვილი ტრავმებმა გააწამა. ვიმედოვნებთ, მის კარიერაში უიღბლობის პერიოდი წარსულს ჩაბარდა.
კაჭარავას ფორმაციის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო ასევე გიორგი კახელიშვილი. მან არაერთი ქართული გუნდი მოიარა, ითამაშა რუსეთშიც. კახელიშვილი 29 წლისაა. ბოლოს ის ლანჩხუთის "გურიისთვის" ირჯებოდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"