კობა ჟორჟიკაშვილი: ლამის ყველა გუნდში დროის დეფიციტი მქონდა, მაგრამ მუშაობის არ შემშინებია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის საღორიას ბაზაზე ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა "ლელოს" უთხრა, რომ მოსამზადებელი ეტაპის გეგმები უახლოეს დღეებში გაირკვევა.

"შეკრების მეორე ნაწილს სად გავივლით, ამას ახლა ვარკვევთ და მალე ვიტყვით. რაც შეეხება დაკომპლექტებას, ფეხბურთელის გაშვებაზე ადვილი არაფერია, მაგრამ ვცდილობთ, ადგილობრივები შევინარჩუნოთ და რამდენიმე პრობლემურ პოზიციაზე ლეგიონერებით გავძლიერდეთ.

ახლა მზადება ევროთასებზე გასულმა გუნდებმა დაიწყეს, ჩვენ კი 6-7 კვირა სავსებით გვეყოფა", - ამბობს ჟორჟიკაშვილი.

54 წლის სპეციალისტი, ერთი ხანობა, ასაკობრივ ნაკრებებსა და ამბიციურ ქართულ კლუბებში მუშაობდა, მაგრამ, რატომღაც, ბოლო სამი
წლის განმავლობაში ღირებული წინადადება არ ჰქონია და რეგიონული ლიგის ბინადარ ხონის "იმერეთში" მუშაობდა.

მოცდენა როგორც ფეხბურთელის ფორმაზე მოქმედებს, ასევეა მწვრთნელის შემთხვევაშიც, მაგრამ ჟორჟიკაშვილს პრაქტიკის ნაკლებობა არ აშინებს:

"ლამის ყველა გუნდში დროის დეფიციტი მქონდა, მაგრამ მუშაობის არ შემშინებია და მგონი, ამოცანებსაც ვასრულებდი. იმედია, "ტორპედოში" წარმატებით ვიმუშავებ. ორი აზრი არ არის, რომ კარგი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ".

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის "ტორპედოში" უკრაინელი ფეხბურთელი გამოჩნდა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, სამწვრთნელო შტაბი დონეცკის "შახტარის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილს, სერგეი კოზაჩენკოს გასინჯავს.

25 წლის თავდამსხმელს ბელაია ცერკოვის "არსენალში" (2010/11), კრივოი როგის "კრივბასში" (2013), კრამატორსკის "ავანგარდში" (2014), "სუმში" (2014), ნოვაია კახოვკას "ენერგიასა" (2015) და ხერსონის "კრისტალში" (2015) უთამაშია, ბოლოს კი ისევე კრამატორსკის "ავანგარდში" (უკრაინის ჩემპიონატის პირველი ლიგა) ირჯებოდა.

"წლეულს მუხლი მაწუხებდა და ამის გამო "ავანგარდში" დიდი სათამაშო პრაქტიკა არ მქონია, მაგრამ ვიმკურნალე და ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ.

საქართველოში პირველად ჩამოვედი. ვეცდები, "ტორპედოს" მწვრთნელებს თავი მოვაწონო", - უთხრა კოზაჩენკომ ქუთაისური კლუბის პრესსამსახურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩემი ტორპედო ჩემი სიამაყეა!!! იმედია ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს კარგი გუნდის გასაკეთებლად.დინამოს აუცილებლად ჭირდება ძლიერი კონკურენტი და ერთ-ერთი პირველი რა თქმა უნდა ტორპედო უნდა იყოს.წინ ტორპედო!!!
zaza
18:08 30-06-2016
0
ასეთი ქალაქის და ტრადიციების მქონე კლუბს რომ ძლიერი გუნდი არ ეყოლება სამართალი სადღაა შეხედეთ უკან რამდენი ადამიანი ესწრება თუნდაც რიგით საწვრთნელ პროცესს ასე სხვაგან საქართველოში ფეხბურთიდა საკუთარი კლუბი უყვარდეთ სხვაგან მე არ მეგულება რომადენიმე გამონაკლისის გარდა წარმატებები და გახარება ქუთაისის ტორპედოს ეს კლუბი ამას იმსახურებს.
dyablo
17:28 30-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული