"სტადიონის გასახდელში შეხვალ და თამაშის სურვილი საერთოდ დაგეკარგება..."

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თუ ვინმეზე ითქმის, გამორჩეული ფეხბურთელიაო, ერთ-ერთი მათგანი უდავოდ გიორგი კახელიშვილია. 29 წლის ნახევარმცველმა კარიერის საუკეთესო პერიოდი თბილისის "დინამოში" გაატარა. ბოლოს ის ლანჩხუთის "გურიაში" თამაშობდა.

თუ სასწაული არ მოხდა, მომავალ სეზონში კახელიშვილი "ცხინვალის" ღირსებას დაიცავს. ფაქტია, კახა კაჭარავას გუნდისთვის, რომელიც სეზონთშორის პერიოდში არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, გამოცდილი შუახაზელი სერიოზული შენაძენი იქნება.

"ლელო" კახელიშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა. მასთან არაერთ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ...

- როგორც ვიცით, ახლოს ხართ "ცხინვალში" გადასვლასთან...
- კახა კაჭარავამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. ის
ჩემთვის განსაკუთრებული მწვრთნელია. 15 წლის ვიყავი, როცა უშუალოდ მისი მოწადინებით ამიყვანეს "დინამოს" საფეხბურთო აკადემაში. შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც ფეხბურთელი, კაჭარავას გაზრდილი ვარ...

რაც შეეხება "ცხინვალში" გადასვლას, კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. ისე კი ყველაფერი გადაწყვეტილია. შევხვდი კაჭარავას, ვისაუბრეთ და თანამშრომლობაზე შევთანხმდით.

- ფაქტია, "ცხინვალი" არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა...
- მეც და გულვერდ თომაშვილმაც (გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული - ავტ) ვიცოდით, რომ "ცხინვალიდან" არაერთი ფეხბურთელი წავიდა. ამის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კაჭარავა მაინც ძალიან საინტერესო გუნდს გააკეთებს. ამ მწვრთნელს შესანიშნავად ვიცნობ და ვიცი, რომ თამაშზე კი არა, ვარჯიშზეც მაქსიმუმს ითხოვს ფეხბურთელისგან. მას შეუძლია ძალიან საინტერესო ფეხბურთელების აღმოჩენა და ახალგაზრდების "გახსნა".

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კაჭარავას მიერ აღზრდილი რამდენი ფეხბურთელი თამაშობს საქართველოს ნაკრებში? სულ ჩემი თაობის ბიჭები არიან...

- გიორგი, თქვენი აზრით, საით მიდის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი?
- ჩემი აზრით, აქამდე რეგრესი გვქონდა და რა იქნება მომავალში, ამას ერთად ვნახავთ. ჩემს მეგობრებთან ძალიან ხშირად ვსაუბრობ საქართველოს ჩემპიონატზე. მე ის ძალიან მიყვარს და სხვანაირად არც შეიძლება, რომ იყოს. 12 წელიწადია აქ ვთამაშობ...

მხოლოდ ფაქტებს მოგიყვანთ. გახსოვთ, "დინამო" პლეი ოფში აეკ-ს რომ ებრძოდა, "ზესტაფონი" კი "ბრიუგეს"? მერე გორის "დილამ" რა კარგი შედეგი აჩვენა ევროთასებზე. ქუთაისში თავად ვითამაშე და ვიცი, რას ნიშნავს ფეხბურთი იქაურობისთვის... ისიც ხომ გახსოვთ, "ზესტაფონი" რა გუნდი იყო?იქ სათამაშოდ ჩასვლა გვიხაროდა. საღამოს იყო თამაშები, განათებაზე... ხალხი სტადიონს ავსებდა... მაშინ ჩვენ 3-4 მართლაც რომ ძლიერი გუნდი გვყავდა და იმის მაგივრად, რომ გვყოლოდა 10 ასეთი გუნდი, ახლა ეს რაოდენობა შემცირდა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი - მე უზომოდ მიყვარს საქართველოს ჩემპიონატი და მისი ტკივილი მტკივა. იმედი მაქვს, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

- რა არის ის მთავარი პრობლემა, რაც ყველაზე მეტად გაწუხებთ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს?
- პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით. საკუთარ თავს პროფესიონალად მივიჩნევ და ყველა თამაშისთვის მაქსიმალურად ვემზადები, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა სტადიონის გასახდელში შეხვალ და თამაშის სურვილი საერთოდ დაგეკარგება. ერთადერთი არ ვარ, ვინც ასე ფიქრობს. არ მინდა, ვინმე რაიმესგან დავიცვა, მაგრამ ეს ასეა.

- თქვენ ძალიან ხშირად იცვლით კლუბებს. როგორ ფიქრობთ, ეს არ ვნებს თქვენს კარიერას?
- სწორი შენიშვნაა და ამაზე მეც ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს ვნებს ჩემს კარიერას და ეს მეც კარგად ვიცი... რომ იცოდეთ, ფეხბურთელისთვისაც არ არის იოლი ყოველ წელს სხვადასხვა კლუბის მაისურის ჩაცმა... მეორე მხრივ, გამტყუნებაც ძნელია. იწყებ საქმეს დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით. მერე გადის სულ მცირე დრო და ირკვევა, რომ კლუბში ფული არ არის. რა თქმა უნდა, აიტან ამას მარტო რომ იყო, მაგრამ ჩვენ უკან ხომ ოჯახებია? სახლში რაღაც ხომ უნდა მიიტანო?!

ძალიან მტკივნეულ თემას შეეხეთ. დამეთანხმებით, მხოლოდ მე არ ვარ ისეთი, ვინც კლუბს ხშირად იცვლის. სხვაც ბევრია და ზუსტად ვიცი, რომ ეს მათი სურვილით არ ხდება და კარგი ცხოვრებით არ არის გამოწვეული, უბრალოდ, ფეხბურთელები ანგარიშს ვუწევთ რეალობას.

არცერთ გუნდში, სადაც ვიყავი, არავისთან მქონია კონფლიქტი. იყო შემთხვევები, ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს და ამიტომ მიწევდა კლუბის დატოვება. თუ არა და, ის მიზეზებიც იყო, რაზეც უკვე გითხარით...

- თქვენ ცოტა ხანს ლეგიონერიც იყავით. რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ "სახალინში" ითამაშეთ...
- გასული წლის ივლისში წავედი ამ გუნდში სათამაშოდ და ისე მოხდა, რომ უკვე სექტემბერში ჩამოვედი სავიზო პრობლემების გამო. მანამდე რაც ვითამაშე, კმაყოფილი იყო ყველა. მერე 28 თებერვლამდე თბილისში ვიყავი. ეგონათ, ვიზას ადვილად გამიკეთებდნენ, მაგრამ... ვერ მოხერხდა. ძალიან გამიჭირდა უფეხბურთოდ ყოფნა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ფორმიდან არ ამოვვარდნილიყავი. თებერვალში ისევ ჩავედი გუნდში. ეს იყო სულ.

ხომ ამდენი ხანი გამიცდა და, მაინც ბოლომდე გადამიხადეს ხელფასი. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, ძალიან კარგი ადამიანები არიან...

- 29 წელი ის ასაკი არ არის, ფეხბურთელმა პროგრესზე არ იფიქროს...
- დარწმუნებული ვარ, შევძლებ დაკარგულის დაბრუნებას და ძველი კონდიციების აღდგენას. ჩემი შრომითა და საქმისადმი მიდგომით უნდა შევძლო ეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
აი თურმე რატომ ვერ თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები:)))
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
11:26 11-07-2016
0
Es kido ara feri, pothi profesinali aferistoobaa, kovel wels uhveben fexburtelebs fulze agdeben, igive xarisxis mokavt, imatac atamaheben amdens mogcem premias da mere imatac gauhveben, amis gamo unda kobi sad xar, es aferisti barkaia xalxs rom atkuens ramdeni xania, 3 welia amas aketebs es aferisti
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული