კობა ჟორჟიკაშვილი: პირდაპირ ვიტყვი, რომ "ტორპედოს" მოთხოვნებს ბევრი ვერ აკმაყოფილებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" საღორიას ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ბათუმის "დინამოსთან" 0:2 წააგო. ქუთაისელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს, მაშინ, როცა აჭარელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს.

სტუმრებმა ორივე ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში ბათუმელებმა თავი ტაიმის მიწურულს გამოიჩინეს. ანგარიში პაპუნა ფონიავამ გახსნა, რომელმაც მეკარისა და მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა. მატჩის ბოლოსწინა წუთზე კი "ტორპედოს" მცველმა ბურთი საჯარიმოდან ვერ გამოიტანა და ბათუმელებმა მეტოქის უხეში შეცდომით ამჯერადაც ისარგებლეს - გეგი კეკუამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელებისთვის ეს იყო მოსამზადებელი ეტაპის მეორე
საკონტროლო მატჩი და მეორე მარცხი. მატჩის შემდეგ "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა წაგების მიზეზებსა და გუნდის პრობლემებზე ილაპარაკა:

"მცირე პერიოდში ორი საკონტროლო შეხვედრა ორჯერადი დატვირთვების ფონზე ჩავატარეთ. ჩვენ ახლა შედეგზე არ ვფიქრობთ, რადგან მოთამაშეთა ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებულები. გაწეული სამუშაოთი კი კმაყოფილი ვარ, რადგან ფეხბურთელები დავალებებს კარგად ასრულებენ.

რა თქმა უნდა, მოგება ყოველთვის კარგია. მაგრამ შედეგი მხოლოდ სეზონის მსვლელობისას, ყოველ ტურში იქნება მნიშვნელოვანი. ჯობია, რომ მოგებები ბოლოში იყოს და არა მხოლოდ - თავში".

ჟორჟიკაშვილის თქმით, გუნდის გაძლიერების პროცესი კვლავაც გრძელდება:

"უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაგვემატება. ტესტ-მატჩებმა აშკარად გამოაჩინა "ტორპედოს" სუსტი წერტილები. პირდაპირ ვიტყვი, რომ "ტორპედოს" მოთხოვნებს ბევრი მოთამაშე ვერ აკმაყოფილებს და მათთან დამშვიდობება მოგვიწევს.

აუცილებლად გვჭირდება თითო ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, ფლანგის ფეხბურთელი და თავდამსხმელი".

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 15 ივლისს ფოთის "კოლხეთთან" გამართავს. ამის შემდეგ გუნდი თურქეთში მეორე შეკრების გასავლელად გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტორპედო ბოლოს კარგად ათამაშდა იმედია ისევ მოუმატებენ,საერთოდ ტორპედო რიგითი კლუბი არ არის, ტორპედო ძალიან ძლიერი გუნდი უნდა იყოს ეს თვითონ ტორპედოსაც და ჩემპიონატსაც წაადგება, ამ გუნდში შემთხვევითი ხალხი ვერ უნდა ხვდებოდეს.
bebeto
16:23 12-07-2016
0
ბუხაიდზე იყო- ქუთაისელი კარგი თავდასხმელი, რომელიც საბურთალოს ქომაგებს ბერვჯერ გაახარებს.
გოგა
15:07 11-07-2016
0

სიახლეები პოპულარული