ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს

AutoSharing Option
როგორც "რუსთავის" სპორტულმა დირექტორმა ლევან სილაგაძემ გვითხრა, გამოცდილი ფორვარდის, ბესიკ ჩიმაკაძის ტრანსფერი გადაწყვეტილია.

20 ივლისს მან ამხანაგურ მატჩშიც ითამაშა. 28 წლის თავდამსხმელი წინა სეზონის მეორე წრეში დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატსა და მარტვილის "მერანს", სომხურ "ულისეში" გატარებული პერიოდის შემდეგ.

ტანმაღალ ჩიმაკაძეს სხვადასხვა დროს უთამაშია ბათუმის "დინამოში", "ვიტ ჯორჯიაში", "სიონში", 2013/14 წლების სეზონის მეორე ნაწილი კი მაშინდელ რუსთავის "მეტალურგში" გაატარა, სადაც მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია გახლდათ.

საერთოდ კი, ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ჩიმაკაძე "ამერიდან" გაიცნო, სადაც მან 6 სეზონი გაატარა და ამ გუნდთან ერთად
2007 წელს საქართველოს თასი მოიპოვა.

...რაც შეეხება ამხანაგურ მატჩს, ის რუსთავში გაიმართა. ერთმანეთს პირველი ლიგის ორი გუნდი დაუპირისპირდა - "რუსთავმა" "ჭიათურა" მიიღო და 1:2 დამარცხდა. ეს იყო რუსთაველთა მეოთხე ამხანაგური შეხვედრა.

რაც შეეხება "ჭიათურას", ამ გუნდმა ახალი სეზონისთვის სამზადისი მშობლიურ ქალაქში დაიწყო და მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა.

ეს იყო ორი მწვრთნელის დუელი, რომელთაც პრო-ლიცენზია აქვთ. "რუსთავის" დამრიგებელ ვარლამ კილასონიას და "ჭიათურის" მწვრთნელ ვლადიმერ ხაჩიძეს ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდებათ.

"რუსთავმა" ამ მატჩში შერეული შემადგენლობით ითამაშა. სხვადასხვა მიზეზით არ იყვნენ დავით ლეგაშვილი, გურამ მინდორაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, ზაზა ციცქიშვილი და ზვიად მეტრეველი.

ჭიათურელები ორი ბურთით დაწინაურდნენ. ჯერ ზაზა ნადირაძის შესანიშნავი პასით გაიტანა გუგა იაკობაშვილმა, მერე კი ლაშა ცუცქირიძის პასი გოლად დავით სევასტოპულომ აქცია.

მეორე ტაიმში უპირატესობა "რუსთავისა" იყო, თუმცა მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლი გაქვითეს. თავი ავთანდილ გუჯაბიძემ გამოიჩინა, რომელმაც კუთხურის შემდეგ იხეირა.

შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.

რუსთავი: ალავიძე, ჩიკვაიძე, თაბუკაშვილი, ბერუაშვილი, სამადაშვილი, მიქელაძე, ნ. მაისურაძე, გულუა, ჯიოშვილი, ზაქრაძე, შენგელიძე; მეორე ტაიმი: ალავიძე, ბერაძე, ძაძამია, ვ. კილასონია, ლემონჯავა, გუჯაბიძე, გიგაური, გ. გოცაძე, დ. სიჭინავა, ციცვიძე, ჩიმაკაძე.
ჭიათურა: შერმადინი, გაფრინდაშვილი, ნოზაძე, ცუცქირიძე, ნიჟარაძე, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, სამყურაშვილი, ლობჟანიძე, იაკობაშვილი, სევასტოპულო; შეცვლაზე შევიდნენ: მწყერაშვილი, ბაბლიძე, დევიძე, ბაზღაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ჭიათურა კარგად თამაშობთ და ასე გააგძელეთ მომავალში.
კახა
13:23 21-07-2016
0

სიახლეები პოპულარული