"დილას" ამბები: ინვესტორების დაპირება - თანამედროვე ბაზა და ყველანაირი პირობა!

AutoSharing Option
გორის "დილამ" სერიოზული შენაძენი გააკეთა - უჩა სოსიაშვილის გუნდის დაცვას 34 წლის ლაშა სალუქვაძე გაამაგრებს.

გამოცდილი უნივერსალი, ვისაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 38 მატჩი უთამაშია (1 გოლი), ბოლო დროს უკლუბოდ იყო. სხვადასხვა დროს კი მას თბილისის "ლოკომოტივში", "დინამოში", ყაზანის "რუბინში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", გორის "დილაში", "სკა ენერგიასა" და ბაქოს "ინტერში" უთამაშია.

"დილა" საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველისთვის უცხო გუნდი არ არის. სალუქვაძე გორულ კლუბში 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა და გუნდთან ერთად საქართველოს თასიც მოიგო.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყაზანის "რუბინის" შემადგენლობაში ის
ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი. "ლელომ" სალუქვაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა:

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ გორის "დილას" ფეხბურთელი ხართ?
- დიახ, უკვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. ახლა, თქვენ რომ გესაუბრებით, გორში ვარჯიშზე მივდივარ...

- გორი თქვენთვის ნაცნობი ქალაქია...
- ნამდვილად. მართალია, მას შემდეგ "დილაში" ბევრი რამ შეიცვალა, ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, მაგრამ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს. გორელი გულშემატკივრისგან პატივისცემასა და სიყვარულს მუდამ ვგრძნობდი.

- როგორ ფორმაში ხართ?
- ინდივიდუალურად კი ვვარჯიშობდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვარ. ვეცდები, რაც შეიძლება მალე აღვიდგინო ძველი კონდიციები.

- როგორც ჩანს, გორში ამბიციური გუნდი კეთდება...
- მეც ამის იმედი მაქვს. როგორც ვიცი, რამდენიმე ლეგიონერის დამატებასაც აპირებენ.

* * *
გორში მართლაც მნიშვნელოვანი ამბები ხდება. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ებრაელი ინვესტორი უკვე შეხვდა და ესაუბრა "დილას" ხელმძღვანელებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს.

გორში მიმდინარე საინტერესო ამბებზე "ლელოს" უახლესი ინფორმაცია თავად "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მიაწოდა:

- როგორც იცით, "დილას" სპონსორობა გადაწყვიტა ებრაელ ბიზნესმენთა ოთხკაციანმა ჯგუფმა.

ამათგან ერთ-ერთი უკვე ჩამოვიდა გორში და კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კვირის ბოლომდე საბოლოოდ და სასიკეთოდ გადაწყდება "დილას" გადაფორმების საკითხი.

- სხვა რა ითქვა სპონსორთან შეხვედრის დროს?
- გუნდს არ ექნება არანაირი პრობლემა. ანგარიშზე დაიდება თანხა. ანუ იქნება სტაბილურობა. აქ ლაპარაკია ხელფასებზე, პრემიებზე, აღდგენით საშუალებებზე, ეკიპირებაზე... მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაც სჭირდება თანამედროვე გუნდს ნორმალური არსებობისთვის.

- ახალ ინვესტორებს ინფრასტრუქტურული გეგმებიც აქვთ?
- აქვთ და საკმაოდ სერიოზულიც. "დილასთვის" გორში აშენდება საწვრთნელი ბაზა, რომელშიც იქნება საცხოვრებელი კომპლექსი 40 საძინებლით. აუზი, სატრენაჟორო დარბაზი... ერთი სიტყვით, ყველაფერი ექნება "დილას" იმისთვის, რომ ნორმალურად იარსებოს.

- რა შედეგს ითხოვს ახალი ინვესტორი?
- მომავალი ჩემპიონატი იოლი რომ არ იქნება, ეს ყველამ კარგად ვიცით. ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. ახალი ინვესტიცია კი იმ დროს წამოგვეშველა, როცა თითქმის ყველა ქართველი ფეხბურთელი დაბინავებულია. აქედან გამომდინარე, გარდამავალ ჩემპიონატში ჩვენთვის პროგრამა-მინიმუმი ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა იქნება. მაგრამ ჩვენ ყველა თამაშში მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. აი, გარდამავალის შემდგომ პირველობაზე კი "დილას" მხოლოდ უმაღლესი მიზნები ექნება.

- და მაინც, არის რამდენიმე საინტერესო ქართველი ფეხბურთელი. შევიტყვეთ, რომ ლაშა სალუქვაძის, ირაკლი ძარიასა და ზურაბ არზიანის გადაბირებით ხართ დაინტერესებული...
- ირაკლი ძარია და ზურაბ არზიანი ჩვენთვის ყველანაირად მისაღები ფეხბურთელები არიან. უბრალოდ, ამ ეტაპზე მათთან არ გვქონია მოლაპარაკება. რაც შეეხება ლაშა სალუქვაძეს, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ის "დილაში" ითამაშებს და ეს ძალიან მახარებს. წესით, სამშაბათს პირველად უნდა ივარჯიშოს კიდეც გუნდთან ერთად.

- ვიცით, რომ ლეგიონერების დამატებას აპირებთ. უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რომელი ფეხბურთელები შეარჩიეთ?
- კონკრეტულად ვერა, მაგრამ ზოგადად გეტყვით, ამ ეტაპზე ვაპირებთ ოთხი ლეგიონერის დამატებას. ესენი არიან ფეხბურთელები ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, სერბეთიდან და, თუ არ ვცდები, განიდან. ბრაზილიელი და პორტუგალიელი გარემარბები არიან, სერბი და განელი კი - საყრდენი ნახევარმცველები.

* * *
ისე, კარგი იქნებოდა, გორულ კლუბს სპონსორი ევროპალიგაზე სომხურ "შირაქთან" დაპირისპირებამდე გამოსჩენოდა. სამწუხაროდ, ურემი რომ გადაბრუნდა, გზა მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა. მაგრამ ნათქვამია - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

შეგახსენებთ, რომ "დილა" სეზონთაშორის პერიოდში არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ შორის, ლიდერებმა - ოთარ მარცვალაძემ, გუგა ფალავანდიშვილმა და ირაკლი ძარიამ.

ვფიქრობთ, თუნდაც მხოლოდ ამ ფეხბურთელებთან ერთად სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი შეძლებდა სომხური ბარიერის გადალახვას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
თუ სიმართლეა ეგ ყველაფერი ზალიან გამეხარდა,აქ გორი იქნება თუ სხვა ქალაქი რა მნიშვნელობა აქვს,მიხარია რო ქართული ფეხბურთი წავა წინ,წარმატებები ბიჭებო
gio
28 ივლისი 2016 02:33
0
დასკდით გულზე ვისაც გეხებათ.
fcd
27 ივლისი 2016 22:04
0
კარგი დილაში ბიზნესმენები რომ მოდიან კარგი ფეხბურთელები უნდა შეარჩიონ ლეგიონერი იქება თუ ქართველი.
bebeto
27 ივლისი 2016 20:51
0
ჩემი სიტყვები აქ ზოგიერთმა ბოღმიანი ადამიანის კომენტარად მონათლა. ნება თქვენია, მაგრამ სანამ სიხარულით ცას ეწევით, ჯერ გაარკვიეთ ამ ინვეტორის ვინაობა - საჯაროდ გამოცხადდა რომელი პიროვნებაა ან რა კომპანია? მეც თქვენსავით გამიხარდება 10 წესიერი გუნდი რომ გვყავდეს, სიამოვნებით ვივლიდი ჩემპიონატის თამაშებზე, მაგრამ ყელშია უკვე ამოსული გარიგებულ-შეთანხმებული თამაშების ყურება. სერიოზული ინვესტორი 2-3 დღეში გადაწყვეტილებას არ იღებს ფულის ჩადებაზე და თუ დიდი ხანია მოლაპარაკებები მიდიოდა, მაშინ მინიმუმ ევროპა ლიგისთვის უნდა შეენარჩუნებინათ ის ფეხბურთელები, ვინც გუნდი მეორეზე გაიყვანა. მოკლედ შეეშვით საკუთარი თავის მოტყუებას და სიმართლის აღიარებას მიეჩვიეთ. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ჩემპიონატის დასრულებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. მოკლედ დილას გულშემატკივრებს წარმატებებს გისურვებთ! პ.ს. ისე ძალიან მაინტერესებს - პარტიზანთან თამაშისას საკუთარ ფეხბურთელებს უკანასკნელი სიტყვებით რომ ლანძღავდნენ ის გულშემატკივრები თუ პოსტავენ აქ
მდაჰ...
27 ივლისი 2016 18:43
0
ესენი ალბათ ისიანს დააბრუნებენ გორში, კარგი მენეჯერი კი იყო, ყველა მიმართულებით
daamboo
27 ივლისი 2016 18:32
0
რევიშვილი, გეგეჭკორი, ხუბუტია, (ლეგიონერი) ნავალოვსკი, დაუშვილი(ლეგიონერი) ზარანდია, ძალამიძე,კობახიძე, ბ.ცხადაძე. მთავარი მწვრთნელი გ.დევდარიანი(ცქიფო) შეკრიბე ეს ბიჭები დაამატე 3-4 ლეგიონერი და გახდი საქართველოს ჩემპიონი.
c
27 ივლისი 2016 18:02
0
დინამოს ჰყავს პატრონი, ტორპედოს გამოუჩნდა, აგერ დილა კარგ გზას ადგას.. იმედია კიდევ მინიმუმ 2-3 გუნდ ექნება კარგი ბაზა სტადიონი და ნორმალური პირობები, განათება , ეკიპირება, საშხაპეები, ხელფასები... და ევროპაში დაკარგული ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელები! ბრაზილიიდან არგენტინიდან საშუალო დონის ფეხბურთელები, რომლებიც გამოადგებიან ჩვენს ჩემპიონატ. კანკავა, ძალამიძე,კობახიძე, ხუბუტია, გრიგალავა, დაუშვილი, ზარანდია, რევიშვილი, ნავალოვსკი, ჩამოიყვანონ ეს ბიჭები გადაუხადონ ნორმალურად დონეც აიწევს და ქართული კლუბებიც მიარწევენ რაღაც წარმატებას, ხალხიც გაიხარებს სემოსავალიც იქნება და ფეხბურთსაც ეშველება ნელ-ნელა..
xxxx
27 ივლისი 2016 17:57
0
ზედაპირულად სასიხარულოა ინვესტორის მოსვლა ნებისმიერ ქართულ კლუბში, მაგრამ რომ ჩაუღრმავდე და კითხვები დასვა რა მოგება ექნება ინვესტორს ქართული ფეხბურთის რეალობაში? ინვესტორი ხომ ქველმოქმედი არ არის? საინტერესოა ინვესტორის შესახებ ინფორმაცია მოიპოვონ ჟურნალისტებმა, ინტერვიუ ჩამოართვან და კითხონ თუ რატომ დაინტერესდნენ ამ დარგში ინვესტირებით?

არცერთი ქართული კლუბი ცალკე აღებული არ განვითარდება თუ მას ძლიერი კონკურენცია არ ექნება შიდა ჩემპიონატში. დილას და სხვა გუნდების სტაბილრობა და გაძლიერება ყველას ინტერესშია.
ლუკა
27 ივლისი 2016 17:38
0
სასიხარულო ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ დილას გულშემატკივარი ეს ძალიან კარგი ამბავია ქართული ფეხბურთისთვის. იმედია ძლიერ და კონკურენტულ გუნდს ჩამოაყალიბებენ.წარმატებები დილას.
Beqa
27 ივლისი 2016 17:18
0
ქქა
gio
27 ივლისი 2016 17:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული