ლადო დვალიშვილი: ყველა დარწმუნდა, რომ შორი არ არის ჩემპიონთა ლიგამდე

AutoSharing Option
ვინც ზაგრებულ მატჩს უყურა, დაგვეთანხმება - ლადო დვალიშვილი მთლად საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი გამორჩეული მაინც იყო თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში. 30 წლის ფორვარდმა ძალიან ბევრი იმუშავა, რამდენჯერმე გაამწვავა სიტუაცია და არც სახიფათო გადაცემები მოაკლო პარტნიორებს.

დვალიშვილს აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის გამოცდილება და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. მას ასევე აქვს პლეიოფებში თამაშის გამოცდილება და იცის, როგორ უნდა დატრიალდეს ორმატჩიანი დუელის ბედი შენს სასარგებლოდ მაშინ, როცა პირველი მატჩი წაგებულია...

მოკლედ, დვალიშვილი ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია თბილისის "დინამოსათვის" და 2 აგვისტოს, სხვებთან ერთად, მისიც
ძალიან გვეიმედება.

მან "ლელოს" ინტერვიუ მისცა...

- ძნელია ლაპარაკი ასეთ მატჩზე, - თქვა დვალიშვილმა საუბრის დასაწყისში, - ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ყველა - ფეხბურთელები, კლუბის ყველა წარმომადგენელი, გულშემატკივრები... თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, ყველაფერი ნორმალურად იყო.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი გრძელდება 90 წუთის განმავლობაში და წუთითაც არ შეიძლება მოდუნება, კონცენტრაციის დაკარგვა. კარგი იქნებოდა, ზაგრებში ერთი გოლი მაინც გაგვეტანა, მაგრამ ახლა იმ მოცემულობიდან უნდა გამოვიდეთ, რომელიც გვაქვს.

წინ საპასუხო თამაშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოვასწოროთ ზაგრებში დაშვებული შეცდომები და, რაც მთავარია, გამოვასწოროთ ანგარიში.

- საპასუხო მატჩის თემას კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ ერთს აქვე გკითხავთ - გულწრფელად გჯერათ, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შესაძლებელია?
- რა თქმა უნდა, გულწრფელად მჯერა ამის. გამარჯვების თუ არ გჯერა, მაშინ რა ფეხბურთელი ხარ?! მინდორზე რწმენით თუ არ გახვედი, ისე არაფერი გამოვა. მეც მჯერა და ჩემს თანაგუნდელებსაც, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. გავალთ მინდორზე და თავს არ დავზოგავთ...

- ზაგრების "დინამოზე" რა აზრის ხართ?
- რა თქმა უნდა, ძლიერი გუნდია, მაგრამ არა იმდენად, მისი დამარცხება არ შეიძლებოდეს. მე ვერ ვიტყვი, რომ ზაგრების "დინამო" ორი თავით მაღლა დგას ჩვენზე. თამაშის წინაც მჯეროდა, რომ ჩვენ გვაქვს ამ ბარიერის დაძლევის შანსი და ახლაც მწამს, რომ ეს შანსი არის.

- სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ზაგრებში "პირველ ნომრად" მოთამაშე თბილისის "დინამოს" ხილვა. ეს მწვრთნელის ჩანაფიქრი იყო, თუ მოწინააღმდეგემ დაგვითმო სივრცე?
- მწვრთნელმაც და ფეხბურთელებმაც თავიდანვე ვთქვით, რომ არ უნდა გვეთამაშა მხოლოდ დაცვიდან. უნდა გვეთამაშა ჩვენი ფეხბურთი და მოგვეხვია თავზე მოწინააღმდეგისთვის.

გამოჩნდა, რომ შეგვიძლია ასეთი ფეხბურთის თამაში, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ჩემი აზრით, ეს არ იყო თამაში, რომელიც 0:2 უნდა წაგვეგო...

- "დინამოს" შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყავით. ეს, ალბათ, იმითიც აიხსნება, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებსა და პლეიოფებში თამაშის გამოცდილება გაქვთ. როგორ ფიქრობთ, სწორედ ეს გამოცდილება ხომ არ დაგვაკლდა ზაგრებში?
- გმადლობთ კომპლიმენტისთვის... "დინამო" ახალგაზრდული გუნდია და ეს თქვენც იცით. რა თქმა უნდა, ზოგადად არის ასეთი გამოცდილების ნაკლებობა. იცით, ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. თუ როგორ ვითამაშე, ამაზე თქვენ და გულშემატკივარმა უნდა იმსჯელოს...

ისე კი, მნიშვნელოვან თემას შეეხეთ. მე მართლაც მაქვს ეს გამოცდილება. მოგების ტკბილი გემოც ვიცი და მარცხის სიმწარეც. სწორედ ასე გროვდება გამოცდილება. ახალგაზრდული "დინამოსთვის" ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი.

ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია. რომ ჩემპიონთა ლიგის ლამის მუდმივ მონაწილე ზაგრების "დინამოსთან" შეუძლიათ ტოლ-სწორად თამაში. ყველა დარწმუნდა, რომ შორი არ არის ჩემპიონთა ლიგამდე. თავადაც იცით, ზაგრების "დინამო" თავისი ქვეყნის გრანდია. სულ ჩემპიონი ხდება და ევროტურნირებზეც სულ ჯგუფში თამაშობს. მაგრამ ჩვენ დავინახეთ, ალბათ თქვენც, რომ სხვაობა არც ისე დიდია.

- ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო ხორვატთა 19 წლის ნახევარმცველის, ანტე ჩორიჩის თამაში. მარკო პიაცას წასვლის შემდეგ ლიდერობას უფრო მარკო როგისგან ველოდით, მაგრამ ჩორიჩმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა...
- საერთოდ, ზაგრების "დინამოს" ტყუილად როდი ეძახიან "ტალანტების სამჭედლოს". ამ გუნდში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია. წარმოიდგინეთ, შეიძლება მოთამაშე იჯდეს სათადარიგოთა სკამზე და უზომოდ ნიჭიერი იყოს.

ზოგადად, ხორვატები უაღრესად სპორტული ერია. თითქმის ყველა სახეობაში ძალიან ძლიერები არიან. ფაქტია ისიც, რომ საერთო გამოცდილებით ზაგრების "დინამო" წინ დგას ჩვენზე. უფრო კონკრეტილად რომ ვთქვათ, მეკარე ედუარდო წლების განმავლობაში იყო პორტუგალიის ნაკრების მეკარე და აგერ, ევროპის ჩემპიონატზეც გახლდათ, სადაც რუი პატრისიოს სათადარიგო იყო.

სუდანი ალჟირის ნაკრების ძირითადი შემტევია. მოგეხსენებათ, ამ ნაკრებში მაჰრეზი, ფეგული და სხვა ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ... ასეთ გუნდს "დინამო", ჩემი აზრით, თითქმის არ ჩამოუვარდება. რა თქმა უნდა, მეტოქე ძლიერი გუნდია, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ამ ბარიერის გავლა შეიძლება.

- ერთი მხრივ, 2 აგვისტოს გოლები გვჭირდება, მაგრამ მეორეცაა - არნახული მობილიზაციაა აუცილებელი დაცვაში, რადგან ერთი გაშვებული გოლი პრაქტიკულად ამთავრებს თამაშს...
- თამაშამდე დრო საკმაოდაა და მწვრთნელი ზუსტად გვეტყვის, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ახლა მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია ვთქვა. ცხადია, ძალიან კარგი იქნება სწრაფი გოლი, მაგრამ ვფიქრობ, დაცვასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ სწრაფი გოლი არ გამოვა, ვთქვათ, მეორე ტაიმის დასაწყისში რომ გავიტანოთ, ცუდი იქნება? კიდევ ხომ დარჩება დრო გასატანად? ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისში ჩვენ აუცილებლად გვექნება საგოლე შანსები.

მთავარია, ისინი გამოვიყენოთ. ყველა ჩვენგანი მზადაა დიდი ბრძოლისთვის. დანარჩენს უშუალოდ 2 აგვისტოს მატჩი გამოაჩენს.

- ასეთ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გულშემატკივარს. რას ეტყოდით მათ?
- ზუსტად ვიცი, რომ არ სჭირდებათ მათ ჩემი მოწოდება და ისიც ვიცი, რომ მოვლენ სტადიონზე. მაგრამ მაინც ვეტყვი ქომაგებს - მოდით სტადიონზე და ერთად ვცადოთ გამარჯვება! მჯერა, ზაგრების "დინამოსთან" მატჩში გულშემატკივარი ჩვენი მეთორმეტე მოთამაშე იქნება.

პოლონეთსა და ისრაელში თამაშის დროს არაერთხელ მქონია შემთხვევა, როცა ჩემს გუნდს გოლი ვერ გაჰქონდა და ის გოლი გულშემატკივარს "გაუტანია"... დანარჩენი უკვე ჩვენზე იქნება დამოკიდებული. არცერთი დინამოელი თავს არ დაზოგავს, რათა ქართველი ხალხი გაახაროს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
( სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ზაგრებში "პირველ ნომრად" მოთამაშე თბილისის "დინამოს" ხილვა)ძალიან მაგარი ტაქტიკა კი იყო,მაგრამ ასეთ ტაქტიკას ძლიერი თავდამსხმელი სჭირდება და არა გელაშასნაირი,მას რომ ის მომენტი(ცარიელ კარს რომ ააცილა)გამოეყენებინა მაშინ კი ვიტყოდი დინამო გავათქო შემდეგ ეტაპზე...მაგრამ...
სწრაფი გოლიიი
02 აგვისტო 2016 11:18
0
ნიკოლოზ აბა შენ იცი ხვალ. ლამის გადააყოლონ ამ ერთ გოლს ეს კაცი. გაიტანე ჯანოს მსგავსი სუპერ გოლი და გააჩუმე ეს ხალხი! მჯერა გელაშვილი გაიტანს.
kodala
01 აგვისტო 2016 18:46
0
ნ-ს. შენ რა გინდა? ის ხომ არა, რომ გელაშვილი სასტარტოში იყოს!! არ გამოვა, არა!!!!!!
zizu
01 აგვისტო 2016 17:44
0
ყველა ნარდი გულშემატკივარი სტადიონზე და არა ისეთი...... როგორც ეს ....... 765-ია!!!!
natali
01 აგვისტო 2016 17:42
0
ყველა ნამდვილი გულშემატკივარი სტადიონზე!
gizog
01 აგვისტო 2016 17:09
0
ლადო გაიხარე, გაუძეხი ბიჭებს და გაამარჯვებინე, მართლაც დიდი გამოცდილების კაცი ხარ და სწორედ შენი გოლით დავიწყოთ ზაგების დინამოს ნგრევა, ეს იქნება კიდევ ერთი ისტორიული მატჩი დინამოსი. რაც შეეხება სტადიონზე მოსვლას უნდა მოვიდეს არა მაყურებელი არამედ დინამოს გამარჯვებისთვის გულანთებული გულშემატკივარი. ასეთ შემთხვევაში რაოდენობას მნიშვნელობა აღარ აქვს. ბევრჯერ 5 ათას გულშემატკივარს გადაუჯოკრია 50 ათასი მაყურებლისთვის.
gizog
01 აგვისტო 2016 17:07
0
ჩვენ მოვიგებთ ომს!
ჩვენ
01 აგვისტო 2016 00:35
0
7 სეზონია გოლი არ გაგიტანია და უგოლოტ როგორ უნდა მოიგო
765
31 ივლისი 2016 18:42
0
ეეეჰ
Z.LO
31 ივლისი 2016 18:38
0
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველ ღამე გელაშვილის მომენტი მესიზმრება და აცილების მომენტში მეღვიძება. ეს კოშმარი არ მთავრდება. 2 აგვისტოს ნიკოლოზმა აუცილებლად უნდა გაიტანოს და განმკურნოს ამ კოშმარებისგან, თორემ ფსიქიკური ჯანმრთელობა შემერყევა.
ლუკა
31 ივლისი 2016 18:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული