"საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ახალ საფეხბურთო სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელითა და გადახალისებული შემადგენლობით ხვდება. ორკვირიანი თურქული შეკრების შემდეგ ტორპედოელებმა მზადება საკუთარ ბაზაზე გააგრძელეს, 7 აგვისტოს კი, XXVIII ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებენ...

4 აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელებმა ოფიციალურად წარადგინეს გუნდის ახალწვეულები - იურგენ კოლინი (N14), გიორგი გურული (27), გუგა ფალავანდიშვილი (5), ავთო ენდელაძე (11), ალექსი ბენაშვილი (77), გრიგოლ დოლიძე (22), ცოტნე მესხი (20) და მეკარე მამუკა ქვილითაია.

Sportall.Ge

კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ ახალწვეულებს "ტორპედოს"
მაისურები გადასცა, პრესკონფერენციაზე კი ჟურნალისტების კითხვებს კობა ჟორჟიკაშვილმა უპასუხა:

- ახალი სეზონისთვის მზადება 15 ივნისს დავიწყეთ. ერთი თვის განმავლობაში საკუთარ ბაზაზე ვემზადებოდით, სადაც 4 საკონტროლო შეხვედრა გავმართეთ. შემდეგ იყო ორკვირიანი შეკრება თურქეთში, სადაც ასევე 4 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და თან - საკმაოდ კარგ გუნდებთან.

ვფიქრობ, ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა, ფეხბურთელების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ყველა ბოლომდე იხარჯებოდა და საქმეს პროფესიულად უდგებოდა, როგორც ვარჯიშებზე, ისე - ამხანაგურ თამაშებში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემპიონატისთვის გუნდი კარგად არის მომზადებული.

ახალ სეზონს საკუთარ მოედანზე "შუქურასთან" მატჩით გავხსნით და ვეცდებით, გულშემატკივრები პირველივე შეხვედრაში გავახაროთ.

- ქობულეთის "შუქურას" სულ ახლახან "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელები - ბაქარ მირცხულავა და გურამ ადამაძე დაემატნენ. ქუთაისელი გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ გუნდმა ეს ფეხბურთელები ვერ შეინარჩუნა...
- ფეხბურთელები იცვლიან კლუბებს და ეს ბუნებრივი პროცესია. მირცხულავა და ადამაძე "ტორპედოს" მიზეზით არ წასულან. ჩვენ ფეხბურთელების შენარჩუნებას ყველანაირად ვცდილობთ...

- საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დაიმატეთ. რამდენად შეძლებენ ისინი გუნდიდან წასული მოთამაშეების ღირსეულად შეცვლას?
- ახალი ფეხბურთელები სათამაშო სისტემიდან გამომდინარე შევარჩიეთ. როგორ ფეხბურთს ვითამაშებთ და რომელ პოზიციაზე უფრო ძლიერი მოთამაშეები გვყავს, ამას ახლა ვერ გავამხელთ, რადგანაც ეს გუნდის შიდა სამზარეულოა. ვფიქრობ, ახალი ფეხბურთელები გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ და ჯანსაღი კონკურენციის არსებობას შეუწყობენ ხელს.

კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად იმ პოზიციაზე ვარ, რომ ნებისმიერი უცხოელი, რომელსაც გუნდში მოვიწვევთ, ადგილობრივ ფეხბურთელზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს. სწორედ ამ პრინციპით დავიმატეთ ჰოლანდიელი იურგენ კოლინი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია, არაერთ წამყვან ევროპულ გუნდში უთამაშია... კოლინის მოწვევას ორი დატვირთვა აქვს - პირველ რიგში ის, რომ გუნდი გააძლიეროს და მეორეც - მისი გამოცდილება ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმაც გაიზიარონ...

საერთოდ, გვინდოდა, რომ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი გაგვეკეთებინა და ვფიქრობ, გამოგვივიდა კიდეც.

- რა მიზნებისთვის იბრძოლებს "ტორპედო" გარდამავალ ჩემპიონატში ?
- "ტორპედო" სახელითა და ტრადიციებით იმსახურებს, რომ მუდამ წამყვან პოზიციებზე იყოს. კლუბის ხელმძღვანელობა მაღალ მიზნებს მისახავს და ასეც რომ არ იყოს, საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო.

გარდამავალი ჩემპიონატი იოლი არავისთვის არ იქნება, ახალი ფორმატიდან გამომდინარე, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და მჯერა, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
არ დაიღალეთ ამდენი დაცინვით, კარგი გუნდია ტორპედო და კარგ შედეგსაც დადებს ხემძღვანელობასთან ერთად. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო და სხვა გუნდს შევადარო, მაგრამ ირგვლივ მიმოიხედეთ რა ხდება?!
lelo
14:49 06-08-2016
0
რა მშვენიერი ფორმაა უბრალოდ ვერცხლისფერი წარწერები აქვს სად ხედავთ თეთრს თქვე მართლა დალტონიკებო
klaWo
14:47 06-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული