სიონი-საბურთალო 1:2 - თავბურთი ბოლნისში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ბოლნისის "სიონი", ბევრისთვის მოულოდნელად, შინ დამარცხდა "საბურთალოსთან". თამაში ისეთი იყო, ნებისმიერ შედეგზე შეიძლებოდა გეფიქრა კაცს, თუმცა სტუმართა მოგებას დაუმსახურებელს ვერავინ უწოდებს...

"სიონის" მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ ხუთმცველიანი სათამაშო ტაქტიკა აირჩია. ეგაა, "სიონი" ამდენი უკანახაზელით მხოლოდ დაცვით ფაზაში თამაშობდა, შეტევისას კი მასპინძლები სამმცველიან სქემაზე გადადიოდნენ.

"საბურთალოს" წინა ხაზზე ჰყავდა ესპანელი ახალწვეული გარსია პენა, ვინც მატჩის ერთ-ერთ მთავარ გმირად იქცა. მეორე ესპანელმა, მანუელ კარასკომ, საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ამპლუით ცენტრალური მცველია. ორივე პირენეელი კარგი ფეხბურთელი
ჩანს, თუმცა გვითხრეს, რომ ახალწვეულთა შორის ყველაზე კლასიანი სანტი ხარა კოლადოა, ვინც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ხიხონის "სპორტინგის" ყოფილი ფორვარდი სულ სამი დღეა, რაც საქართველოში ჩამოვიდა და ეტყობა, სათამაშოდ ჯერ მზად არ არის.

თავის მხრივ, ნორმალურად ითამაშა "სიონის" ბრაზილიელმა საყრდენმა სანტოსმაც. "სიონს" ბევრი ახალწვეული ჰყავს და, ცხადია, გუნდის შეთამაშებას გარკვეული დრო სჭირდება. ამდენად, ბოლნისელთათვის ამ შეხვედრის წაგება ტრაგედია ნამდვილად არ უნდა იყოს.

...პირველი სახიფათო მომენტი "საბურთალომ" შექმნა. გარსია პენა მეურვეს დაუსხლტა, თუმცა საბოლოო დარტყმას სიზუსტე დააკლო. მან მეკარისთვის თავზე სცადა ბურთის გადაგდება და კარს ზემოდან გადააცილა.

ეს იყო და, "სიონმა" მშვენიერი საგოლე შანსი შექმნა - დავით ვოლკოვმა ბურთს თავი ვერ მიარტყა, თორემ ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა. უნდა ითქვას, რომ ლაშა თოთაძესთან ერთად, ვოლკოვი საუკეთესო იყო ბოლნისელთა შემადგენლობაში.

ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ხარაიშვილმა კუთხური ჩააწოდა. გარსია პენა მაგრად ჩაუსაფრდა ბურთს და ეშმაკური თავურით გაუტანა სოსლან ნანიევს. ლამაზი გოლი გამოვიდა.

რა თქმა უნდა, "სიონი" არ აპირებდა მოვლენათა ასეთ განვითარებასთან შეგუებას. არმაზ ჯელაძის გუნდმა ანგარიში ზუსტად ორ წუთში გაათანაბრა - თოთაძემ დიდებული მაღალი პასი მისცა ვოლკოვს, რომელიც ჰაერში "აფრინდა" და ოთარ გოშაძეს იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა.

პირველი ტაიმის ბოლომდე ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, როცა ირაკლი სიხარულიძის დარტყმას გოშაძე ადგილზე დახვდა. გუნდებმა ურთიერთობის გარკვევა მეორე ტაიმისთვის გადადეს.

მეორე ტაიმი კი სახიფათო მომენტებით მდიდარი არ ყოფილა. ეგაა, მინდორზე ვნებები დუღდა. "საბურთალომ" გადამწყვეტი გოლი ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში შეაგდო - გრიგოლ ჩაბრაძემ რთული ბურთი მოათვინიერა ფლანგზე და საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ელვინ ტერა კარგად გაიხსნა. კენიელი საყრდენი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და თავით იოლად გაიტანა.

ამის შემდეგ ჯელაძემ თამაში გადააწყო. მან მცველი დავით სვანიძე შეცვალა და მინდორზე შემტევი ოთარ კობახიძე შეუშვა. მოგვიანებით მოხსნა საყრდენი სანტოსიც და მას მოიერიშე ლაშა შინდაგორიძე ანაცვალა.

თამაშის გადარჩენა მაინც არ გამოვიდა. "სიონს" მომენტები კი ჰქონდა, მაგრამ ვოლკოვსა და შინდაგორიძეს სიზუსტე დააკლდათ. ვიხილეთ ორი წითელი ბარათი. ჯერ "საბურთალოს" ესპანელ დამრიგებელს მიუთითა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ გასახდელისკენ ზედმეტი ემოციურობისთვის, მერე კი დავით ხურცილავამ შეაჩერა ხელით ბურთი. ეს რომ არა, "საბურთალო", ალბათ, საგოლე შეტევას მოაბამდა თავს.

მატჩის დასრულებამდე მინდორზე გაწევ-გამოწევაც ვიხილეთ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. წითელი ჯგუფი
07.08. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-საბურთალო 1:2
გოლები: 0:1 გარსია პენა (37), 1:1 ვოლკოვი (39), 1:2 ტერა (50)
სიონი (5-4-1): ნანიევი - ხურცილავა, თოთაძე, სვანიძე (53. კობახიძე), კასრაძე, გაფრინდაშვილი - ვოლკოვი, სანტოსი (73. უგულავა), ვასაძე, ჯანელიძე - სიხარულიძე (66. შინდაგორიძე).
სათადარიგოები: ილუშჩენკოვი, გიორბელიძე, ფოფხაძე, ზ. ლობჯანიძე
მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
საბურთალო (4-4-1-1): გოშაძე - იაშვილი, მარგველაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, სოფრომაძე - რუხაძე, ტერა (81. მამუჩაშვილი), კარასკო, ჩაბრაძე (75. ბიძინაშვილი) - ხარაიშვილი - გარსია პენა (89. ბუხაიძე).
სათადარიგოები: ქურდაძე, ნადარაია, კოლადო, ცაცკრიალაშვილი
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
გაფრთხილება: მარგველაშვილი (14), თოთაძე (27), ჩაბრაძე (45), ვასაძე (57), კასრაძე (80), გაფრინდაშვილი (90), კარასკო (90), გოშაძე (90)
გაძევება: ხურცილავა (90)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია.

II ტური. წითელი ჯგუფი
14 აგვისტო
სამტრედია-სიონი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-ზუგდიდი

"საბურთალო" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუუკს მიყვარხარ.. ვამაყობ შენით...საბურთალოს და ბიჭებს გამარჯვებას ვულოცავ..
იაშკა
13:59 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული