11:42 08-08-2016
ტორპედო-შუქურა 0:0 - ასე ორივეს გაუჭირდება... [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც სადებიუტო მატჩებს ხშირად ახასიათებს, თამაში არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. სეზონის წინ ორივე გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა და შეთამაშების პრობლემა როგორც ქუთაისელთა, ასევე სტუმართა რიგებშიც აშკარა იყო.
კობა ჟორჟიკაშვილმა, რომლის ხელმძღვანელობითაც "ტორპედო" პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა, ძირითად შემადგენლობაში ერთი გამოკვეთილი ფორვარდი - ოთარ კვერნაძე გაამწესა. მას ფლანგებიდან "ტორპედოში" დაბრუნებული გამოცდილი ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე და გიორგი ქიმაძე ეხმარებოდნენ.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, ქუთაისელები ბურთს ფლობდნენ და შეტევაშიც აქტიურად გადადიოდნენ, მაგრამ იერიშებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიმწვავე აკლდა.
ქობულეთელებმა კი თავიდანვე "მეორე ნომრად" ამჯობინეს თამაში, თავიანთ ნახევარზე გამაგრდნენ, ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს და ტორპედოელებს იშვიათი კონტრშეტევებით თუ შეაწუხებდნენ ხოლმე.
პირველ ტაიმში ქუთაისელთა შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც აქტიური იყო დოლიძე. მას დებიუტშივე შეექმნა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ კარგად ითამაშა სტუმართა მცველმა ბაქარ მირცხულავამ, რომელიც გასულ სეზონში "ტორპედოს" ღირსებას იცავდა - დოლიძეს ვარდნაში აართვა ბურთი და ახლო მანძილიდან კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.
მომდევნო ეპიზოდისას იმავე დოლიძემ ტუღუშის ფლანგურ პასს შეაგება თავი, მაგრამ ხეირიანი დარტყმა არ გამოუვიდა. ქუთაისელთა ვეტერანი ფეხბურთელი ცოტა ხანში ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა მარჯვენა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყა.
ქუთაისელები სათამაშო უპირატესობას ტაიმის ბოლომდე ფლობდნენ, მაგრამ პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი ქიმაძეს ჰქონდა, რომელმაც ვაჟა ტაბატაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სტუმართა კარს თავით ააცილა.
მეორე ნახევარიც ჟორჟიკაშვილის გუნდის უპირატესობით დაიწყო. კვერნაძის სახიფათო დარტყმა ჯიოევმა მოიგერია. შემდეგ ქიმაძე ზედიზედ სამჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ ვითარებაში, მაგრამ კარში დარტყმა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.
ფეხბურთელები შეთანხმებულად ვერ მოქმედებდნენ და შეცდომებს ხშირად უშვებდნენ. ერთ ეპიზოდში სტუმრების დაცვა აშკარად ჩავარდა, რითიც მასპინძლებს უნდა ეხეირათ, მაგრამ ქუთაისელთა კიდევ ერთი ახალწვეულის, ავთო ენდელაძის სახიფათო დარტყმა ჯიოევმა კუთხურზე მოიგერია.
ტორპედოელები უღიმღამოდ, ქაოსურად უტევდნენ და გულშემატკივართა უკმაყოფილებაც იზრდებოდა. ჟორჟიკაშვილმა თამაშში კორექტივების შეტანა შეცვლებით სცადა - მოედანზე თორნიკე კაპანაძესა და ვახტანგ კვარაცხელიას უხმო, ტაქტიკური სქემაც შეცვალა. თუ "ტორპედოს" სასტარტოში მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფორვარდი ჰყავდა, ახლა ორი თავდამსხმელით შეუტია.
მასპინძლებმა თამაში შედარებით გამოასწორეს, გაცილებით მწვავედ ათამაშდნენ და კაპანაძეს გოლის გატანის რეალური შანსიც მიეცა, მაგრამ... მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ სტუმრები ჯიოევმა გადაარჩინა.
ზღვისპირელები ბოლო წუთებზე დროის გაყვანაზე გადავიდნენ და მიზანსაც მიაღწიეს - ქობულეთში ქულით ხელდამშვენებულები დაბრუნდნენ. თუმცა ესეც ვთქვათ - ასეთი თამაშით ორივე გუნდს ძალიან გაუჭირდება. ჟორჟიკაშვილსაც და თეიმურაზ შალამბერიძესაც წინ ძალიან დიდი სამუშაო აქვთ.
მატჩის შემდეგ
თეიმურაზ შალამბერიძე ("შუქურას" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან რთული თამაში გამოვიდა. განაცხადში რამდენიმე ფეხბურთელის შეყვანა ვერ მოვასწარით. ამიტომ დიდი არჩევანი არ გვქონდა და გადავწყვიტეთ, "მეორე ნომრად" გვეთამაშა. ქუთაისში ძალიან ძნელია თამაში. ასე რომ, ქულითაც კმაყოფილი ვარ".
კობა ჟორჟიკაშვილი ("ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი): "პირველივე შეხვედრა რთული გამოდგა. ვიცოდით, რომ "შუქურა" "მეორე ნომრად" ითამაშებდა და სივრცეებს შეგვიზღუდავდა. ამისთვის ვემზადებოდით კიდეც. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ერთი გოლი რომ გაგვეტანა, შესაძლოა, დიდი ანგარიშითაც მოგვეგო. ერთი ნომინალური ფორვარდით კი ვითამაშეთ, მაგრამ ფლანგის მოთამაშეებსა და ცენტრიდან ბაბუნაშვილს შეტევაში აქტიური მონაწილეობა ჰქონდათ დავალებული. სამწუხაროდ, დღევანდელი შეხვედრა ჩვენი სცენარით არ წარიმართა".
საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი
07.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-შუქურა 0:0
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, კოლინი, გურული, ტუღუში (69. ბრეგვაძე), დოლიძე, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი (62. კაპანაძე), ენდელაძე, ქიმაძე, კვერნაძე (76. კვარაცხელია).
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ნერგაძე, მამასახლისი, წილოსანი
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
შუქურა: ჯიოევი, ჯაფარიძე, ჩაჩუა, ჭეჟია, მირცხულავა კომახიძე (83. ანანიძე), მალანია (64. ბრაჭული), ჭანუყვაძე (88. კალანდაძე), შალამბერიძე, საბაძე, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, კალანდაძე, გოგიტიძე, ჩელებაძე
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: ჯიოევი (42), ბრეგაძე (84)
არბიტრი: ჯენერი ხორავა
II ტური. თეთრი ჯგუფი
13 აგვისტო
დინამო (თბ)-გურია
შუქურა-ჩიხურა
ლოკომოტივი-ტორპედო
"ცხინვალი" ისვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მსაჯებზე გადაბრალებას რომ დაიწყებ და უნიათო, უფანტაზიო თამაშზე არაფერს იტყვი, კი იმსახურებ იმ უსახო გუნდს როგორიც არის...
0
0
:D :D :D :D ტორპედო გავა ზუსტად ევროტასებზე და სამტრედიასავით არ შერცხვება.კარგად დაიმახსოვრე ეგ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული