14:16 15-08-2016
დილა-ზუგდიდი 4:1 - უხვგოლიანი სტარტი [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლების ტერიტორიული უპირატესობა პირველი წუთებიდანვე გამოიკვეთა. "დილას" შუა ხაზი, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, საკმაოდ კარგად აკონტროლებდა ბურთს მოედნის ცენტრში. ერთ-ერთი მათგანი, ლევან ნონიკაშვილი, პირველი გოლის თანაავტორიც აღმოჩნდა. სწორედ მან მოძებნა მშვენივრად მარცხენა ფლანგიდან ირაკლი მოდებაძე, რომელმაც ახალ სეზონში პირველად გაახარა გორელები - 1:0.
უჩა სოსიაშვილის შეგირდები სწრაფი გოლის მერეც არ მოდუნებულან - საჯარიმოს მისადგომებიდან მოდებაძის დარტყმული ხარიხას მოხვდა. თუმცა სტუმრები მეორე გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ. "დილას" იერიში ახლა უკვე თავად ნონიკაშვილმა აქცია გოლად, ოღონდ ამაში დმიტრო ზოზულიაც "მიეხმარა", რადგან ბურთი მას მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ბადეში გაეხვია - 2:0.
უგოლოდ მოედანი არ დაუტოვებია "დილას" კიდევ ერთ გორელ შუახაზელ თენგიზ წიქარიძეს, ვისი მოზომილი პასითაც მოდებაძე დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და, მართალია, ამჯერად ვერ გაიტანა, მაგრამ 28-ე წუთზე ეს საქმე იმავე წიქარიძემ აიღო თავის თავზე და შორეული ძლიერი დარტყმით სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა - 3:0.
ზუგდიდელები პირველივე გაშვებული გოლის შემდეგ დაბნეულები გამოიყურებოდნენ. მათი იშვიათი, ღირებული შეტევებიდან შეიძლება გამოვარჩიოთ ბეჭვაიას მიერ მოედნის სიღრმიდან გაკეთებული პასით ალექსანდრ ერმაჩენკოს პირისპირ გასვლა მეკარესთან, რაც ამ უკანასკნელის ყოჩაღობით დასრულდა.
რა გასაკვირია, რომ 3 ბურთით დაწინაურებული მასპინძლები შესვენებამდე მეტოქეს დიდად აღარ მიძალებიან.
შესვენებისას ოთარ გაბელიამ კორექტივები შეიტანა თავისი გუნდის ტაქტიკასა და შემადგენლობაში. გამოცდილმა მწვრთნელმა შეცვლაზე ერთდროულად ორი ფეხბურთელი შეუშვა, რომელთაგან ერთმა, ნიკა ლაშხიამ, უკვე 48-ე წუთზე შეძლო გიორგი ბეგაშვილის დამწუხრება - 3:1.
აქ უნდა აღინიშნოს, რომ საგოლე დარტყმამდე გორელები ჯარიმას ითხოვდნენ და მსაჯის ყურებაში დაცვაში კონცენტრაცია დაკარგული ჰქონდათ. აქვე, "დილას" დაცვის ხაზის საიმედოობაც ვახსენოთ, რასაც უაღრესად გამოცდილი ლაშა სალუქვაძე, ლექსო კვახაძე და თემურ ღონღაძე უზრუნველყოფდნენ ახალგაზრდა სამხარაძესთან ერთად.
მეორე ტაიმში მოედნის მასპინძელთა ნახევარზე შესამჩნევი გახდა გურამ სამუშიას აქტიურობა, რომელიც სისწრაფის ხარჯზე სტუმართა კონტრიერიშებისას ხშირად აწუხებდა "დილას" უკანახაზელებს.
საერთოდ, "ზუგდიდი" მეორე ტაიმში შეიცვალა. სტუმრები უფრო ენერგიულად მოქმედებდნენ, მაგრამ იერიშებისას ხშირად უკანა ხაზში ყურადღებას ადუნებდნენ.
...მეოთხე გოლი ზუგდიდელებმა ღონღაძის შესანიშნავი სოლო-რეიდის შედეგად მიიღეს. მან დაცვიდან წაიღო ბურთი და ისე მიიტანა საჯარიმომდე, გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა. მერე ბურთი ახალწვეულ იოსებ ჩახვაშვილს მიაწოდა, ვინც "დილას" მაისურით თავისი სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა - 4:1.
ხუთ წუთში ჩახვაშვილმა კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი ვეღარ აქცია გოლად. იქვე, წიქარიძემაც ლამის პირველი ტაიმის ანალოგიური გოლი შეაგდო - ბურთი ცოტათი ასცდა მიზანს.
შეხვედრის ბოლო ნახევარი საათი ორმხრივ იერიშებში მიილია. მეტადრე, "ზუგდიდი" ცდილობდა დიდი ანგარიშით წაგებისგან თავის დაძვრენას, მაგრამ - ამაოდ.
ასე რომ, "დილამ" ჩინებული სტარტი აიღო, ხოლო "ზუგდიდმა" ორივე მატჩი წააგო და უქულოდ ცხრილის ფსკერზე რჩება.
უმაღლესი ლიგა. წითელი ჯგუფი. II ტური
14.08. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ზუგდიდი 4:1
გოლები: 1:0 მოდებაძე (8. ნონიკაშვილის პასით), 2:0 ნონიკაშვილი (17), 3:0 წიქარიძე (28), 3:1 ლაშხია (48), 4:1 ჩახვაშვილი (70. ღონღაძის პასით)
დილა: ბეგაშვილი, სამხარაძე, სალუქვაძე, კვახაძე, ღონღაძე, რაზმაძე, წიქარიძე, ერისთავი (79. კურმაშვილი), ნონიკაშვილი (62. ჩახვაშვილი), გამცემლიძე (89. ჯანელიძე), მოდებაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კაკულია, ელიაური
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზუგდიდი: ზარქუა, იოსელიანი, აფაქიძე, ზოზულია, ჩიკვილაძე, ტყემალაძე, ბეჭვაია, აბდულ აზიზი (46. ლაშხია), ერმაჩენკო, ჭანკოტაძე (46. კუკავა), სამუშია (81. ლომია).
სათადარიგოები: დაუშვილი, ქირია, მაჩაიძე, სიხარულია
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
გაფრთხილება: ჩიკვილაძე (20), სამხარაძე (25), ნონიკაშვილი (50)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.
III ტური
20 აგვისტო, შაბათი
სიონი-კოლხეთი
დინამო (ბთ)-დილა
საბურთალო-სამტრედია
"ზუგდიდი" ისვენებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამათმა კიდე თურქეთში გაიარეს შეკრება,არადა ესენი ბაიას ბაზის კარს იქით არ იყო გასაშვები.თანაც იქ ისეთი ჭე კლასის გუნდებთან ქონდათ შეხვედრები,ნაღდად ეტყობათ.ეს კი იმას ნიშნავს რომ გუნდს არაყავს პატრონი,და ეს ასე იყო,არის და იქნება ალბათ კიდე კაი ხანი.
0
0
ამათმა კიდე თურქეთში გაიარეს შეკრება,არადა ესენი ბაიას ბაზის კარს იქით არ იყო გასაშვები.თანაც იქ ისეთი ჭე კლასის გუნდებთან ქონდათ შეხვედრები,ნაღდად ეტყობათ.ეს კი იმას ნიშნავს რომ გუნდს არაყავს პატრონი,და ეს ასე იყო,არის და იქნება ალბათ კიდე კაი ხანი.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული