უკრაინელი ინვესტორების ამბავი - არის თუ არა ცნობილი მენეჯერი სელიუკი "ზუგდიდის" ახალი მეპატრონე?

AutoSharing Option
ფოტოზე: დმიტრი სელიუკი
"ზუგდიდის" დამფუძნებლებსა და შემადგენლობაში მომხდარ სერიოზულ საკადრო ცვლილებებზე "ლელო" უკვე წერდა.

- რევოლუცია "ზუგდიდში": უკრაინელები მოვიდნენ, ოთარ გაბელია წავიდა

18 აგვისტოს ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია: "ოცდღიანი მოლაპარაკება დასრულდა და აუქციონის წესით, "ზუგდიდის" აქციათა 51-პროცენტიანი პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, ხოლო 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგებს. სპონსორებთან მიმართებაში ოფიციალური საკითხები თითქმის დასრულებულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი", - წერია პრესრელიზში.

ზუგდიდელებმა გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილებებიც გაახმოვანეს:

"გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას უკრაინელი ვიქტორ დოგადაილო შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა
წელს სანაკრებო და საკლუბო დონეზე უმუშავია - 1994-97 და 1998-99 წლებში უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 1997-2001-ში უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების (U16, U19) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2001-03 წლებში დონეცკის "შახტარის" სპორტულ-ანალიტიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-05 წლებში ამავე კლუბში სპორტული დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 2005-07 წლებში ოდესის "ჩერნომორეცის" ერთ-ერთ მწვრთნელად, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ბოლოს კი მოლდოვურ "ზარიას" ავარჯიშებდა".

საინტერესოა, რომ ვიქტორ დოგადაილოს ასისტენტად ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ვლადიმირ ლიუტი იმუშავებს. მას მდიდარი საფეხბურთო კარიერა აქვს. დნეპროპეტროვსკის "დნეპრის" (1980-89) თავდამსხმელს უთამაშია გერმანულ "შალკეში", "დუისბურგსა" და "ბოხუმში", ასევე, თურქულ "ბურსასფორში". იყო საბჭოთა კავშირის ოლიმპიური, მთავარი და აგრეთვე, დსთ-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა) ნაკრებების წევრი, ხოლო 1988 წელს, გელა კეტაშვილთან ერთად, სეულში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

კარიერის შემდეგ ლიუტიმ მწვრთნელობა დაიწყო და მუშაობდა გერმანიის დაბალი ლიგის გუნდებში, მერე კი ლიცენზია და მესამე ლიგის გუნდთან მუშაობის უფლება მიიღო. 2007 წელს ის მოსკოვის "ლოკომოტივის" მწვრთნელად და ანატოლი ბიშოვეცის ასისტენტად მუშაობდა, 2010-ში "როსტოვის" დამრიგებელ ოლეგ პროტასოვს ეხმარებოდა, 2014-ში მოლდუვური "საკსანის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც 2015 წლის აპრილამდე საქმიანობდა.

მის გარდა, დოგადაილოს სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ ლევან მიქაძე და მამუკა ჭაჭუა, მეკარეებს კი მუხრან ქარჩავა გაწვრთნის. კლუბის პრესატაშე ლაშა გოგილავას ცნობით, ამ დროისთვის გუნდი ერთადერთმა ფეხბურთელმა, გიორგი ჭანკოტაძემ ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე დატოვა. გუნდი კი მზადებას რუხის ბაზაზე აგრძელებს...

* * *
უკრაინული მედია "ზუგდიდის" ამბებს საკმაოდ დიდი ინტერესით აშუქებს. როგორც შევიტყვეთ, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი სვიატოსლავ სიროტა გახდა - ვალერი ლობანოვსკის დროინდელი კიევის "დინამოს" სათადარიგო მეკარე, რომელმაც კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობა ფეხბურთში გააგრძელა და 2008-10 წლებში უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი იყო, თუმცა პოსტს კორუფციული სკანდალის ბრალდებით ჩამოაშორეს.

საინტერესოა, რომ ცნობილ რუს მსახიობთან, სერგეი ბეზრუკოვთან ერთად მონაწილეობდა ფილმ "მატჩში", სადაც გერმანელი მეკარის ეპიზოდურ როლს თამაშობდა.

"ვიკიპედიიდან" შევიტყვეთ, რომ ის ცნობილი უკრაინელი მენეჯერის, დმიტრი სელიუკის თანაშემწე და კოორდინატორია. სხვათა შორის, სელიუკი ზუგდიდელთა ერთ-ერთი ახალწვეულის, 19 წლის ესპანელის, ედგარ კაპაროსის მენეჯერია.

აქედან, შესაძლოა, ვინმემ დაასკვნას, რომ სელიუკი "ზუგდიდის" შესყიდვასთან კავშირშია და რომ, თითქოს, გიორგი დემეტრაძე კლუბს ამ გზით დაუკავშირდა - სელიუკი ხომ მთელი კარიერის განმავლობაში ქართველი თავდამსხმელის აგენტი იყო. მაგრამ ჯერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

ფაქტია, რომ 2011-12 წლებში სიმფეროპოლის "ტავრიაში" პრეზიდენტად მისული სელიუკის მოადგილე სიროტა იყო. ზუგდიდელთა ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი 2015 წლის 31 იანვარს უკრაინის მსაჯთა ასოციაციაშიც ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ბოლოს კი მოლდოვის (ბელცი) "ოლიმპიაში" მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, რომელმაც ისტორიაში პირველად ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.

Sportall.Ge
ფოტოზე: სვიატოსლავ სიროტა
უკრაინულ გამოცემა matchday.ua-სთან ინტერვიუში სიროტამ გაამხილა, როგორ მოხვდა "ზუგდიდში".

"ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა. შემოთავაზება აღმოსავლეთ ევროპის კლუბებისგან მქონდა. ჩემს მეგობარს, ლევან გულორდავას დავუკავშირდი, რომელიც, თურმე, ჩემს ნაცნობ ინვესტორებს ხვდებოდა. შევხვდით, ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზუგდიდის კლუბი აგვეღორძინებინა.

თავად ლევან გულორდავა ზუგდიდიდანაა და რამდენადაც ვიცი, მისი დიდი ხნის ოცნებაა, მშობლიურ ქალაქში ევროპული დონის კლუბი ჩამოაყალიბოს. ვიფიქრე, რატომაც არ გვეცადა?

ამ ეტაპზე, კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვარ და ინვესტორის ინტერესებს წარმოვადგენ. ჩემი მთავარი მიზანია, ვითარება დავასტაბილურო და ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. ვაპირებთ, რომ ჩვენი შესაძლო დანახარჯები და კლუბის წინა ხარჯები ერთმანეთს შევუსაბამოთ. ეს პროცესი ერთ დღეში ვერ დასრულდება. თანაც, საქართველოში ჩემპიონატი უკვე დაიწყო და აუცილებელია, რომ ყველაფერი ახლავე მოვაგვაროთ.

მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ბიუჯეტის ოპტიმიზაციას შევძლებთ. უბრალოდ, გვინდა, რომ ინვესტიცია ყველაფერზე გვეყოს", - ამბობს სიროტა.

ზუგდიდელთა ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა გაძლიერების გეგმებზეც ილაპარაკა და არც ის დამალა, რომ საქართველოში უცხოელ ფეხბურთელებზე დაწესებული ლიმიტი მოეწონა:

"ვფიქრობ, უკრაინას საქართველოსგან ამ გამოცდილების გადაღება შეუძლია. ხუთ უცხოელს უფასოდ თამაში შეუძლია, ყოველ მომდევნოზე კი, დაახლოებით, 6.5 ათას დოლარს იხდიან. საქართველოში წამყვანი კლუბების ბიუჯეტები უფრო მწირია, ვიდრე უკრაინაში. ამიტომ საქართველოში დაწესებული რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ გაძლიერების შესაძლებლობა გვაქვს.

დღეისთვის, ჩვენ უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი უკრაინელ დმიტრო ზოზულიასთან, რომელიც გასულ სეზონში ლანჩხუთის "გურიაში" უკვე თამაშობდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი უკრაინელ ალექსანდრ ერმაშენკოსთან, რომელსაც ბელცის "ზარიადან" ვიცნობ.

დანარჩენი ფეხბურთელები უცხოელები არიან: აზიზ დინ-კონტეჰი, რომელიც ასევე ჩემთან ერთად "ზარიაში" იყო. ახალწვეულია ბამბა ჰუსენი - ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც კვიპროსსა და ბელორუსში უთამაშია.

საქართველოში უმაღლესი დონის ჩემპიონატი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც ვნახე, ჩვენს პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. წავიყვანეთ ახალგაზრდა და პერსპექტიული ედგარ კაპაროსი, რომელიც "ჟირონას" გაზრდილია - ეს მსოფლიოში ძალიან ცნობილი კატალონიური საფეხბურთო აკადემიაა. ჩვენ ველით, რომ უახლოეს მომავალში კაპაროსი გუნდის ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს. ეს სადღაც ზამთარში უნდა მოხდეს.

მცირე ხნის წინ კი ჩვენ უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო მოვიწვიეთ, რომელმაც გუნდი უნდა გააძლიეროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Es vigac sirota korufciul garigebebsho kofila ukrainashi shemchneuli da axla esha gvaklda zigdidelebs.eseni magiozebs ufro gavs vodre fexburtis amgorzineblebs
Goga
16:00 19-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული