ბოლნისის "სიონი" ლიტვის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ლიტვის ნაკრების ფეხბურთელი, 32 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მინდაუგას კალონასი დაიმატა.

ის თავისი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში (მოსკოვის "დინამო", "რუბინი", ლიეპაიას "მეტალურგსი", "ყუბანი", "რიგა", ჩეხური "ბოჰემიანსი", ზაპოროჟიეს "მეტალურგი", პოლონური "სტომილი", ბაქოს "რავანი", "სიმურგი", ჰაიფას "ჰაპოელი", "სკონტო", "ნაზარეთი", კაუნასის "ჟალგირისი") უთამაშია.

კალონასს ლიტვის ეროვნულ ნაკრებში 2006 წლიდან იწვევენ. ამ დროის განმავლობაში მან ბალტიისპირული ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისურით 43 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

"სიონსა" და ფეხბურთელს შორის კონტრაქტს გუშინ მოეწერა ხელი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ
"ლელომ" კალონასს კომენტარი სთხოვა:

"შეიძლება ითქვას, კარგ ფორმაში ვარ. ბოლო სამი თვის განმავლობაში კაუნასის "ჟალგირისში" ვთამაშობდი. ამ დროისთვის უგუნდოდ ვიყავი. გადაწყვეტილი მქონდა ისრაელში დაბრუნება, სადაც ადრეც ვთამაშობდი, მაგრამ არ გამოვიდა...

ამ დროს გამოჩნდა "სიონის" ვარიანტი და ბევრი აღარ მიფიქრია. ისე გამოვიდა, რომ ორივეს გვჭირდებოდა ერთმანეთი. ვიცი, რომ "სიონმა" კარგად ვერ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მდგომარეობის გამოსწორებას მოვახერხებთ...

რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთ ქართველ ფეხბურთელთან მითამაშია. საქართველოს ჩემპიონატის დონეზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ ჩამიტარებია, მაგრამ ვიცი, რომ მოკლე და დაძაბული პირველობა გაქვთ.

ქართული ფეხბურთის მთავარი მახასიათებელი კი ტექნიკაა", - გვითხრა კალონასმა.

მოკლედ, არსებობს სერიოზული წინაპირობა, რომ ბევრის მნახველი კალონასი "სიონს" დიდ სარგებლობას მოუტანს. ამ ჭკვიანი, ტექნიკური ცენტრალური ნახევარმცველის თამაში ადრე არაერთხელ გვინახავს და უნდა ითქვას, ბოლნისელებმა მართლაც კლასიანი ფეხბურთელი შეიმატეს.

"სიონის" რიგებში კიდევ ერთი უცხოელი ახალწვეულია - 29 წლის უკრაინელი ცენტრალური მცველი დენის ვასილიევი, ვისაც უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არაერთი მატჩი ჩაუტარებია "ობოლონისა" და "კრივბასის" შემადგენლობაში, უთამაშია ყაზახურ "თარაზშიც".

"სიონი" შეელია უკრაინელ მეკარე ალექსანდრ ილიუშჩენკოვს, ვინც თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, მეკარის პოზიციაზე "სიონს" გაძლიერება სჭირდებოდა და გუნდმა ორი ახალი გოლკიპერი მიიწვია. ერთია ვეტერანი მეკარე, 35 წლის მირზა მერლანი, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა "სიონის" ღირსებას, სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი "საპოვნელაში" გადავიდა.

ასევე "სიონის" ღირსებას დაიცავს 26 წლის მეკარე ნიკა დაუშვილი. ის სეზონის დაწყებამდე "ზუგდიდში" მივიდა, მაგრამ იქ დიდხანს არ გაჩერებულა. გეხსომებათ, დაუშვილს თავის დროზე თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია.

მოკლედ, "სიონის" ნახვა საქართველოს ჩემპიონატის მომავალ ტურში საინტერესო უნდა იყოს. ბოლნისელთა მეტოქე "ზუგდიდი" იქნება, რომელმაც ასევე ცუდად დაიწყო საქართველოს პირველობა. მოკლედ, ბოლნისში "ექვსქულიანი" თამაში იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
sionis trenerma jeladzem, jer sapovnela gaagdo axla bolniss mistvda, eg kazi albat bavshta fexburtshi gamogvadgeba. umaglesi ligistvis zalian sustia.jobia isev burdulma gatrvnas eg gundi.
buba
17:47 30-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული