ლევან ხომერიკი: საქართველოში მწვრთნელი დაუცველია

AutoSharing Option
43 წლის ლევან ხომერიკმა დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა წარმატებით დაიწყო - მისი გაწვრთნილი ბათუმის "დინამო" გარდამავალი ჩემპიონატის სტარტზე ჩინებულად გამოიყურება და "წითელ ჯგუფს" 10 ქულით ლიდერობს.

ბათუმელთან მთავარ მწვრთნელთან ინტერვიუ გუნდზე, მის პრობლემებსა და მომავალზე გვქონდა გათვალისწინებული. მაგრამ ლევან ხომერიკი მხოლოდ ლოკალური თემით არ შემოიფარგლა და სატკივარი გულწრფელად და ღიად დააფიქსირა...

კრიზისიდან გამოსვლა მახარებს
- სეზონი წარმატებით დაიწყეთ, ბათუმის "დინამო" თავისი ჯგუფის ლიდერია. არადა, გუნდი წინა სეზონში ძალიან უფერულად გამოიყურებოდა. რა შეცვალეთ დანიშვნის შემდეგ?
- ახალი არაფერი მომიგონია. ფეხბურთში ახალ ველოსიპედს ვერც
შექმნი. უბრალოდ, მსურდა ჩემი ხედვა და ფილოსოფია გამეტარებინა. ჩემი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ - მეხმარებიან ვანო მახარაძე, ამირან მუჯირი, კახა ვაჩეიშვილი, გიორგი ჩიგოგიძე, ექიმებისა და მასაჟისტების კარგი ჯგუფიც გვყავს... მთავარი კი გუნდში არსებული ერთიანობა და სულისკვეთებაა. კარგი წრე შეიკრა - ვარსკვლავები არ გვყავს, მაგრამ ბათუმის "დინამოში" ისეთი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომლებიც მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს განაპირობებენ.

- სამეულში მოხვედრის რეალური შანსი გაგიჩნდათ...
- ახლა თითოეული შეხვედრა ფინალივითაა და ყველა გამარჯვება წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ კი 4-დან 3 შეხვედრა მოვიგეთ და ლიდერები ვართ. მაგრამ სეზონის ბოლომდე 8 ტურია დარჩენილი და ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. იმედია, ასეთივე წარმატებით გავაგრძელებთ თამაშს.

- მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი წლეულს გადადგით. ამას ყოველთვის სირთულეები ახლავს...
- ყველაზე რთული იყო საკუთარ თავზე იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბს ვიბარებდი. ჯერ დროებითი მწვრთნელი ვიყავი და წინა სეზონში გუნდი მოედანზე ბოლო 6 ტურში გავიყვანე. უმთავრესი ამოცანა იყო, ბიჭებს ის ფსიქოლოგიური სტრესი მოეხსნათ, რომელშიც გუნდი მაშინდელი კრიზისის შემდეგ ჩავარდა. ეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. მიხარია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შევძელით.

საქართველოში მწვრთნელი დაუცველია
- მაგრამ საკითხს უფრო გლობალურად რომ შევხედოთ, მწვრთნელობა ყველგან რთული პროფესიაა, საქართველოში კი - განსაკუთრებით. აქ მუშაობა არც დასაწყისშია ადვილი და არც - შემდეგ.

- რატომაა აქ უფრო რთული, ვიდრე ევროპაში?
- იმიტომ, რომ ჩვენი საფეხბურთო კანონმდებლობით მწვრთნელი დაუცველია. ამაზე ყველა სპეციალისტი ჩივის, მაგრამ სანამ პრობლემაზე ყველა ღიად არ ვილაპარაკებთ, არაფერი გამოვა.

მწვრთნელობა ყველგან არის მუდმივი სტრესი, ჩვენთან კი ამას არასტაბილურობის განცდაც ემატება - კონტრაქტს რეალური ძალა არ აქვს და კიდევ ერთხელ ვამბობ - მწვრთნელი დაუცველია! თავადაც იცით, რომ საქართველოში არის გუნდები, სადაც მწვრთნელს ხშირად ათავისუფლებენ. ეს ქართული ფეხბურთის ნამდვილი ტრაგედიაა, რაზეც ყურადღებას არავინ ამახვილებს. არადა, გუნდი არათუ ორ და სამ თვეში, ერთ წელიწადშიც ვერ გაკეთდება. მწვრთნელს მუშაობა თუ არ აცადეს, ისე არაფერი გამოვა. ესაა სწორედ ტრაგედია, რადგან არასტაბილურ გარემოში, სადაც მწვრთნელებს ხშირად ცვლიან, ვერც გუნდი განვითარდება და ვერც - ფეხბურთელი.

- თქვენი კარგად მესმის, ეს სერიოზული პრობლემაა. მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ - თუ მწვრთნელი ვერაფერს აღწევს, ორ-სამ წელიწადს ვინ აცდის?
- მე არ მიგულისხმია, რომ მწვრთნელს კონტრაქტი გავუფორმოთ და პასუხისმგებლობა არ დავაკისროთ-მეთქი. საქმეც ისაა, რომ ჩვენთან მწვრთნელებს პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ უფლებების რა გითხრათ... ეს პრობლემა სააშკარაოზე თუ არ გამოვიდა, არ მოევლო და არ დალაგდა, წინსვლას ტყუილად ნუ დაველოდებით, ეს ილუზია იქნება.

- თქვენი აზრით, მწვრთნელი როგორ უნდა იყოს დაცული?
- მკაფიო კონტრაქტებით, რომელიც მინიმუმ ორ-სამწლიანი უნდა იყოს. ერთ წელიწადს მწვრთნელი ნორმალურად ფეხბურთელების გაცნობას ანდომებს, შემადგენლობის ოპტიმიზაციას ცდილობს და შეუძლებელია, მოთამაშეებისგან მაქსიმუმი გამოწუროს.

სტადიონები და ბაზები გვჭირდება
- ინფრაქტრუქტურაზეც ვთქვათ. რამდენჯერაც უნდა მოხვდეს გუნდი ევროგათამაშებაში, საკუთარი მაყურებლის გარეშე თავის შესაძლებლობებს სანახევროდაც ვერ გამოავლენს. შარშან კი, ევროთასებზე, ერთდროულად ორი ისეთი გუნდი გავიდა, რომელსაც სტადიონი არ ჰქონდა - ბათუმის "დინამო" და "ცხინვალი". გასაგებია, ცხინვალელებს რატომაც არ აქვთ საკუთარი არენა. მაგრამ უკვე 10 წელი გავიდა, რაც ბათუმის "დინამო" ხიზანია. თქვენ, როგორც ბათუმელ კაცს და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ეს პრობლემა ორმაგად უნდა გაღელვებდეთ...
- კარგია, რომ ამ თემას შეეხეთ. ძალიან მახარებს, რომ წარმატებული სტარტი გვქონდა. მაგრამ საქართველოში ძალიან ძნელია მიზნის დასახვა. ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ყველა ადამიანი ერთ ნავში ვსხედვართ და თქვენც კარგად იცით, რომ არასტაბილური გარემო, მწირი პირობები და განადგურებული ინფრასტრუქტურა წინსვლის შანსს გვისპობს.

ამ პრობლემებში უმთავრესი მაინც ინფრასტრუქტურაა. ჩვენი ამბავი აიღეთ - არც ბაზა გვაქვს, არც სტადიონი და დავდივართ ქობულეთში, სადაც ცუდი მოედანია. მაგრამ ესეც იცოდეთ - ეს უხარისხო მოედანი რომ არ ყოფილიყო, აჭარაში ფეხბურთი აღარ იქნებოდა.

- ალბათ, იმას გულისხმობთ, ბათუმის სტადიონის შემდეგ ადელის მოედანიც რომ გაასხვისეს...
- რა თქმა უნდა. ეს იყო ფეხბურთისთვის ძალიან ცუდი ამბავი. უკვე 10 წელია, რაც ბათუმის "დინამოს" საკუთარ სტადიონზე არ უთამაშია და ახალი ვერა და ვერ ააშენეს. ჩვენი იმედი ანგისას ბაზას უკავშირდება, სადაც 4 მოედნის მოწყობა იგეგმება. მაგრამ ახლა რა ხდება? დიახ, ფეხბურთელებს უნდა მოვთხოვოთ, მაგრამ ელემენტარული პირობებიც უნდა შევუქმნათ. საქმისადმი მათი დამოკიდებულება გმირობის ტოლფასია - არც მოედანი, არც სტადიონი და საკუთარი ბაზა... და მიკვირს, ამ წვალებაში ლიდერები როგორ ვართ.

მაგრამ ასე გუნდი მაინც ვერ გაიზრდება. ან როგორ უნდა განვითარდეს ბათუმის "დინამო", როგორც გუნდი, როცა ნორმალურ პირობებში არ ვვარჯიშობთ, ჩვენი ბავშვები კიდევ უფრო მძიმე პირობებში არიან და მომავალი თაობები სად გაიზრდებიან? ბათუმში უამრავი ტურისტი ჩამოდის და ყველას უკვირს, ასეთ ლამაზ ქალაქში სტადიონი რომ არ არის. არადა, ეს აჭარას და მთლიანად ქვეყნას დიდ შემოსავალს უკარგავს, რადგან შეკრებაზე ჩამოსვლა ბევრს უნდა, მაგრამ სტადიონი არ არის და სასტუმროს ნომრებში ხომ არ მოემზადებიან?

...ასე შედეგს მოურინიო და კაპელოც ვერ მიაღწევენ
- პარადოქსულ რამეს გეტყვით: ჩემი გუნდის ლიდერობაზე მეტად ის გამახარებს, რომ გავიგო - წელს საქართველოში სამ-ოთხ გუნდს აუშენეს სტადიონი და ბაზაო. ვიმეორებ, ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ და თუ სხვები კარგად არ იქნებიან, ცალცალკე არავის გვეშველება.

აიღეთ თბილისის "დინამო" - ფიფიამ გუნდს ყველანაირი პირობა შეუქმნა, ისეთი ბაზა და სტადიონი მოაწყო, ევროპაში მითამაშია და მსგავსით თავს ბევრი ვერ მოიწონებს. მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის შემდეგ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ სხვებს უჭირთ, ამ რეალობას კი ვერავინ მოწყდება. აქ მოურინიო და კაპელო რომ ჩამოვიყვანოთ, ასეთ ჩემპიონატში, საერთო დონის გარეშე, შედეგს ისინიც ვერ მიაღწევენ.

ამ ყველაფერს თუ არ მოვუვლით, არ იქნება ყველა ქალაქში ინფრასტრუქტურა, ბაზები, სტადიონები, მოწესრიგებული საფეხბურთო სკოლები, არ გავაუმჯობესებთ მოთამაშეთა ფიზმომზადებას, ჩვენი იმედი რეალურად ილუზია იქნება და ყოველ ახალი ევროსეზონის შემდეგ გულშემატკივარი ისევ იმედგაცრუებული დარჩება.

- როცა თქვენ თბილისის "დინამოში" თამაშობდით, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთ ნაბიჯში იყო და რომ არა მსაჯების მიკერძოება, შესაძლოა, ბილბაოს "ატლეტიკი" განზე გაგეწიათ. მას შემდეგ მთელი 18 წელი გავიდა, ქართული ფეხბურთი კი უკან წავიდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს ვინღა ჩივის, გუნდების უმრავლესობა პირველ ეტაპსაც ვერ სცდება. თქვენი აზრით, უახლოეს წლებში მდგომარეობის გამოსწორების რეალური იმედი არსებობს?
- იმედი რომ არ მქონდეს, მაშინ ჩემს მუშაობას აზრი არ ექნებოდა. მაგრამ ჩვენ განვითარება გვჭირდება, დღესვე უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება და არა - ხვალ და ზეგ. ბელგიელებმა და შვეიცარიელებმა ახალი პროგრამით მუშაობა 10 წლის წინ დაიწყეს და შედეგს მხოლოდ ახლა მიაღწიეს. არადა, ინფრასტრუქტურაც ჰქონდათ, კარგი ბაზებიც, კარგი სტადიონებიც, მოწესრიგებული საფეხბურთო სკოლების დეფიციტსაც არ განიცდიდნენ და მოთამაშეთა ფიზმომზადებაც იცოდნენ - ამის მიუხედავად, მაინც ხანგრძლივი კრიზისი ჰქონდათ, სანამ ფეხბურთის განვითარებაზე სახელმწიფოსთან ერთად არ იმუშავეს. ჩვენ კი არაფერი გვაქვს და შედეგს ვითხოვთ.

- სახელმწიფო პროგრამა არ არის საშველი?
- მარტო ფეხბურთის ფედერაცია პრობლემებს ვერ მოაგვარებს, მას სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება. და თუ ეს პროგრამა განხორციელდება და ათ სტადიონს მართლა ააშენებენ, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მაგალითად, "ზუგდიდის" ამბავმა გამახარა, სტადიონს რომ უშენებენ - დღეს გუნდს თუ უჭირს, ხვალ სხვა დონეზე იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია ეშველება ამ საკითხს, ისე ბილბაოს მსაჯები როდის მიუდგნენ ვერ ვიხნსენებ.
niko
04:03 04-09-2016
0
ბათუმის დინამო უნდა იყოს თავის სტადიონით და ბაზით წარმოდგენილი ჩვენ ჩემპიონატში ეს ქართულ ფეხბურთს ბევრად წინ წაწევს.სირცხვილია რომ ბათუმში სტადიონის გარდა თითქმის ყველაფერია.მერე უკვირთ ქართული ფეხბურთი ამ დღეში რატო არისო.
bebeto
19:33 03-09-2016
0

სიახლეები პოპულარული