ინვესტიცია: უკრაინის ნაცვლად საქართველოში
- დავიწყოთ იმით, საერთოდ, რატომ დაინტერესდა უკრაინელი ინვესტორი ქართული ფეხბურთით?- მე უკრაინაში ვსაქმიანობ და ჩერნიგოვის "დესნას" სპორტული დირექტორი გახლავართ. დამიკავშირდა ინვესტორი და მითხრა: ფულს ჩავდებ, ძლიერი გუნდი გავაკეთოთ და ერთად შევარჩიოთო. მე ზუგდიდელი ვარ, აქაური ფეხბურთი მტკივა და მაწუხებს. სულ განვიცდიდი, რომ უეფას გათამაშებაში გუნდი არასოდეს გვყოლია. ეს
არ ვიცი, რამ მიკარნახა, მაგრამ გავრისკე და ვუთხარი, რომ გუნდის აყვანა საქართველოში ხომ არ სჯობია-მეთქი? მოვუყევი ზუგდიდის ისტორია, რა ფეხბურთელები დაიბადნენ... ისიც ვუთხარი, რომ ახლა უკრაინაში უდიდესი პრობლემებია, როცა საქართველოში მათი პრემიერლიგის დონის გუნდის გაკეთება ბევრად ნაკლები თანხებით იყო შესაძლებელი, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამაც შეგვეშველებოდა...
3 საათი ვილაპარაკეთ და ჩემდა სასიხარულოდ, ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა.
ამის შემდეგ ზუგდიდის მერს დავუკავშირდი, რომელიც კერძო ჯგუფის მოსვლისა და გუნდის მოღონიერების იდეამ გაახარა. მოკლედ, წრე შეიკრა და საბოლოოდ, შეთანხმებაც შედგა.
- ინვესტორი ისეთ გუნდში მიდის, სადაც ფულს იშოვის. უკრაინელ ინვესტორს "ზუგდიდში" რა ინტერესი უნდა ჰქონდეს?
- ის, რომ ჩემს ქალაქში ტალანტები არიან, მაგრამ ვერ იზრდებიან. თუმცა საფეხბურთო სკოლა რომ მოღონიერდება და ფეხბურთელებს გაზრდის, მათი გაყიდვით გუნდი აუცილებლად იხეირებს.
ვისაც ეს ინტერესი საეჭვოდ მიაჩნია, მაშინ მას ფეხბურთი არ ესმის. ინვესტორის ჩამოსვლას ჩემთვის გაუგებარი "კუდები" უკვე მოაბეს. მე კი მჯერა და მწამს, რომ ადრე თუ გვიან "ზუგდიდს" ფეხზე ისე დავაყენებთ, რომ ჩემპიონატის სამეულში სისტემატურად მოხვდება და თბილისის "დინამოსა" და სხვა ლიდერებს კონკურენციას გაუწევს.
მაგრამ საამისოდ, ფეხბურთელები თავად უნდა გავზარდოთ. უკრაინაში იციან, რომ ჩვენები ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ძლიერები არიან, მაგრამ დიდი ფეხბურთის მისადგომებთან იკარგებიან. ეს იმიტომ, რომ აკლიათ კარგი პირობები, მათ შორის - მოსამზადებელი, დისციპლინა და კიდევ ბევრი რამ. ფეხბურთი კი მხოლოდ ბურთის ტექნიკურად გორება არაა, დიდი შრომისმოყვარეობა სჭირდება და არა მარტო ეფექტური, შედეგიანიც უნდა იყოს.
სელიუკსა და სიროტაზე
- საერთოდ, ქართულ ფეხბურთში სპონსორებისა და ინვესტორების დიდი დეფიციტია და გუნდის აყვანა რომ გადაწყდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი ფაქტია. მიხარია, რომ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტად უკრაინის პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი, სვიატოსლავ სიროტა ჩამოვიდა, რომელიც საქმის მცოდნე კაცია და ნახავთ, მალე გუნდს როგორც დაალაგებს.- სხვათა შორის, უკრაინული მედია მას დადებითად არ ახასიათებს...
- მედიასაც გააჩნია. მასზე აგორებული შავი პიარი ძველი ისტორიაა, როცა სიროტა პროფლიგის პრეზიდენტის პოსტზე პოლიტიკურმა ინტრიგებმა შეიწირა, წაყენებულ ბრალდებებს კი რეალური საფუძველი არ გააჩნდა. არადა, ეს ისტორია ასე დასრულდა - სიროტა გაამართლეს და უკრაინული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა საპატიო მედლითაც დააჯილდოვა.
ის უფრო საინტერესოა, რომ მან მოლდოვაში ჩვენზე ბევრად უარესი შემადგენლობით ბელცის "ზარია" ისტორიაში პირველად ქვეყნის თასის მოპოვებამდე მიიყვანა და ევროპის ლიგაზეც გაიყვანა.
- სიროტა ცნობილი მენეჯერის, დმიტრი სელიუკის თანაშემწე და კოორდინატორი იყო. კლუბი თავად შეიძინა თუ "ზუგდიდის" შესყიდვასთან სელიუკი რაიმე კავშირშია?
- მესმის, ეს ვარაუდი რატომაც გაჩნდა. დიახ, სიროტა სიმფეროპოლის "ტავრიაშიც" და დონეცკის "მეტალურგშიც" სელიუკის თანაშემწე გახლდათ. მაგრამ სელიუკს კლუბთან არანაირი კავშირი არ აქვს, გარდა იმისა, რომ დახმარება თავად სიროტამ სთხოვა. ის ცნობილი მენეჯერია, "ბარსელონას" და "რეალის" ბოსებთან მეგობრობს, იაია ტურესა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელის მენეჯერია და მოთამაშეებიც დაგვახმარა. ეს ცუდი საქმეა?!
არავინ გაგვიშვია, მაგრამ მეტი გვინდა
- გუნდში თქვენი ფეხბურთელები და მწვრთნელი მოიყვანეთ, რამდენიმე ქართველი კი გაუშვით. არც ის იყო სასიამოვნო, მოთამაშეები ქუჩაში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე რომ აღმოჩნდნენ...- ჩვენ კონტრაქტი არავისთვის გაგვიწყვეტია. მაგრამ პირველ ორ ტურში გუნდის თამაშს დავაკვირდით და დავრწმუნდით, რომ ამ შემადგენლობით ვერაფერს მივაღწევდით და ეს სიროტამ ფეხბურთელებს პირდაპირ უთხრა. ამის მერე რამდენიმე მათგანმა წასვლა გადაწყვიტა...
საერთოდ, ზუგდიდში ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად ჩამოვედით. ყველა აღიარებს, რომ ჩვენი ჩემპიონატი დაბალი დონისაა, რომ ფეხბურთელები მოუმზადებლები არიან და თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ... ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ ჩემპიონატშიც კი "ზუგდიდი" აუტსაიდერი იყო - თქვენი აზრით, ამ ყველაფრის შემდეგ შემადგენლობის შეცვლა და ლეგიონერების ჩამოყვანა საჭირო არ იყო?
ამიტომ, ვისაც საკუთარი თავის იმედი აქვს, დარჩა და დარწმუნებული ვარ, მალე ბევრი მათგანი კარგადაც გამოჩნდება.
- მაგრამ ჯერ თავი მათ შემცვლელ ლეგიონერებსაც არ გამოუჩენიათ...
- მესმის, რომ ხალხი ჩვენი შედეგებით უკმაყოფილოა. მაგრამ ამაზე სეზონის ბოლოს ვილაპარაკოთ. სხვათა შორის, ჩვენ ბევრად ძლიერი მოთამაშეების ჩამოყვანაც გვსურდა, მაგრამ სად უნდა ვავარჯიშოთ და ვაცხოვროთ? ამისთვის კლუბი თავადაც უნდა შეემზადოს, გეგმაში ბაზის აშენებაც გვაქვს. არის მოლაპარაკება, რომ ბაზისთვის ტერიტორია გადმოგვეცეს.
- იყო ინფორმაცია, თითქოს, ინვესტორი ფულს არ ხარჯავს, გუნდს არ გააჩნია ახალი სათამაშო ფორმა და ასე შემდეგ...
- ფული როგორ არ ჩაიდო, აბა, 51 პროცენტი უფასოდ გადმოგვცეს? ეს ხომ აბსურდია?! გარკვეული პრობლემები კი იმით იყო გამოწვეული, რომ კლუბის გადმოფორმება გაგრძელდა, მაგრამ მისი დასრულების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
იანვრიდან კლუბის საქმეებს მთლიანად ჩვენ მივხედავთ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს კარგი ამბებით გავახარებთ. სხვათა შორის, უკვე ტექნიკური სპონსორიც მოვძებნეთ - იტალიური კომპანია, რომელიც ოდესის "ჩერნომორეცს" მოსავს. ის იანვრიდან დაგვეხმარება.
- "ზუგდიდმა" საქართველოს თასის პირველ ეტაპზე პირველლიგელ ვანის "სულორთან" 0:1 წააგო. სათამაშოდ მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ჩახვედით. დროული ჩასვლა რა პრობლემა იყო?
- მიზეზი ისაა, რომ ავტობუსმა დააგვიანა და ამის გამო ყველა მკაცრად გააფრთხილეს. ეს კიდევ არაფერი, გუნდში ბევრი სხვა საკითხიც დასალაგებელია. ჩემთვის კი ზუგდიდში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება ღირსების საქმეა. ამიტომ იყო, უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიციები აქ რომ ჩაიდო.
სხვათა შორის, მიხარია, რომ "ზუგდიდის" აყვანის შემდეგ სხვა უკრაინული ჯგუფი დამიკავშირდა და საქართველოში კლუბის მონახვაში დახმარება მთხოვა. ჩემგან ეს უხერხული იყო და იმედია, სხვა პარტნიორს მოძებნის.
მიხარია, რომ უკრაინაში ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი გაჩნდა. ჯაბა კანკავამ და სანდრო კობახიძემ დამირეკეს და წარმატებები მისურვეს. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლევან გულორდავა,ზუგდიდი
gveibneboan ver gavige.aba gamoakveknet.