რასიმ რამალდანოვი: თუ "კოლხეთი" საუკეთესო 10 გუნდში მოხვდება, სიამოვნებით დავრჩები

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა. გელა სანაიას გუნდმა 4 მატჩში 9 ქულა დააგროვა. ამას დაცვის ხაზის საიმედო თამაშიც განაპირობებს.

ბოლო ორი შეხვედრაა, სანაია ძირითადში რასიმ რამალდანოვსა და ალეკო ჩაკვეტაძეს აყენებს. დაცვის ცენტრში აზერბაიჯანელი ლეგიონერი მყარად და საიმედოდ თამაშობს. ის აზერბაიჯანელებისთვის უმნიშვნელო ფიგურა რომ არის, ჩვენი მეზობლების მუდმივი ყურადღებაც მეტყველებს - კოლხების გამოცდილი მცველისა და მისი გუნდის ამბებს სისტემატურად აშუქებენ.

30 წლის აზერბაიჯანელმა ცენტრალურმა მცველმა საკლუბო კარიერა ზაქათალის "სიმურგში" დაიწყო, თამაშობდა ლენქორანის "ხაზარში", სადაც 2013 წელს აზერბაიჯანის სუპერთასს დაეუფლა, ბოლო სეზონში
"სუმგაითში" გამოდიოდა. 2012-14 წლებში რამალდანოვს აზერბაიჯანის ნაკრებში იწვევდნენ, ხოლო 2013 წელს ეროვნულში ყველაზე მეტი მატჩის ჩატარებისთვის (13 მატჩი) აზერების ფეხბურთის ფედერაციამ პრიზით დააჯილდოვა.

"კოლხეთი" ფინანსურად უზრუნველყოფილი კლუბი არ არის, არც სპონსორი ჰყავს და არც - კერძო მფლობელი და უცნაურია, ასეთი ლეგიონერი აზერბაიჯანის მდიდარი გუნდებიდან ღარიბ "კოლხეთში" რომ მიიყვანეს. მაგრამ ფაქტია, რომ რამალდანოვმა ფოთელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"ლელომ" რამალდანოვთან ინტერვიუ ჩაწერა.

- საქართველოში როგორ აღმოჩნდით?
- სეზონი იწყებოდა, როცა "სუმგაითთან" კონტრაქტი დამისრულდა, ახალ ხელშეკრულებაზე კი ვერ შევთანხმდით. მოლაპარაკებები აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის კლუბებთან მქონდა. ერთი მათგანი აზერბაიჯანის ვიცე-ჩემპიონი ბაქოს "ზირა" იყო, მაგრამ კონკრეტული - არაფერი, დრო კი გადიოდა და უგუნდოდ ვრჩებოდი.

ამ დროს, "სიმურგიდან" ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა და მეგობარმა დათო ბოლქვაძემ მომიკითხა და ჩემი ამბავი რომ გაიგო, "კოლხეთში" თამაში შემომთავაზა.

- ისეთ კლუბებში გითამაშიათ, სადაც შეუდარებლად მეტ ხელფასს იხდიან, ვიდრე "კოლხეთში". ამიტომაც გასაკვირია ფოთში თქვენი ჩამოსვლა...
- მე სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენა არ მსურდა. ამ დროს ფოთელებმა კონკრეტული წინადადებით მომმართეს და მეც მივიღე გადაწყვეტილება - ვითამაშებ, ფორმაში ვიქნები და ამით რას დავკარგავ? გასაგებია, რომ დიდი ფული არ არის, მაგრამ უგუნდობას დაბალ ხელფასზე თამაში და ტონუსში ყოფნა მირჩევნია, თორემ ფეხბურთელი ნახევარი სეზონი რომ გაჩერდება, ბევრსაც დაკარგავს.

ერთი ხანობა აზერბაიჯანის ნაკრებში მენდობოდნენ და საკმაოდ ბევრიც ვითამაშე, მაგრამ მერე გუნდები შევიცვალე და დრო გამიცდა. მაგრამ ნაკრებში დაბრუნება მსურს და ამის იმედიც მაქვს.

- საქართველოს ჩემპიონატზე რა აზრის ხართ?
- მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად გუნდებს არ ულხინთ, აქ ბევრი საინტერესო მოთამაშე ვნახე. დარწმუნებული ვარ, ისინი ბევრად მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშსაც შეძლებენ. აქ ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები არიან და, სხვათა შორის, მეგობრულებიც. პირადად მე გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს.

რაც შეეხებათ გუნდებს, ყველაზე მეტად თბილისის "დინამო" და "სამტრედია" მომეწონა. ასეთი დონის გუნდები აზერბაიჯანის ჩემპიონატის ლიდერებში არიან.

- სეზონის დასრულების შემდეგ "კოლხეთს" დატოვებთ?
- თუ გუნდი საუკეთესო 10 გუნდში მოხვდება, სიამოვნებით დავრჩები.

- ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ნაკრებში არ გითამაშიათ. რატომ?
- ტრავმებმა გამაწვალა და ამის გამო არ მიწვევდნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თბილისის დინამოსთან და სამტრედიასთან არ უთამაშია და საიდან მოეწონა? ნუთუ ევროთასებზე ნაჩვენები თამაშით?! ჟურნალისტს იგივე კითხვა არ გაუჩნდა? )))))))))))
dima
02:15 07-09-2016
0
არც მე მითამაშია ბარსასთან,იუვესთან და ბევრ სხვასთან, მაგრამ მომწონს ეგ გუნდები
zviadi
17:16 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული