სადისციპლინო კომიტეტმა გია გურულს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 2016 წლის 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში მორიგი სხდომა გამართა და შემდეგი საკითხები განიხილა:

მეორე ლიგის მონაწილე საფეხბურთო კლუბების საწევრო დავალიანება;
2016 წლის 2 სექტემბერს გამართული "მაჭახელა"-"მერცხალის" მატჩში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა;
2016 წლის 3 სექტემბერს გამართული ხონის "იმერეთისა" და ხობის "კოლხეთის" მატჩისას მომხდარი ინციდენტი;
2016 წლის 3 სექტემბერს "ბორჯომისა" და "ვიტ ჯორჯიის" მატჩისას დოკუმენტების გაყალბება;
2016 წლის 1 სექტემბერს ჩოხატაურის "ბახმაროსა" და ჩხოროწყუს "სამეგრელოს" მატჩის შემდეგ მაყურებელთა არამართლზომიერი ქმედება;
20
16 წლის 1 სექტემბერს ჩატარებული "ოდიში 1919-2"-სა და "ენგურის" მატჩისას დაშვებული საორგანიზაციო გადაცდომები.

კომიტეტმა შეისწავლა რა წარმოდგენილი დოკუმენტები და მოუსმინა წარმოდგენილ მხარეებს, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. ქვემოთ ჩამოთვლილ საფეხბურთო კლუბებს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის სასარგებლოდ 2016 წლის 1 ნოემბრამდე დაეკისრათ დავალიანების დაფარვა შემდეგი ოდენობით:

ცხინვალის "ლიახვი-2" - 3000 ლარი
თბილისის "იბერია 2010" - 1400 ლარი
ყვარლის "დურუჯი" - 1400 ლარი
გურჯაანის "ალაზანი" - 1400 ლარი
თბილისის "35 სკოლა" - 1400 ლარი
დუშეთის "არაგვი" - 1400 ლარი
ახალქალაქის "აბული" - 1400 ლარი
თბილისის "ალგეთი XXI" - 11 600 ლარი (2012/13 და 2014-15 წწ. სეზონების დავალიანება).

2. ხელვაჩაურის "მაჭახელას" ჩაეთვალა დამარცხება 0:3 ოზურგეთის "მერცხალთან" (მატჩი დამთავრდა 2:2), ვინაიდან დაარღვია მეორე ლიგის გათამაშების დებულების 5.13 მუხლი, ათამაშა რა უცხო ქვეყნის მოქალაქე, კოტდივუარელი ალენ ვიანე ლუიკ კოუაკო.

3. ხონის "იმერეთისა" და ხობის "კოლხეთის" მატჩის პირველი ნახევრის დამთავრებისთანავე ადგილი ჰქონდა "იმერეთის" მოთამაშის, სერგეი კოსტიუკის მხრიდან "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელის, გია გურულის სიტყვიერ შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა "კოლხეთის" სათადარიგო მოთამაშის, გიორგი გოგენიას მხრიდან კოსტიუკის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო გია გურულის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისთვის, სერგეი კოსტიუკისთვის ყელში ხელის წაჭერა.

შესაბამისად, "იმერეთის" მოთამაშე სერგეი კოსტიუკი, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, დაისაჯა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და დაჯარიმდა 400 ლარით. ხობის "კოლხეთის" ფეხბურთელი გიორგი გოგენია, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-11 ნაწილი, დაისაჯა 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 200 ლარით. ხოლო "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი გია გურული, რომელმაც დაარღვია სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 ნაწილი, დისკვალიფიცირებულია მომდევნო 5 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში და დაჯარიმდა 2000 ლარით.

4. "ბორჯომი"-"ვიტ ჯორჯიის" შეხვედრის მასპინძელმა დაარღვია დებულებით გათვალისწინებული მასპინძელი გუნდის ვალდებულებები, ვერ მოახერხა რა მატჩის ჩატარებისას შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა (სასწრაფო დახმარების მანქანის გამოცხადება სტადიონზე) და ამასთანავე, ყალბი მონაცემების (დოკუმენტების) გამოყენებით შეეცადა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟად გაესაღებინა სხვა დანიშნულების ავტომანქანა. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 108-ე და 124-ე მუხლების საფუძველზე "ბორჯომს" 2016 წლის გათამაშების ცხრილში დააკლდა 3 ქულა და დაეკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით.

5. ჩოხატაურის "ბახმაროს" მხრიდან ადგილი ჰქონდა დებულებით დადგენილი პირობების დარღვევას, კერძოდ, მასპინძელმა კლუბმა ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა და ამასთანავე, ადგილი ჰქონდა მაყურებლების მიერ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-ე, 113-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე, "ბახმაროს" დაეკისრა ჯარიმის გადახდა 700 ლარის ოდენობით.

6. ზუგდიდის "ოდიში 1919-2"-მა განზრახ დაარღვია დებულებით დადგენილი პირობები, კერძოდ, ვერ მოახერხა მატჩის ჩასატარებლად შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა მატჩის დაწყების შეფერხებას (სასწრაფო დახმარების მანქანის დაგვიანების გამო), რითაც დაარღვია დებულებით გათვალისწინებული მასპინძელი გუნდის ვალდებულებები. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 108-ე მუხლის მეორე ნაწილის, 91-ე მუხლის პირველი ნაწილის და 55-ე მუხლის საფუძველზე "ოდიში 1919-2"-ს დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით და აეკრძალა რუხის ცენტრალურ სტადიონზე შემდეგი 3 ოფიციალური მატჩის ჩატარება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
sportall.ge არ შეიძლება უფრო ღრმად გააშუქოთ მეორე ლიგა? პრიორიტეტი ხომ ქართული ფეხბუღტია როგორც აცხადებთ თქვენ? მოტივაცია გაეზრდებათ იქ მოთამაშე ფეხბურთელებს და მუხტი მიეცემათ.
ქომაგი
17:19 08-09-2016
0
ქომაგი სრულიად გეთანხმები
დავითი
01:38 09-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული