"ლოკომოტივი" გასაკუთრებით ბოლო ტრანსფერით გაძლიერდა - საქართველოს ნაკრების წევრი მათე ვაწაძე დაიმატეს. საქართველოს ჩემპიონატში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ვაწაძე თბილისის "დინამოსთან" გამორჩეული იყო და მცველებს პრობლემებს უქმნიდა: "ორჰუსის" ექსთავდამსხმელმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, ბევრს მოძრაობდა (დანიური სკოლა დაეტყო), პირველ ბურთს იღებდა, დაცვას ეხმარებოდა და რადგან თანაგუნდელები მის მომარაგებას ვერ ახერხებდნენ, შეტევებს მოედნის სიღრმიდანაც იწყებდა.
"მიხარია,
საერთოდ, ჩემს მდგომარეობაში თბილისის "დინამოს" მსგავს გუნდთან თამაში დიდი ენერგიასა და მონდომებას მოითხოვს. უბურთოდ ბევრი სირბილი მომიხდა, რადგან მეტოქე უპირატესობას ფლობდა, ჩვენ კი შეტევების ორგანიზება გვიჭირდა. იმანაც იმოქმედა, რომ თანაგუნდელებს ახლა ვეჩვევი და ერთმანეთს ნელ-ნელა ვუგებთ", - ამბობს ვაწაძე.
მისი აზრით, "ლოკომოტივს" ლიდერობის შანსი აქვს:
"ჩვენი გუნდი საკმაოდ მომეწონა და მიმაჩნია, რომ დიდი პოტენციალი გააჩნია. ეგაა, "ლოკომოტივში" ბევრი ახალი მოთამაშე მოვედით და შეთამაშება გვჭირდება - რამდენიმე ფეხბურთელს არათუ არ ვიცნობდი, საერთოდ, პირველად ვნახე.
მიმაჩნია, რომ ასეთ დროს თბილისის "დინამოსთან" ფრე ცუდი შედეგი არ არის. მასთან ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღო და მიმაჩნია, რომ ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. განსაკუთრებული იყო ჩვენი მეკარის, რეზო თევდორაძის წვლილი. მან "დინამოსთან" შეუდარებლად ითამაშა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"