არ გეუცნაურათ, რომ "თეთრი ჯგუფის" ორი გუნდი ვახსენეთ და არაფერი გვითქვამს თბილისის "დინამოზე"? ასეა - მოქმედი ჩემპიონი და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მისთვის შეუფერებელ მესამე ადგილზეა. იურაი იარაბეკის გუნდი დაუმარცხებელი კია, მაგრამ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, აქედან ორი - უგოლო. რა თქმა უნდა, "დინამოს" ბრძოლა არ დაუმთავრებია.
"წითელ ჯგუფში" ლიდერ "სამტრედიას" ბათუმის "დინამო" უდგას კვალში. სწორედ მათი სამტრედიული დაპირისპირებით იწყება მეორე წრე. ცენტრალური მატჩი გველოდება "თეთრ ჯგუფშიც" - თბილისის "დინამო" "ჩიხურას" უმასპინძლებს...
* * *
ჯერ იმ მოვლენებზე, მატჩამდე წერეთლის გამზირზე რომ განვითარდა. სამწუხაროდ, "ქართული კლასიკოს" წინ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სიტუაციის განსამუხტავად საჭირო გახდა სამართალდამცავთა ჩარევა.- "დინამოსა" და "ტორპედოს" ფანებს შორის მატჩამდე დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდის ქომაგთა მხრიდან ისმოდა ერთმანეთის შეურაცხმყოფელი, უცენზურო შეძახილები, რასაც ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.
უკვე წლებია, ამ ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება გრძელდება და ალბათ დროა, სიტუაცია დალაგდეს. ერთხელაც, შესაძლოა, ტრაგედიამდე მივიდეთ და მაშინ ნამდვილად გვიან იქნება თითზე კბენანი...
ახლა უშუალოდ თამაშზე, რომელიც ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით. ამ შემთხვევაში "ტორპედოს" ნაკლებად ვუსაყვედურებთ. ქუთათურთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ჩხეტიანი ახალი მისულია. გუნდში ჯერაც ბევრი რამაა დასალაგებელი, "დინამოს" კი უკეთესად თამაში მართებს.
ბოლო დროს ჩემპიონს ფრეების ეპიდემია შეეყარა. უკვე მესამე მატჩია, დინამოელები არც იგებენ და არც აგებენ. ფაქტია, ამ გუნდს მეტის პოტენციალი აქვს. ფეხბურთელები როგორღაც შებოჭილნი არიან მინდორზე, ვერ ავლენენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს.
თუ ასე გაგრძელდა, იურაი იარაბეკს "დინამოში" დიდხანს დარჩენა არ უწერია. თბილისელთა თამაშში არ არის ჟინი და აგრესია, გუნდი ვერ ახერხებს საგოლე მომენტების რეალიზებას.
იარაბეკმა "ტორპედოს" სიურპრიზი მოუმზადა: მარცხენა მცველად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე კი სტეფან ველევი დადგა. ორივე გუნდი ერთი გამოკვეთილი ფორვარდით (აქეთ ლადო დვალიშვილი, იქით ოთარ კვერნაძე) უტევდა და მინდვრის ცენტრში მოპოვებული უპირატესობის ფონზე ეძებდა გამორჩენას.
გამოჩნდა, რომ ჩხეტიანის მისვლის შემდეგ "ტორპედო" უფრო აზრიანად თამაშობს და, რაც მთავარია, "მაღალი პრესინგის" შესრულებას ცდილობს. ქუთათურებს ეს კარგად გამოსდიოდათ პირველ ტაიმში, მეორეში კი დაღლა დაეტყოთ და შედარებით უკნიდან ითამაშეს.
საერთოდ, ისეთი თამაში იყო, კაცს მალე რომ დაავიწყდება - აშკარა საგოლე მომენტი რასაც ჰქვია, სულ რამდენიმე შეიქმნა. პირველად "დინამოს" ქომაგები შეშფოთდნენ: ოთარ კვერნაძემ გადმოვარდნილ ბურთს დაჰკრა, თუმცა გიორგი ლომაია ადგილზე აღმოჩნდა.
სტანდარტული სიტუაციის შემდეგ გატანა შეეძლო "დინამოსაც". გიორგი პაპუნაშვილის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თბილისელთა ბრაზილიელი მცველი რენე ფერეირა დაუხვდა, თუმცა არაზუსტად დაარტყა. იქვე იყო ოთარ კიტეიშვილისა და ვახტანგ ჭანტურიშვილის მომენტებიც.
პირველი ტაიმის დასრულებას ხუთიოდე წუთი აკლდა, როცა "ტორპედო" ორჯერ გადაურჩა გოლს. ჯერ იყო და ლადო დვალიშვილმა ვერ შეაგდო უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან, მერე კი "ტორპედოს" ერთ-ერთმა მცველმა კიტეიშვილის დარტყმული ბურთი გადააგდო კუთხურზე.
პირველი ტაიმი ხომ არ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს და, მეორე უარესი სანახავი გამოდგა. "დინამო არენაზე" შეკრებილი ათასამდე მაყურებელი მხოლოდ ორ-სამჯერ გამოცოცხლდა. დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ 58-ე წუთზე.
დვალიშვილმა მეურვე ჩამოიშორა და კარგად უპასა ჭანტურიშვილს, რომელმაც ბურთი მშვენივრად "მოჭრა", მაგრამ როინ კვასხვაძემ დიდებული რეაქციის ხარჯზე აარიდა გოლი "ტორპედოს".
მატჩის ბოლო წუთებში "დინამო" მოგებას ცდილობდა. პაპუნაშვილსა და ჯაბა ჯიღაურს შეეძლოთ კიდეც გატანა, მაგრამ დინამოელთა სურვილი რეალობად ვერ იქცა. აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარე კვასხვაძის ძალიან საიმედო გარჯა.
მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი (დინამო): "ჩვენ მიზნად სამი ქულის მოპოვება გვქონდა დასახული. განმეორდა წინა მატჩების სცენარი - სათამაშო უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ".
კახა ჩხეტიანი (ტორპედო): "ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. ვეცადეთ, "დინამოსთვის" შეგვეზღუდა სივრცეები, მათი მცველებისა და მეკარისთვის არ მიგვეცა ბურთის თავისუფლად ამოტანის საშუალება... ჩემი აზრით, ფრე ლოგიკური შედეგი იყო. 25 ოქტომბერს სამი დღით იხსნება სატრანსფერო ფანჯარა და თუ ფეხბურთელები დავიმატეთ, ყველა გაიგებთ. მანამდე ფონს ამ კონტინგენტით უნდა გავიდეთ. მადლობა ჩვენს ქომაგებს. ისინი წამითაც არ გაჩერებულან".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური. თეთრი ჯგუფი
25.09. თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-ტორპედო 0:0
დინამო: ლომაია, ველევი, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, უ. ლობჟანიძე, ცინცაძე, კიტეიშვილი (58. პარუნაშვილი), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი (83. ლილუაშვილი).
სათადარიგოები: სკრიბე, თევზაძე, ხუბუტია, ჭელიძე, ზარია
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (75. საღრიშვილი), დოლიძე, ტუღუში (86. ენდელაძე), კვერნაძე (70. კაპანაძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, წილოსანი, ნერგაძე, ბენაშვილი
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: რენე ფერეირა (7), ქიმაძე (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.
VIII ტური. თეთრი ჯგუფი
1 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ჩიხურა
შუქურა-ტორპედო
ცხინვალი-გურია
ლოკომოტივი ისვენებს.
წითელი ჯგუფი
2 ოქტომბერი
საბურთალო-სიონი
სამტრედია-დინამო (ბთ)
კოლხეთი-ზუგდიდი
დილა ისვენებს
ბომბარდირები
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5
ჯ. დვალი (ცხინვალი) 4
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 4.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ერთი ორგანიზმი ვართ და
მხოლოდ ერთიანად შევძლებთ წინსვლას აქ არ შეიძლება საუბარი კერძოდ თბილისელების,ბათუმელების,ზუგდიდელების,თელაველების პატრიოტობაზე ან გულშემატკივრობაზე.მე კახელი ვარ მაგრამ ზეს ტაფონმა ნამდვილი ფეხბურთის თამაში რომ დაიწყო ბავშვივით მიხაროდა და განვიცდიდი როცა ეს გუნდი ძალით დაანგრიეს.მაშინ ინტერნეტი არ მქონდა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ,ძალიან ბევრი იქნებოდა ჩემს მდგომარეობაში.როგორც თქვენ ბრძანეთ,70 წლის ბრძანდებით და ვინ თუ არა თქვენ და თქვენისთანა გამოცდილმა,სტაჟიანმა გულშემატკივრებმა
უნდა დააწყნარონ ეს აღგზნებული საჩხუბრად შემართული ახალგაზრდები,თორემ ქუთაისში კიდევ უარესი იქნება და შეიძლება გამოუსწორებელიც მოხდეს,მე კი როგორც შევძელი,ისე ვცადე სიტუაციის განმუხტვა და თქვენც ამასვე გთხოვთ,ისევე როგორც
სხვა ძველ გულშემატკივრებს.პატივისცემით სოსო.
კარგი იქნება თუ ქუთაისელ ფანებს მიმართავდი პატრიოტული მოწოდებებით. მაშინ უფრო დაგიჯერებ.
თუკი ჩიხურამ არ წააგო დინამოსთან (რაც მე მგონ იარც მოხდება) მაშინ დინამოს მოუწევს სამეულში მოხვედრისთვის გააფთრებული ბრძოლის გადატანა)
ისე კი იმედია რომ ორივე დინამოელები მომავალ ტურში დამარცხდებიან და ამით იმერელთა ჰეგემონია განმტკიცდება ორივე ჯგუფში.
მთელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში დინამო იყო ქვეყნის სახე,დამრტყმელი მარჯვენა და ფაქტობრივი ნაკრები,მაგრამ ტორპედო იყო ის ცაცია,რომელიც კრივში ასრულებს შავ სამუშაოს,ამზადებს სიტუაციას მარჯვენით დამაგვირგვინებელი დარტყმისათვის,ეს ორი ,ერთი მთლიანის ნაწილი იყო და წველა ერთნაირად განვიცდიდით მათ ჭირსა და ლხინს.
ახლა კი რა ხდება,ამას ეძახით გულშემატკივრობას?თქვენ ჯერ ქართველები უნდა იყოთ,და შემდეგ ,ყველაფერი სხვა.დინამოს ვითომ ფანებო,ჩახედეთ1981 წლის დინამოს,გაბელია,კოსტავა,სულაქველიძე,შენგელია ტორპედოში არ დაფრთიანდნენ?
რამდენი კიდევ სხვა მოვიდა დინამოში და რამდენი დინამოდან წავიდა ქუთაისში,ეს ორი გუნდი ერთმანეთის სისხლით ნათესავია და მათი გულშემატკივრის ასე გადამტერება არა მარტო სირცხვილია,არამედ საშიშიც.ქვეყანას ერთიანობა სჭირდება და თქვენ მთელი ენერგიით ცდილობთ მის დანგრევას.თქვენ ყველანი ერთხმად აგინებთ ნაკრებს,ახლა იმაზეც დაფიქრდით,ასეთი განწყობა თუ ნაკრების ფეხბურთელებშიც დამკვიდრდება,რა მოხდება.რა ,აუცილებელია მაინცადამაინც ვინმე დაიღუპოს?არადა თუ ასე გაგრძელდა,როდისმე ეს აუცილებლად მოხდება.მერე გგონიათ ის კონკრეტული მკვლელი იქნება დამნაშავე?არა და არა,თქვენც ისევე იქნებით დამნაშავე,როგორც ის,რადგან თქვენ თესავთ იმას,რასაც შემდეგ დიდი უბედურება მოჰყვება.დაფიქრდით ბიჭებო,დაფიქრდით,სანამ დროა და სიყვარულსა და გულშემატკივრობაში შევეჯიბროთ ერთმანეთს სტადიონზეც და სტადიონს გარეთაც.
პ.ს.1981 წლის 13 მაისის ღამეს,როცა დინამომ თასების მფლობელთა თასის ფინალი მოიგო,საქართველოში არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაული არ მომხდარა.აი ეს არის ფეხბურთი და ნამდვილი გულშემატკივრობა.
თქვენ ჩვენზე მეტი გეთქმით. დინამოს გარშემო რაც ხდება სამარცხვინოა.
ცოტა ხნის წინ თქვენ გაავრცელეთ ინფორმაცია რომ ეთანხმებით დინამოს პოლიტიკას.
გადახედეთ რა ხდება დინამოში.
ეს გუნდი არ არის.
ეს დანაშაულია და თქვენც ნუ გახდებით ამ დანაშაულის თანამონაწილეები.
მე მგონი არც თქვენ მოგწონთ ასეთი დინამო და ვინ გაიძულად რომ დაეთანხმეთ დინამოს პოლიტიკას.