ბოლო ტურში "ჩიხურამ" თბილისში "ცხინვალი" 2:1 დაამარცხა. საჩხერელებმა 3 ქულა დამაჯერებლად, საგრძნობი უპირატესობის წყალობით მოიპოვეს. სოსო ფრუიძის გუნდი ყველა რგოლში კარგად არის დაკომპლექტებული, ფეხბურთელები ერთმანეთში შეთამაშებული არიან და საკმაოდ დინამიკურ ფეხბურთს აჩვენებენ - ცხადია, ეს ყველაფერი საქართველოს დონეზე იგულისხმება.
ბოლო გამარჯვებით, საჩხერელებმა თბილისის "დინამოსთან" უპირატესობა
შესაძლებლობა, რაც ჩემპიონატის დაწყებისას ბევრისთვის დაუჯერებელ ამბავს ჰგავდა, ახლა რეალურს ემსგავსება - დღევანდელი მდგომარეობითა და თამაშის ხარისხით "ჩიხურა" "თეთრი ჯგუფიდან" საჩემპიონო პლეი ოფში მოხვედრის რეალური კანდიდატი ჩანს.
საჩხერელთა მთავარი მწვრთნელი შანსებზე ფრთხილად ლაპარაკობს და მხოლოდ გუნდის მოკრძალებულ გეგმებს ახსენებს...
- პირველი წრე დასრულდა, "ჩიხურა" თავის ჯგუფში ლიდერია. თქვენი აზრით, გააჩნია გუნდს საჩემპიონო რესურსი?
- ჩემპიონატის ფინიშამდე მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი. მაგრამ ახლა "ოქროზე" ლაპარაკი მაინც ნაადრევია. ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა და ჩვენ სწორედ ამისთვის ვემზადებით.
საერთოდ, მიმაჩნია, რომ გუნდი ტიტულის მოსაპოვებლად მზად არის.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- საფუძველი ის წლებია, რომელიც უმაღლეს ლიგაში გავატარეთ, ის პროგრესი, რომელიც გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში განიცადა და თამაშის ხარისხი, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდებოდა.
ამას გარდა, ისიც მაიმედებს, რომ გუნდური გამოცდილებაც შევიძინეთ. წლებია, სტაბილურად და საკმაოდ კარგ დონეზე ვთამაშობთ. წლეულს კი ახალი გუნდი შევკრიბეთ, მაგრამ ბოლო სეზონის შემდეგ ბირთვიც შევინარჩუნებთ, კიდევ უფრო გავძლიერდით და უკვე კარგადაც შევთამაშდით.
სხვათა შორის, სეზონის დაწყებამდე ჩვენს პრეზიდენტს, ნუგზარ დეკანოიძეს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ დრო იყო, სამეულში მოხვედრაზე გვეზრუნა.
- ანუ ჩემპიონობისთვის მზად მაინც არ ხართ?
- არა, ეს არ მითქვამს, მე ვამბობ, რომ ჯერ მხოლოდ სამეულზე ვფიქრობთ. დანარჩენს ჩემპიონატის მსვლელობა გამოაჩენს. ძალიან კარგი იქნება, რაც უფრო მაღალ ადგილს დავიკავებთ. და თუ ოქროს მედლის მოპოვების შანსი გამოჩნდება, კიდევ უკეთესი, ამაზე უარს ხომ არ ვიტყვით?
ჯერ კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი გადასახედიდან, "ჩიხურა" სამეულში მოსახვედრად მზად არის.
- საერთოდ, ფრთხილი რომ ხართ და ტრაბახი არ გჩვევიათ, ეს ცნობილია. მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემპიონობაზე სერიოზულად ფიქრობთ და მეტოქეებს ადუნებთ. წლებია, ხუთეულში მოხვედრაზე საუბრობთ და სამეულში ხვდებით...
- (იცინის) ტრაბახი კაცის საქმე არ არის - ამაში გეთანხმებით. თანაც, ჯერ საქმე უნდა გააკეთო. მე კი რეალობიდან გამოვდივარ და მიზნებზეც აქედან გამომდინარე ვლაპარაკობ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"