"ახლა, ცხრილში მეხუთეზე ვართ, არადა თავისუფლად შეიძლებოდა, მეორე ადგილზე ვყოფილიყავით. ამბიციური ადამიანი ვარ და ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ. ამიტომ, პირველი წრის შედეგით უკმაყოფილო ვარ, რადგან მეტი ქულის მოპოვება შეგვეძლო.
მთლიანობაში, რთული წრე გამოვიარეთ - იყო ტრავმები და ცოტა უიღბლობაც. სახიფათო მომენტებს ვქმნით, თუმცა მის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. მაგალითად, ბათუმის "დინამოსთან" 3 ქულის მოსაპოვებლად ფეხბურთელები მაქსიმალურად
ამავე დროს, მოწინააღმდეგეები ნაკლებ საგოლე შანსებს მაქსიმალურად იყენებენ. მაგალითად, "ზუგდიდთან" 8-9 მომენტიდან ერთიც ვერ გამოვიყენეთ. ხოლო მეტოქემ ორი მომენტიდან ერთი გოლად აქცია და დაგვამარცხა. საგოლე ეპიზოდების გამოყენებაზე ბევრს ვმუშაობთ, თუმცა ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
მაგრამ მჯერა მომავალში "საბურთალოსაც" გაუმართლებს. იღბალი ხომ ფეხბურთშიც დიდ როლს თამაშობს და ცხოვრებაშიც. ამ ნაკლის გამოსწორებას მეორე წრეში ვეცდებით და მჯერა, დარჩენილ 6 მატჩში მეტ ქულას ავიღებთ, უკეთ ავთამაშდებით და შესაძლებლობებს სრულად წარმოვაჩენთ", - ამბობს პაბლო ფრანკო მარტინი.
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა არასასურველი შედეგის ერთ-ერთ მიზეზად შეუთამაშებლობაც დაასახელა:
"გარკვეულწილად, იმანაც იმოქმედა, რომ 4 უცხოელი ფეხბურთელი გვიან შემოგვიერთდა: ერთი ბრაზილიელია, სამი კი - ესპანელი. უცხოელისთვის ახალ გარემოსთან შეგუება ადვილი არ არის და ეს დროს მოითხოვს.
ელვინ ტერას მაგალითს მოვიყვან - წელიწადზე მეტია, რაც ის "საბურთალოში" ირიცხება. როცა აქ მუშაობა დავიწყე, იდეალურ ფორმაში არ იყო და გუნდთან შესაგუებლად 6 თვე დასჭირდა, დღეს კი ერთ-ერთი საუკეთესოა.
ახალწვეულების ათამაშებასაც იგივე პერიოდი რომ დაველოდოთ, ჩემპიონატი მორჩება. ყველაზე ადრე "საბურთალოს" კარასკო შემოუერთდა, შემდეგ - ფრანცისკო გარსია პენა. ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, სანტი ხარა და ვაგნერი დაგვემატნენ. იმედი მაქვს, ისინი მეორე წრეში უკეთ ათამაშდებიან".
პაბლო ფრანკომ მოწინააღმდეგეებიც შეაფასა და უხარისხო მოედნებიც ახსენა:
"კარგად დაბალანსებული და სტაბილურია "სამტრედია". ძლიერი გუნდები არიან ბათუმის "დინამო" და "დილა". "სიონს" ჩემპიონატის სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა თამაშს ყოველი მატჩის შემდეგ აუმჯობესებს.
"საბურთალო" ცუდად არც ერთ მატჩში არ გამოიყურებოდა. იმ აზრსაც ვერ დავეთანხმები, რომ საკუთარ მოედანზე უკეთ ვთამაშობთ. გასვლაზეც კარგად ვასპარეზობთ, უბრალოდ, არის მოედნები, სადაც ბურთის გაგორება და კომბინაციური ფეხბურთის თამაში ჭირს. "საბურთალო" ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ჩვენი მთავარი კოზირი ბურთზე კონტროლია.
"კოლხეთთან" პენალტით წავაგეთ, ფოთში საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ბოლნისსა და ზუგდიდში ნორმალურ მინდვრებზე ვითამაშეთ, "სიონს" მოვუგეთ, "ზუგდიდთან" კი დავმარცხდით, მაგრამ კარგ მინდორზე ყოველთვის საინტერესო ფეხბურთს ვთამაშობთ.
რომელი ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია? ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ რეალისტიც გახლავართ - "ზუგდიდთან" ან ბათუმის "დინამოსთან" ერთი გოლი რომ გაგვეტანა, მესამე ადგილზე ვიქნებოდით. ამჟამინდელი პოზიცია კი რეალობას არ შეესაბამება. ახლა, მეორე-მესამე ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"