ადრეც ვთქვით - ეს ზესწრაფი ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ნათელი წერტილია. ძნელია ლიგაში მოძებნო მსგავსი შრომისმოყვარე და აქტიური მოთამაშე, რომელიც მოედანზე 90 წუთის განმავლობაში არ ჩერდება, დაცვასაც ეხმარება, შეტევასაც და თითქმის ყველა იერიშს ამწვავებს. მაგრამ ის ცაში არ დაფრინავს, საკუთარ ნაკლს ამჩნევს და მიიჩნევს, რომ სასურველ
"საერთოდ, ახალ გუნდთან შეგუება ყოველთვის ძნელია, მე კი "ჩიხურას" თავიდანვე უპრობლემოდ შევეწყვე. ეს მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დამსახურებაა, რადგან ნდობას და თანადგომას ვგრძნობდი და ყველაფერში მეხმარებოდნენ.
თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში ვარ და შესაძლებლობების 100 პროცენტს ვავლენ, მაგრამ ვგრძნობ, მეტი შემიძლია", - ამბობს ლობჟანიძე.
მისივე თქმით, "ჩიხურას" საკმაოდ კარგი საჩემპიონო შანსი აქვს:
"ბოლო ტურში მოგება ჰაერივით გვჭირდებოდა და კარგია, რომ "ცხინვალთან" 3 ქულა მოვიპოვეთ, კონკურენტებს უფრო დიდი სხვაობით გავუსწარით.
სხვათა შორის, გუნდში რომ მოვედი და მოთამაშეებს გადავხედე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავდა და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეგვეძლო. გადაჭრით იმის თქმა, რომ ჩემპიონები გავხდებით, არასწორი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ საამისო პოტენციალი გაგვაჩნია და ბრძოლაც შეგვიძლია. მით უფრო, ხედავთ, რომ ცხრილშიც პირველ ადგილზე ვართ.
ბევრი რამ მეორე წრის პირველ თამაშში გადაწყდება, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თბილისში, "დინამოსთან" გავმართავთ. საწყენი ისაა, რომ ამ მატჩს გამოვტოვებ, რადგან საჩხერეში იჯარით ვთამაშობ, ჩემი ტრანსფერი კი "დინამოს" ეკუთვნის და საიჯარო ხელშეკრულებით, მის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ მაქვს".
დავინტერესდით, ლობჟანიძეს თბილისის "დინამოში" დაბრუნება ხომ არ შესთავაზეს და უცხოეთში წასვლის შანსი თუ ჰქონდა:
"დინამოში" დაბრუნებაზე ჯერ არავის არაფერი უთქვამს. უცხოურ ვარიანტებს რაც შეეხება, მითხრეს, რომ ევროპის ლიგაზე მოლდოვურ "ზიმბრუსთან" მატჩის შემდეგ ჩემით ერთ-ერთი თურქული კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერი ისმის და ტრანსფერზე ლაპარაკი ნაადრევია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"