დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2 - დიდი ნაბიჯი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოსო ფრუიძე საჩხერის "ჩიხურას" 2008 წლიდან წვრთნის და პირველი ლიგის გუნდი უმაღლესში არა მხოლოდ დააწინაურა, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ანგარიშგასაწევ ძალადაც აქცია: საჩხერელებმა მოიპოვეს საქართველოს სუპერთასი, ხოლო ორჯერ - ევროთასებზე გამოსვლის უფლება.

ამ 8 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გუნდი ფრუიძემ სწორედ ახლა ჩამოაყალიბა და პროვინციული კრებული ეროვნული მასშტაბის ლიდერად გაზარდა. ეს ფაქტიც მეტყველებს, რომ გუნდის ფეხზე დასაყენებლად მწვრთნელსა და გუნდს სტაბილური სამუშაო გარემო სჭირდებათ.

საპირისპირო მაგალითია თბილისის "დინამო", რომელიც "ჩიხურაზე" ბევრად სოლიდური კლუბია, უკეთესი სავარჯიშო და ფინანსური პირობები აქვს და ძლიერი
შემადგენლობა ჰყავს (რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების წევრია), მაგრამ ბოლო ორ წელიწადში 4 მწვრთნელი გამოიცვალა და ეს არასტაბილურობა, პირველ რიგში, გუნდზე აისახება.

ფაქტია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში "დინამო" სულ უფრო ცუდად თამაშობს - ბოლო გამარჯვება 21 აგვისტოთი (გასვლაზე "ცხინვალთან" 4:2) თარიღდება. ამის შემდეგ კი თბილისელები სამ მატჩში მხოლოდ 2 ქულას დასჯერდნენ.

რა ხდება "დინამოს" კულისებში, ეს უცნობია, მაგრამ შაბათს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გუნდი სერიოზულ კრიზისშია. გუნდი მოედანზე პირველად გაიყვანა მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა თამაზ სამხარაძემ, მაგრამ "დინამოს" ვერც "ახალმა ცოცხმა" უშველა.

მატჩი დინამოელთათვის არასასიამოვნოდ დაიწყო - უკვე მე-4 წუთზე დენის დობროვოლსკის მიერ წამოწყებული შეტევა დიმიტრი ტატანაშვილმა ფლანგზე გიორგი კორიფაძეს გაუგრძელა, რომელმაც ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ერთი შეხებით ჩააწოდა და მცველებისგან გათავისუფლებულმა ირაკლი ლექვთაძემ თავურით გახსნა ანგარიში - 0:1.

ამ ეპიზოდში "დინამოს" ცენტრალურ მცველებს აშკარად ჩაეძინათ.

გოლის შემდეგ მასპინძელი გააქტიურდა და ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ მასპინძლებმა ბევრი რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს, ისინი სტუმრებს მხოლოდ აწუხებდნენ. მაგალითად, გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოსთან ორი მცველი ჩამოიტოვა და კარში ძლიერად დაარტყა - ბურთს მეკარე დინო ჰამზიჩი გადაეღობა.

მერე ახლო მანძილიდან გიორგი თევზაძემ "გაისროლა" და მეკარემ ბურთი ამჯერად კუთხურზე მოიგერია. ასევე უშედეგოდ დასრულდა ზაზა ჭელიძის შეტევა.

34-ე წუთზე "დინამომ" ანგარიში მაინც გაათანაბრა, რაშიც მას ხელი საჩხერელთა მცველმა შეუწყო, ამ უკანასკნელს კი - მოედანმა. მარჯვენა ფრთიდან უჩა ლობჟანიძის მიერ ჩაწოდებული ბურთის მოგერიებისას გიორგი რეხვიაშვილს ფეხი დაუსრიალდა და ლადო დვალიშვილმა ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 1:1.

თბილისელებმა გააგრძელეს ზეწოლა და ჰამზიჩის შეცდომით სარგებლობაც შეეძლოთ: საჩხერელთა მეკარემ საკუთარ საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილის მოტყუება გადაწყვიტა და ბურთი დაკარგა, მაგრამ დინამოელმა მახვილი კუთხიდან გატანა ვერ მოახერხა.

შედეგი ვერც თევზაძის მორიგმა შორეულმა დარტყმამ გამოიღო. საჩხერელები დაცვიდან თამაშობდნენ, კონტრშეტევებს საკმაოდ სწრაფად ავითარებდნენ და მასპინძელთა მცველებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

ტაიმის ბოლოს "ჩიხურა" ისევ დაწინაურდა: მარჯვენა ფლანგზე მიხეილ სარდალიშვილი ორ მცველს გასცდა და საჯარიმოს ხაზთან ბურთი გიორგი ივანიშვილს გადააწოდა, რომელმაც ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 1:2.

მეორე ნახევარი ისევ თბილისელთა შეტევებით დაიწყო, მაგრამ კარის აღება ვერა და ვერ მოახერხეს: ახლო მანძილიდან პაპუნაშვილმა არაზუსტად დაარტყა, ისევ შორიდან სცადა ბედი თევზაძემ...

საჩხერელები კი არ ჩერდებოდნენ. საჯარიმოს ხაზიდან ტატანაშვილმა მიზანს მცირე მანძილით ააცილა. ერთ წუთში ლექვთაძემ ფლანგიდან საჯარიმოში მცველებისგან გათავისუფლებული ივანიშვილი მოძებნა, რომელსაც მეკარე გიორგი ლომაია გადაეღობა და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

გავიდა რამდენიმე წუთი და კორიფაძის გადაცემას ძელთან რეხვიაშვილი კეტავდა, მაგრამ ბურთს ვერ მიუსწრო.

დრო იწურებოდა, "დინამო" უფრო მონდომებით ათამაშდა, მაგრამ უკბილოდ უტევდა და რეალურად მწვავე მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. უშედეგოდ დასრულდა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ლაშა პარუნაშვილის შეტევებიც.

თავის მხრივ, ლომაია თამაშში კიდევ ერთხელ ჩაერთო, როცა შორიდან გიორგი განუგრავამ დაურტყა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ბოლო წუთებში, დინამოელებმა საჩხერელთა კარზე შტურმის მოწყობაც ვერ მოახერხეს და ლოგიკურიც არის, რომ დამარცხდნენ.

სასიხარულოა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში "ჩიხურა" გაძლიერდა, რაც სხვა რეგიონების გუნდებისთვისაც მაგალითი გახდება - ქართულ ფეხბურთს კი სწორედ ეს სჭირდება. ამ მოგებით კი საჩხერელებმა უშუალო კონკურენტთან უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს და ტურნირის დასრულებამდე 5 ტურით ადრე საჩემპიონო პლეი ოფში თამაშის შანსი საგრძნობლად გაიზარდეს.

მეორე მხრივ, "დინამო" ოქროს მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს უფრო და უფრო ჩამოშორდა - საწყენი ისაა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უფერულად რომ გამოიყურება - გუნდი, რომელსაც, ერთი შეხედვით, წარმატებისთვის ყველაფერი აქვს.

მატჩის შემდეგ
სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მწვრთნელი):
"თამაშის წინ ბიჭებს გარკვევით ვუთხარი - ამ სეზონში წარმატების მიღწევას თუ ვაპირებთ, მაშინ უშუალო კონკურენტთან მატჩი უნდა მოვიგოთ-მეთქი. მათ დავალებები ჩინებულად შეასრულეს და, რაც მთავარია, თავდადებით ითამაშეს, ყველა ბურთისთვის იბრძოდნენ და ამისთვის მათ მადლობა უნდა ვუთხრა.

დღეს ჩვენ ეპიზოდურად კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და არც ისაა დასამალი, რომ უხეში შეცდომებით ვისარგებლეთ. საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებული ვარ".

თამაზ სამხარაძე ("დინამოს" მწვრთნელი):
"მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ, "დინამოს" გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდი. ამის შემდეგ 2-კვირიანი პაუზა გვაქვს და ვეცდებით, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ჩემპიონატში 5 შეხვედრა დაგვრჩა და შემადგენლობაში რადიკალურ ცვლილებებს ვერ განვახორციელებთ, მაგრამ ვეცდებით, ყველა ამ შეხვედრაში მაქსიმალური თავდადებით ვიბრძოლოთ".

უმაღლესი ლიგა. VIII ტური. "თეთრი ჯგუფი"
01.10. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2
გოლები: 0:1 ლექვთაძე (4. კორიფაძის პასით), 1:1 დვალიშვილი (34), 1:2 ივანიშვილი (40. სარდალიშვილის პასით)
დინამო: ლომაია, უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ჭელიძე, გ. თევზაძე, მ. ცინცაძე (66. ველევი), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (64. ჯიღაური), დვალიშვილი (73. ლილუაშვილი).
სათადარიგოები: ისიანი, ზარია, კირკიტაძე, ხუბუტია
მწვრთნელი: თამაზ სამხარაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, სარდალიშვილი (87. დეკანოიძე), კორიფაძე, დობროვოლსკი, ლექვთაძე (77. გაბედავა), ტატანაშვილი, ივანიშვილი (82. გორგიაშვილი).
სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, გვალია, კაკუბავა
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილებები: უ. ლობჟანიძე (65), ჭანტურიშვილი (68), რეხვიაშვილი (68), პაპუნაშვილი (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომტევნო ტური
"თეთრი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
ჩიხურა-შუქურა
გურია-დინამო (თბ)
ტორპედო-ლოკომოტივი

"წითელი ჯგუფი"
15 ოქტომბერი
სიონი-სამტრედია
დინამო (ბთ)-კოლხეთი

16 ოქტომბერი
ზუგდიდი-დილა

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
თ. შონია (დინამო, ბთ) 5
ზივზივაძე (სამტრედია) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
დინამო უკვე იმ დონეზე დაიყვანეს, საქართველოს ჩემპიონატში საკუთარ მოედანზეც აგებს. მართლა ზედმეტია რაიმე კომენტარი.
0
ერთმა მკვდარმა მეორე მკვდარს მოუგო და ისევ მკვდრებად დარჩნენ,, რაო გადასანსლა მკვდარმა ქართულმა ფეხბურთმა 250 მილიონი?
Davit
12:56 03-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული