ტორპედო-ლოკომოტივი 3:0 - ის, რასაც "ტორპედოსგან" ელიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედოსთვის" "ლოკომოტივთან" მატჩი სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. კახა ჩხეტიანის გუნდს "თეთრი ჯგუფის" ფსკერიდან თავის დასაღწევად 3 ქულის მოპოვება ჰაერივით სჭირდებოდა.

გამოჩნდა, რომ ამ პრინციპული შეხვედრისთვის მოსამზადებლად "ტორპედომ" სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა, საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ "ლოკომოტივს" ყველა კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ქუთაისელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს მატჩის სადავეები და მეტოქე წნეხში მოაქციეს. ოლეგ მამასახლისმა და გუგა ფალავანდიშვილმა მოედნის ცენტრში თბილისელებს გასაქანი არ მისცეს, ქუთაისელთა საყრდენი ნახევარმცველები დიდ სამუშაოს ასრულებდნენ და შეტევაშიც აგრესიულად გადადიოდნენ.

აქტიურობდნენ მასპინძელთა ფლანგებიც. თავიდან მარჯვენა ფრთა
უფრო პროდუქტიული იყო, სადაც ვაჟა ტაბატაძე და გრიგოლ დოლიძე თბილისელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. შემდეგ იგივე ვითარება შეიქმნა მარცხენა ფლანგზეც, საიდანაც გიორგი ქიმაძე და ბექა ტუღუში მწვავე იერიშებს ავითარებდნენ.

სასარგებლოდ ირჯებოდა "ტორპედოს" ვეტერანი ნახევარმცველი შოთა ბაბუნაშვილიც. აქვე უნდა ვთქვათ, რომ "ლოკომოტივს" დისკვალიფიკაციის გამო დაცვის ხაზში ძირითადის ორი მოთამაშე - გიორგი ხიდეშელი და გიორგი გაბაძე აკლდა, რაც სერიოზული მინუსი აღმოჩნდა. ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდმა დაცვაში ძალზე სუსტად ითამაშა, თუმცა სხვა პოზიციებზეც არ ბრწყინავდა და შეხვედრა ისე ჩაამთავრა, საგოლე მომენტიც ვერ შექმნა.

ქუთაისელების მონდომებამ და აქტიურმა თამაშმა კი შედეგი დებიუტშივე გამოიღო. დოლიძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა, რამდენიმე მეურვე ჩამოიშორა და მეკარის საჯარიმოსთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც თორნიკე კაპანაძემ ბურთს ვერ მიუსწრო, თუმცა შეტევა გაგრძელდა, სტუმართა საჯარიმოში მამასახლისი შეიჭრა და ნიკა ჭანტურიამ მხოლოდ წესების დარღვევით მოახერხა მისი შეჩერება. დავით ხარიტონიშვილმა ხელი პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა. 11-მეტრიანი თავად დაზარალებულმა შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა.

გოლის შემდეგ ტემპი დავარდა, "ტორპედო" უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, თუმცა საქმე კარში დარტყმამდე არ მიდიოდა. შემდეგ ქუთაისელებმა ისევ ჩართეს სიჩქარეები. 32-ე წუთზე ტუღუშმა ითამაშა კარგად, მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში შეჭრილ ქიმაძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა, ამან კი ჭანტურია ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და კარშიც დაარტყამდა, მაგრამ სტუმართა მცველმა მეტოქე ისევ წესების დარღვევით შეაჩერა. პენალტი ამჯერადაც მამასახლისმა გაიტანა და დუბლიც გაიფორმა.

"ლოკომოტივის" თავკაცმა ნაადრევი ცვლილებით სცადა მდგომარეობის გამოსწორება. რევაზ ჩიტეიშვილის ნაცვლად მან მოედანზე დავით სამურკასოვი შეუშვა, რომელმაც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიკავა ადგილი, ირაკლი კლიმიაშვილმა კი უკან დაიხია და მარჯვენა მცველის ფუნქციებს ასრულებდა.

ამ გადაადგილებამ "ლოკომოტივს" ხეირი ვერ მოუტანა. ქუთაისელები კვლავ უკეთ თამაშობდნენ და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ კაპანაძესა და ქიმაძეს - პირველმა ტაბატაძის გადაცემა ვერ გამოიყენა, ხოლო მეორეს ზედიზედ ორი, ერთმანეთზე უკეთესი მომენტები გაუცუდდა და "ლოკომოტივი" აშკარა გოლებს გადაურჩა.

ქუთაისელებმა მეორე ნახევარიც აქტიურად დაიწყეს. ფალავანდიშვილმა მცველებს ბურთი "მოჰპარა", მეკარესთან პირისპირ გავიდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა.

მარცხენა ფლანგზე კვლავ აქტიური იყო ქიმაძე. მისი რამდენიმე სახიფათო ჩაწოდება თანაგუნდელებმა შესაბამისად ვერ დააგვირგვინეს, მაგრამ აქტიურობა მაინც დაუფასდა - მისი მორიგი ჩაწოდების შემდეგ გიორგი გეთიაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "ტორპედო" არ ჩერდებოდა. კაპანაძის სახიფათო დარტყმა რევაზ თევდორაძემ მოიგერია. ქუთაისელები მხოლოდ ბოლო წუთებზე მოეშვნენ, მაგრამ "ლოკომოტივმა" ღირებული მაინც ვერაფერი შექმნა.

ამ გამარჯვებით "ტორპედომ" სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და "ჩიხურასთან" მნიშვნელოვანი მატჩის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

უმაღლესი ლიგა. IX ტური. თეთრი ჯგუფი
15.10. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-ლოკომოტივი 3:0
გოლები: 1:0 მამასახლისი (14-პენ), 2:0 მამასახლისი (33-პენ), 3:0 გეთიაშვილი (62-საკ. კარში)
ტორპედო: კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - დოლიძე (78. კვერნაძე), ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ტუღუში (84. ბენაშვილი) - ბაბუნაშვილი (67. საღრიშვილი) - კაპანაძე.
სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ნერგაძე, მესხი, ბრეგვაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ლოკომოტივი: თევდორაძე - ჩიტეიშვილი (39. სამურკასოვი), ჭანტურია, გეთიაშვილი, ფოფხაძე - ზარანდია (70. ჩაგელიშვილი), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, უბილავა - ცხადაძე, დიასამიძე (56. გავაშელიშვილი).
სათადარიგოები: კუპატაძე, კიკაბიძე, ქიქავა, მახარაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი
გაფრთხილება: ჭანტურია (15), კაპანაძე (22), კლიმიაშვილი (39), ფალავანდიშვილი (44), ზარანდია (60)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

მომდევნო ტური
თეთრი ჯგუფი
22 ოქტომბერი
შუქურა-გურია

23 ოქტომბერი
დინამო (თბ)-ცხინვალი
ლოკომოტივი-ჩიხურა

წითელი ჯგუფი
22 ოქტომბერი
დილა-დინამო (ბთ)

23 ოქტომბერი
კოლხეთი-სიონი
სამტრედია-საბურთალო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ცხინვალი) 7
ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 6
ბ. ზივზიძაძე (სამტრედია) 6
თ. შონია (დინამო ბთ) 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
წაგება წაგებაა მაგრამ ასეთი? გუნდს მთელი თამაშის განმავლობაში ერთხელ არ დაურტყამს კარში. კარში დარტყმას რომ თავი დავანებოთ ტორპედოს საჯარიმოს სიახლოვეს კი არა მოედნის ცენტრიც არ გაუკეთებიათ გააზრებული კომბინაცია. ტორპედოს კიდე მინიმუმ სამი გოლი უნდა გაეტანა.
lelo
19:58 17-10-2016
0
საღოლ ტორპედო დაეტყო გინდს ჩხეტოს ხელი
ლევანიივანეიშვილი
16:40 17-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული